Category: არქივი

  • ელექტრო სიგარეტების უაქციზო შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

    ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი გამოიკითხება

    დავით  ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის საქმეზე ტელეწამყვანს და მსახიობს შორენა ბეგაშვილს დაკითხავენ.  ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    „დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარ­კვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.

    ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ – განაცხადა ელისო რუხაძემ.

    შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად მუხრანელის ადვოკატმა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ადვოკატმა ასევე განაცხადა რომ დავით ბაგრატიონი პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის დამამცირებელია.

  • ბიძინა ივანიშვილის წერილი 9 აპრილთან დაკავშირებით

    “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი  9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით  წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.

    საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.

    1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენლმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.

    ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

    დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:

    ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.

    2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.

    ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია – თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთგატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.

    მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ნგრევის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის, ყოველგვარი რევოლუციური სცენარების გარეშე, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში მოვახდენდით ემოციური მუხტისა და რაციონალიზმის იდეალურ შერწყმას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით – ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    მაგრამ მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება:

    როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

    ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა – საკუთარ თავში.

    პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.

    მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

    ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.

    წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული.

    9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!”, – აღნიშნულია წერილში.

  • ბათუმის კლუბებში ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

    შსს-ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა კლუბებში ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს” –  ნათქვამია  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ძაღლებივით დამესივნენ”-ბერი ამბობს რომ 14-მა სასულიერო პირმა სცემა

    ბერი გაბრიელი რუსთავის ეპარქიის 14 სასულიერო პირს ცემაში ადანაშაულებს. “იმედის კვირაში” გასული სიუჟეტის მიხედვით, ბერსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება სოციალური ქსელის ნიადაგზე დაიწყო.

    23 მარტს მამა გაბრიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ფეისბუქის  ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა.
    იმედის, ინფორმაციით, ამის შემდეგ,  ბერი  14-მა სასულიერო პირმა დაიბარა.

    “სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-მდე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, მათ სახეებსაც ვერ ვხედავდი”, —  დაწერა ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

    იმედთან საუბარში თვითმხილველის მონათხრობით, რომ მეუფის სატრაპეზოდან ხმაური ისმოდა, შემდეგ კი  მამა გაბრიელი ორმა სასულიერო პირმა შენობიდან გამოიყვანა.

    თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ბერი სასულიერო პირებს კოჭების დახვრეტით დაემუქრა.

    მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ბერი გაბრიელი შეხვედრაზე მთვრალი მივიდა და მათთან ჭიდაობა დაიწყო. მისივე თქმით, ბერი არავის უცემია,  თვითონ წაიქცა. 

    ბერი მიტროპოლიტის საპასუხოდ უარყოფს მეუფე იოანეს ნათქვამს და სიმთვრალის ფაქტს.

    ბერი გაბრიელი რუსთავის წმ. პეტრე-პავლის სახელობის მონასტერში 8 თვე მსახურობდა. მას რუსთავის ეპარქია 27 მარტს დაატოვებინეს.

  • დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება

    დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

    რამდენიმე საათში გადაწყდება, დასჭირდება თუ არა 21 წლის მამაკაცს ქირურგიული ჩარევა.

    21 წლის გიორგი ხოშტარია სწორედ იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა. მას 35 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

    „ამ ეტაპზე შოკიდან პრაქტიკულად გამოსულია, გადადის გეგმიურ მკურნალობაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ქირურგიულ ჩარევას, ეს გადაწყდება შემდგომ შეფასებაში ქირურგების მიერ. ამ ეტაპზე პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. ჩივილები დაზიანების შესაბამისად, რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს,“-განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

    აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანია დაშავებული,მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. დაშავებულებს ძირითადად ტვინის შერყევა და სხეულზე ტრავმები  აღენიშნებათ.

  • სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს დღეს კენჭს ხელახლა უყრიან

    კანონპროექტს, რომელიც სკოლის  გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს კენჭს თავიდან უყრიან.

    კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომლის გამართვის თაობაზე აქტი პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია.

    შეგახსენებთ რომ 5 აპრილს პარლამენტმა სკოლის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი   მესამე მოსმენით ჩააგდო, მიზეზი გაუგებრობა იყო, რომელიც სავარაუდოდ, აკუსტიკის პრობლემით ან დეპუტატების მეირ ღილაკების არევით იყო გამოწვეული.

    პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები ე.წ. კატის გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის   უგამოცდოდ გაცემას გულისხმობს.

  • “ზუგდიდიდან ვიწყებთ ბოროტების დამარცხებას“–სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის რგოლი ვრცელდება

    სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის 2 წუთიანი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, რომელშიც ზუგდიდის მერობის კანდიდატი საქართველოს პრობლემებზე, ხელისუფლებაზე და საკუთარ გეგმებზე საუბრობს. “დღეს საქართველოს უჭირს, დღეს საქართველო გადასარჩენია. დავიწყოთ ზუგდიდიდან. 19 მაისს ზუგდიდში ჩვენ დავიწყებთ ბოროტების დამარცხებას. “ – ამბობს კლიპში სანდრა რულოვსი.

    მისი სარეკლამო რგოლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზ მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა. „საარჩევნოდ ივანიშვილს უცებ ზვიადი შეუყვარდა,კალაძე კალია გახდა,დედოფლისწყაროს კლანის წარმომადგენელმა ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიარულს მოუხშირა,სანდრასთვის კი ეს დღეს არ დაწყებულა-ის და სამეგრელო,ის და ზუგდიდი არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია.თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი,და,თუ არა,ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში“ – წერს სააკაშვილი.

  • სანდრა რულოვსი ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახში მივიდა

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა. რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად სანდრა რულოვსი იმ მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს.

    სანდრა რულოვსმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა.

    „თავისი თხილის პლანტაციის ბოლოში იჯდა, თევზაობდა თავისთვის და წაყვანა რუსმა ოკუპანტმა. როგორც ვიცით, ახლა არის დაკავებული და ელოდებიან ამბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნება… მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ზომებს მივიღებთ. ძალიან მაინტერესებს, რა ზომებია ეს. იმიტომ რომ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩვენ კარგად გვაქვს ურთიერთობა დალაგებული. თუ ასე კარგად აქვთ დალაგებული, გელა რატომ არ არის სახლში,“ – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

    როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი.