Category: არქივი

  • პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

    9 აპრილის მემორიალთან  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.

    “მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    9 აპრილის ტრაგიკული დღიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს,   საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტები საბჭოთა არმიამ დაარბია,  რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

  • გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრები სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტს უცხადებენ

    უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ და 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივლენ.  სალომე ზურაბიშვილმა ხვალ პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა ყველა, ვინც 91 წლის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ქვეყნის პირველ პირთან მიღებაზე არ მივლენ. ეს მათი პოლიტიკური დემარშია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ზურაბიშვილს პირველი პრეზიდენტის დევნაში და პუტჩის, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას მიესალმა და  ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება ვიდრე არ აღიარებს საკუთრ შეცდომებს. მათ შორის, ვინც სალომე ზურაბიშვილს პროტეტს უცხადებს არიან: ბიმურზა დადეშქელიანი, ნემო ბურჭულაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ნოდარ ნონიაშვილი, რევაზ კემულარია. მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წარსული და ამჟამინდელი მოღვაწეობა.

    ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მათ არ სჯერათ რომ მან წლების შემდეგ მოინანია და პოზიცია შეიცვალა. დარწმუნებული არიან რომ მათთან შეხვედრა პირადად არც სურს. მათი აზრით, იგი ამჟამად იძულებულია ასე მოიქცეს. ფიქრობენ, რომ ახლა ასე სჭირდება.
  • რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეო გასაჯაროვდა

    რუსთავის ეპარქიამ სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის არის ბერი გაბრიელი, რომელიც ეპარქიის 14 სასულიეო პირს ცემაში ადანაშაულებს.

    “ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი” — ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

  • გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

    11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეს გამართავს.

    ღია კარის დღეს ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ.

    18 აპრილიდან კი კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის ფეისბუქ გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უპასუხებენ.

    2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 000 – მდე აბიტურიენტმა გიარა.

  • თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში დავა მოუგო

    შალვა რამიშვილს სასამართლომ თათია სამხარაძისთვის  კომპენსაციის გადახდა დააკისრა.ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში  ავრცელებს. 

    სამხარაძემ თავის ყოფილ უფროსს შალვა რამიშვილს სასამართლოში 3 წლის წინ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უჩივლა.

    “სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა

    სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.

    2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ “შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო”. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.

    ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა.”-განაცხადა თათია სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ნუცუბიძეზე ჩანჩქერი მოედინება

    ნუცუბიძეზე წყალსადენის მაგისტრალური მილი გასკდა, შედეგად ქუჩებში ჩანჩქერი მოედინება.

    წყლის მილი მე-3 მიკრო რაიონში   დაზიანდა, GWP-ის ინფორმაციით, პრობლემის  მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მოსახლეობას წყლის მიწოდება 23:00 საათზე აღუდგება.

    ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის ვიდეოკადრები  ფეისბუქის მომხმარებლემა გაავრცელეს.

  • სუს-მა კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – კახა ბ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

    „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა“, – აცხადებენ სუს-ში.

    უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • “ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ ერთი უწიგნური კაცი” – ბობოხიძე

    “ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ უწიგნური კაცი”,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა.

    ივანიშვილი  წერილში 9 აპრილის  თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, წერილის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მმართველობასა და ოპონენტების  კრიტიკას ეთმობა.

  • “მთლად პარლამენტს თუ ვმართავ წლებია, მაღიარეთ”- კოკა ყანდიაშვილი ჭიჭინაძის ბრალდებებზე

    “მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი?” – ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

    ყანდიაშვილი დამოუკიდებელი  დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ჩათში დეპუტატებისთვის  მესიჯებს კოკა ყანდიაშვილი აგზავნიდა.

    „მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ“, – წერს კოკა ყანდიაშვილი.

    “ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით. ,”-განაცხადა დღეს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ

  • მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

    მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი ამჯერად პეტრო პოროშენკოა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოს მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამისთვის კი სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს ვადა არჩევნების მეორე ტურამდე მისცა.

    „თქვენ ჯერ საკმარისი დრო გაქვთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე, რათა მოიქცეთ კანონისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.

    „უკრაინის მოქალაქეობა წამართვით კანონმდებლობისა და სასერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე არ ვიმყოფებოდი. მაშინ აშშ-ში გავემგზავრე, აშშ-ის კონგრესში უკრაინის ინტერესებისთვის ლობირება რომ განმეხორციელებინა. შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? კიევში შეხვედრამდე“, – მიმართავს სააკაშვილი პოროშენკოს.
    მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა  პოროშენკომ 2017 წლის ივლისში ჩამოართვა.

    2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკარინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 1 აპრილს ჩავიდოდა, თუმცა მეორე ტურის დანიშვნის გამო გადაიფიქრა.

    უკრაინის საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს იმართება.