“დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს ”-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების თემაზე ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.
Category: არქივი
-
პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა-პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმებით პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა- ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია უკვე განისაზღვრა და დღეიდან სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.
“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული,
-
მარიამ ჯაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავლაბრის რეზიდენციას „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“ ეწოდა
მარიამ ჯაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა”, არასწორს უწოდებს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, საუბარია, რომ პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლედ გადაკეთდეს, რასთან დაკავშირებითაც შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.
“ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის პრეზენტაციას. თავად ამ სასახლის არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის იდეა გახლდათ, რომ ეს იყოს საქართველოს კულტურის სასახლე. სწორედ ამ იდეის აღდგენაზეა საუბარი. ავლაბრის რეზიდენცია უნდა გახდეს საქართველოს კულტურის მთავარი სავიზიტო ბარათი. კონცეპტუალურად ეს გახლავთ საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე და ამის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იქნება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.
-
“ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო”-ნინო ლომჯარია
“9 აპრილი არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალთან განაცხადა.
„30 წლის წინ, მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს. მათი სახელები არასდროს უნდა იყოს დავიწყებული ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, დღემდე ზუსტი რაოდენობა ამ დარბევის მსხვერპლის, დაზარალებულების, მოწამლული ადამიანების არ არის და დღემდე, ეს ადამიანები განიცდიან ამ სასტიკი დარბევით გამოწვეულ ზიანის ძალიან ცუდ შედეგებს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ყოველთვის შეგვახსენებს, რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
-
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.
„ზუსტად 28 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აქტით ახდა თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველების არაერთი თაობის ოცნება და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილი, ისევე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.
9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, –განაცხადა ირაკლი კობახიძე.
-
ბათუმში ტრაილერი დაეჯახა მანქანას, რომელშიც 8 თვის ორსული იჯდა
ავტომანქანას, რომლის უკანა სავარძელზე რვა თვის ფეხმძიმე ქალი იჯდა, ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევა ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.
დაშავებული ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქალს ემოციურ ფონზე წნევამ აუწია. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
-
სასამართლომ შალვა რამიშვილს 2 000 ლარის გადახდა დააკისრა
შალვა რამიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, მსახიობ თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა, შესაბამისად სექსუალური შევიწროების საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.
„რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემს სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“-გნაცხადა თათია სამხარაძემ.
შალვა რამიშვილი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ არ სურს ამ თემაზე საუბარი. შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის უფროსი იყო, როდესაც სამხარაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა და სექსულური შევიწროვების ფაქტზე ხმამაღლა განაცხადა.
-
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ქურდული სამყაროს წევრობისა და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობისათვის დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულ იმედა აბაშიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელი გამოჯანმრთელებამდე გადაუვადა.
რაც შეეხება კიდევ სამ დაკავებულ პირს, ბრალი მათაც გადაუკავლიფიცირდათ და სასჯელის ვადად დაახლოებით ორი წლით პატიმრობა განესაზღვრათ.
-
“ივანიშვილის წერილში ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული”-კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილი მთავრობის წევრებმა შეაფასეს.
„ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ივანიშვილის წერილში მოვლენების სწორი ანალიზია გაკეთებული.
“ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ ოპონენტებსაც უპასუხა, რომლებმაც წერილი და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს.
“ოპონენტებს რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდათ წერილის შინაარსი. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და მათ როგორც წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში,” – აღნიშნა კალაძემ
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გუშინ გაავრცელა.
-
თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭება
თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭება. საკითხზე დღეს საკრებულოში იმსჯელებენ.
ქუჩებს მიენიჭება მანანა ლოლაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მზია ჯინჭარაძის, თამარ მამულაშვილისა და ელისო ჭიპაშვილის სახელები. ყველა ქუჩა ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.