Category: არქივი

  • მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში პირველი შეხვედრა გამართა.

    ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც თვის ბოლოს საქართველოს ეწვევა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ  მოკლე კომენტარი გააკეთა.

    “შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, რეფორმების პროცესისა და მიღწევების განმტკიცების კუთხით. განვიხილეთ ევროსაბჭოს გამოწვევები და შევეხეთ მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხს. მივაწოდე პრეზიდენტს ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ფაქტებზე ოკუპირებულ რეგიონებში. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მადლიერი ვარ ევროსაბჭოს ჩართულობით რეფორმების პროცესში. მიგვაჩნია, რომ რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული პრაქტიკის და კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

    დღეს დილიდან რუსთავიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი  გაფიცულია. მძღოლების გაფიცვის გამო, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა შეფერხებით მიმდინარეობს.

    გაფიცულების თქმით, მათ კომპანია “ინტერტრანსმა” ყოველდღიური შესატანი თანხა 15 ლარით გაუზარდა, მძღოლები კი  გადასახადი თანხის შემცირებას ითხოვენ.

    მიკროავტობუსების მძღოლები ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან მათი თქმით,  შესაძლოა ამის გამო, დამსაქმებელთან პრობლემები შეექმნებათ.

    კომპანია ,,ინტერტრანსში“ კი მძღოლების გაჩერების სხვა მიზეზს ასახელებენ.

  • “ამდენი ხნის განმავლობაში ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია”-კახა კალაძე

    “ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე საკუთარ მოადგილეს მიმართა,რომ  ეს პრობლემა მალე მოგვარდეს.

    კახა კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე  ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ტენდერი  მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე ცხადდება.

    “დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროზე. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის მოცემული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და ისე მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერმა სტატისტიკა წარადგინა,  რამდენად ხშირად გამოდიოდა წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები მწყობრიდან.

    „რაც შეეხება სტატისტიკას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებზე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია როგორ იყო წლების განმავლობაში და როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს. 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა. 2018 წელს 305 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა, 2019 წელს გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი მეტროში. მაგალითად, 2016 წელს დღეში საშუალოდ მგზავრთა რაოდენობა იყო 273 ათასი და 2019 წელს ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 100 ათასით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება უბრალოდ სირცხვილია, ხან არის ტენდერის ჩავარდნა. ამიტომ, ჩემი თხოვნაა – გაკეთდეს პირდაპირი შესყიდვები. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად“,- განაცხადა კალაძემ.

  • მაია რჩეულიშვილს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – განაჩენი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.საქმე “ცენტრ პოინტის”„მიონის” ეპიზოდს ეხება.

    ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება, მომხდარში “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

    მაია რჩეულიშვილს და ქეთევან ჟორდანიას თაღლითობით დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ ბრალად.

  • გიორგი ანდრიაძე გირჩის რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

    მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ანდრიაძემ დღეს  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    ანდრიაძემ განაცხადა, რომ ბიბლიური თავისუფლება უკანონოდ შეიქმნა. 

    რაც შეეხება მის მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას, ის ამბობს, რომ ის ადრეც არსებობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოიპოვება.

    “როდესაც გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გაუქმდება, ჩვენც შევწყვეტთ ჯარში გაწვევის თავის ასარიდებლად რეგისტრაციას. კატაკომბური ორგანიზაცია იარსებებს და მას სხვა მიზნებიც აქვს”, — განაცხადა ანდრიაძემ.

    პირველ აპრილს გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ გირჩის ალტერნატივად მართლმადიდებლური კატაკომბური  ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა.

  • “თბილისის პარკინგის” SMS სერვისი ამოქმედდა

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან, მძღოლებს საშუალება ექნებათ, თბილისის პარკინგის SMS შეტყობინების სერვისით ისარგებლონ.

    სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge).

    მომხმარებელს SMS-ით შესაძლებლობა აქვს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

    შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადა,
    შეძენილი პარკირების საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე,
    ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით),
    საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით),
    სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ.

    “მომსახურების გასააქტიურებლად, მომხმარებელს შეჰყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი/ან პირადი ნომერი (ვის სახელზეც არის ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული) გრაფაში „sms შეტყობინების გამოწერა“. მონაცემების შეყვანის შემდეგ, დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე იგზავნება სპეციალური ტრანზაქციის კოდი, რომელიც მომხმარებელმა შესაბამის გრაფაშიუნდა შეიყვანოს და შემდეგ მიიღებს დასტურს მომსახურების გააქტიურების შესახებ”, – აღნიშნულია  განცხადებაში.

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის სატრანპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: (+995 32) 293-44-44.

  • ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ  არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. ამის მიზეზი კი მისი თქმით, სტამბოლში მერის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებია.

    „თუ ისეთ ქალაქში, როგორიც სტამბოლია, სადაც 11 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმებს შორის სხვაობა 30 ათასს შეადგენს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ ეს სხვაობა 13 ათასამდე შემცირდა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ  ეჭვები გაქარწყლდეს. ამ სიტუაციამ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გაუქმებაც კი გამოიწვიოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

    შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერის არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ გამოაცხადა.

  • მაია რჩეულიშვილი სასამართლოში ისევ არ გამოცხადდა

    „ცენტრ პოინტის” საქმეზე  ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ არ გამოცხადდა. სასამართლო პროცესები  ე.წ.  „მიონის” ეპიზოდს ეხება.

    სასამართლოზე წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

    საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

    ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

  • სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

    სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. 

    როგორც ცნობილია,  ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც დაიწერება – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

    ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.

    „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

    ევროპის საბჭოს სასახლის წინ  იმ მოღვაწეების ვარსკვლავებია განლაგებული, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპის საბჭოს მუშაობაში.