Category: არქივი

  • ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკისთვის ფულის გამომძალველი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

    კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

    პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

    გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აქცია კანცელარიასთან – ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტები ახალ რეგულაციას აპროტესტებენ

    მთავრობის ადმინისტრაციასთან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების აქცია გაიმართა.

    აქციის მონაწილეები იმ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით  1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. კანონი  ეხება ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტებსაც.

    აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათთვის, ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს – მარიხუანას, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

    შეგახსენებთ, რომ 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

  • საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

    ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა.

    „მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ფოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში”, – განაცხადა  ბახტაძემ.

    მისი თქმით, წარმოების  50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი  იქნება ექსპორტზე გატანილი, ევროკავშირში.

    „ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული, წარწერით made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან. ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი ავტომობილები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა, რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო. მე მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს“, – განაცხადა ბახტაძემ.

  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქო  12 მაისს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

    ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე „ქართლის ცხოვრება” გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

    ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

    ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

    წილხვდომილობა – ქვეყნის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი

    2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ღვთისმშობელმა განაპირობა არა მარტო ჩვენი სულიერება, არამედ ასევე შგვაძლებინა შეგვექმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურა, აგვეშენებინა და გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

    ღვთისმშობლის შეწევნა ისევე როგორც წარსულში, დღესაც უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისა. ზეციური დედოფლის წყალობით აღდგა და ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა.

    სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს პროცესი ათეისტური ძალადობის შედეგად დაზიანებული ეროვნული ცნობიერების გაჯანსაღებისა.

    ეროვნულ თვითმყოფადობასთან გაუცხოება, რასაც გლოვობდა ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლო საუკუნეების ყველა ღირსეული მამულიშვილი, არის მთავარი მიზეზი თანამედროვე საზოგადოების გათითოკაცებისა, უდიდესი სულიერი და ეროვნული ფასეულობების მქონე ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციის დეფიციტისა. მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული.

    ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა სულიერი და ინტელექტუალური ძალების ერთიანობაში ჩამოყალიბდა და საუკუნეების მანძილზე ერთ მთლიან სამწყსოდ კრავდა ჩვენს ერს. დღეს ეს საძირკველი შერყეულია, ერთობა დარღვეულია; მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე დაფუძნებულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

    სწორედ ღვთაებრივ ნებასა და ენერგიებთან ადამიანურის შეერთების ანუ სინერგიული კავშირის აღდგენის მიზნით დააფუძნა უწმინდესმა სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ელიას მთაზე სამების ლავრაში. ასევე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ისეთი მუზეუმი, რომელიც შესთავაზებს ჩვენ საზოგადოებას ფასეულობით განათლებას, ანუ ისეთ ცოდნას, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით იქნება შემუშავებული; ცოდნას, რომელიც არა მარტო წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სულიერ მნიშვნელობას, არამედ თავად იქნება ნაყოფი სარწმუნოებისა და მეცნიერების, სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობისა. სამების ლავრისა და ღვთისმშობლის სავანის გარშემო გაერთიანებით საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი მონაწილე ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის პროცესისა.

    წილხვდომილობა – სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის საფუძველი

    საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა შემწყნარებლობის ანუ ტოლერანტობის მაღალი კულტურა. ღვთისმშობლის წყალობით ამ სათნოებამ ჩვენს ერში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განახლება ყველა სხვა სათნოებებთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში აღადგენს ასევე შემწყნარებლობის მდიდარ ტრადიციას. ეს იქნება სასარგებლო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ტოლერანტობის სერიოზული დეფიციტის მქონე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

    ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ვითარცა ქვეყნის იდენტობისა და უსაფრთხოების აღმნიშვნელი თარიღი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის სახალხო დღესასწაულის ხასიათს შეიძენს.

    საქართველოს მოსახლეობის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის როგორც ქვეყნის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებლის გაცნობიერება გახდება საწინდარი სამოქალაქო თანხმობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

    წილხვდომილობა – პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა

    ღვთისმშობლის მფარველობა არ ნიშნავს ჩვენს პრივილეგიას სხვა ერებთან შედარებით. უფალი ყოველ ერს მისი ჯვრის შესაბამის ძალას ანიჭებს. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იმპერიებისა და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაუსრულებელი აგრესიის პირობებში ცხოვრობდა.

    ღვთისმშობლის მფარველობა რომ არა, გამუდმებით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე მყოფი ჩვენი ხალხი ვერ გაუძლებდა ამდენ სისხლისღვრასა და ტანჯვა–წამებას.

    ის ვინც საქართველოსადმი ღვთისმშობლის გამორჩეულ წყალობას ერის პრივილეგიად მიიჩნევს, ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. პრივილეგიის განცდა ერის უპირობო გადარჩენის ცრუ–რწმენას ბადებს, რაც თავის მხრივ იწვევს ამპარტავანებასა და სიფხიზლის მოდუნებას.

    ღვთისმშობლის შეწევნა არის უდიდესი ძალა ჩვენი ერისა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წყალობა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ჩვენში კეთილ ნაყოფს, როდესაც საზოგადოება იქნება ერთგული ჭეშმარიტი მრწამსისა და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა.

    ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც პასუხისმგებლობის განცდა, განაპირობებდა ჩვენს ეროვნულ აღმავლობას და პირიქით, ამ გამორჩეული წყალობის პრივილეგიად მიჩნევა იწვევდა განსაცდელების გამრავლებასა და საზოგადოებაში სულიერი დაკნინების პროცესის დაწყებას.

    ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა უპირველესად ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. თავდაპირველი მისია ღვთისმშობლისა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზეციურმა დედოფალმა ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით მოციქულთასწორი წმინდა ნინო. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში იმთავითვე აისახა ქრისტიანობის მოწამეობრივი გზა საქართველოში.

    წელს ჩვენი ერი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ორი წმინდანის მეოხებით ქრისტანობის საქართველოში შემოსვლას. ანდრია პირველწოდებულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს, 12 მაისს, ჩვენი ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებით ჩვენ ფაქტიურად აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის დასაბამიდან 2000 წელს. მეტად სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ზეიმს ღვთის განგებით დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი.

    საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის ჟამს ღვთის მიერ გარდამოვლენილი კურთხევის განახლებას. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის მადლი გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. ამ კურთხევის განახლება შესაძლებელია გახდეს გვირგვინი უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქართლის მეორედ მოქცევისა.

    დღეს, როდესაც ჩვენი ერი მძიმე სულიერი კრიზისის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღვთისმშობლისადმი საყოველთაო თაყვანისცემის ტრადიციის აღდგენას, რამეთუ ზეციური დედოფალი ბრძანდება ჩვენი ღვთივდადგენილი განმანათლებელი და წინამძღვარი სულიერი ამაღლების გზაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება. ამავე მიზნით შენდება ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე.

    ვევედროთ უფალს, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქული ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შეწევნით 2019 წელი საქართველოსათვის გახდეს დასაბამი უპირველესად სულიერი, ხოლო შემდგომ ტერიტორიული გამთლიანებისა“

  • ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დაეთანხმება საქართველოს ნატო-ში კვიპროსის ვარიანტში მიღებას ხდება სამშობლოს მოღალატე – ბურჯანაძე

    დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასება, რომ ნატოს შეუძლია- საქართველოსთან მიმართებით ე.წ. კვიპროსის მოდელი გამოიყენოს- სახიფათოა. ბურჯანაძე თვლის, რომ ნატოში მსგავსი მოდელით გაწევრიანება -ქვეყნის გაყოფას და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საბოლოო უარის თქმას ნიშნავს. 

    „აბსოლუტურად აღშფოთებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად გააკეთა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რასმუსენმა, სადაც შემოგვთავაზა ასეთი სქემა, რომ, როგორც ევროკავშირმა მიიღო გაყოფილი კვიპროსი 2004 წელს თავის რიგებში, ახლა ნატო-მ იფიქროს იმაზე, რომ გაყოფილი და დანაწევრებული საქართველო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, მიიღოს ნატო-ს წევრად. ეს არის აღმაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელი პოზიცია. თუ ასეთი ერთგულები არიან ჩვენი, ევროკავშირში მიგვიღონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დაეთანხმება ამ ფორმულირებას – საქართველოს ნატო-ში კვიპროსის ვარიანტში მიღებას, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება სამშობლოს მოღალატე,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ იმ ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოს -ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია.ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლშიც საქართველოზეც საუბრობდა. ა

    ნდერს ფოგ რასმუსენი შეცდომას უწოდებს- 2008 წელსს ბუქარესტის სამიტზე- საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის არ მიცემის გადაწყვეტილებას. მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს კონფლიქტი დონბასის რეგიონში და ხოლო რუსეთმა თავისი ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს .

  • “გავრცელდა ცრუ ინფორმაცია”-მეფის ადვოკატი დაკითხეს

    პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის გამოკითხვა  დასრულდა. ლევან ჩხეიძე  ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

    გამოძიება დაინტერესდა, საიდან  იცნობდნენ მეფე და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დედოფალზე ფიზიკური ძალადობა დასტურდება.

    ლევან ჩხეიძე გამოკითხვაზე თავის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

    „გავრცელდა საიდანღაც ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განვუმარტე გამოძიებას იმიტომ, რომ ის მტკიცებულებები, პრაქტიკულად, რომელიც მე ხელთ მაქვს, ნაწილი მტკიცებულებები ფიგურირებს სამოქალაქო საქმეში და ეს მტკიცებულება ფიგურირებს ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. აბსოლუტურად არარელევანტული დასკვნაა ორივე საქმეში და მოწინააღმდეგე მხარემ ასე ჩათვალა საჭიროდ და წარმოადგინა,“ – განაცხადა  დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ჩხეიძემ.

  • ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

    დღეს ანტალიის გრან პრის მეორე დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუსი მოწინააღმდეგე, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. ხასან ხალმურზაევი  რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამშების გამარჯვებულია. ლუკამ მას ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი იქნება.

    ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 81-კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიმანს 31 წამში იპონით მოუგო. ლუკამ მეორე წრის უმძიმეს ბრძოლაში, ბელგიელ მატიას კასეს დამატებით დროში ვაზარით სძლია, რის შემდეგაც უკრაინელი ბოგდან ზუსკო 2 წუთსა და 27 წამში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგი ენტონი ფორტიე შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია.

    ანტალიის გრან პრიზე საქართველო 13 ძიუდოისტითაა წარმოდგენილა. გუშინ, 5 აპრილს, 66 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ, 7 აპრილს, დასკვნით საშეჯიბრო დღეს კი, სამ წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

  • მაშველებმა მდ.ჭოროხიდან 32 წლის მამაკაცი და ძაღლი გადაარჩინეს

    ხელვაჩაური – სოფელი თხილნარი. მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.წყლის დონის მომატების შედეგად, მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • რუსთავში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

    რუსთავში,ბუნებრივი აირით, 5 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან  ორი  5 თვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვია.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.