Category: არქივი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ჩაკრულო“​​ აჟღერდა

    მამუკა ბახტაძის  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე, დარბაზში ქართული ფოლკლორი აჟღერდა.  ევროსაბჭოში ანსამბლმა რუსთავმა „ჩაკრულო“​​ შეასრულა. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.

  • ტოჩინოშინმა ტაკაკეიშოსთან რევანში აიღო – ქართველის მარტივი გამარჯვება ახალ ოძეკთან

    როგორც მოგეხსენებათ, სუმოს საგაზაფხულო ტურში (ჯუნგიო) ორი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ”ტოჩინოშინი” და თეიმურაზ ჯუღელი ”გაგამარუ” იღებენ მონაწილეობას.

    ტოჩინოშინმა 13 ორთაბრძოლა გამართა, საიდანაც 12-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველანაირი ტრავმა მოშუშებული აქვს და ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება.

    ტოჩინოშინს ბოლო ორთაბრძოლის ჩატარება ახალ ოძეკთან, ტაკაკეიშოსთან მოუწია. სწორედ ეს ორი სუმოისტი დაუპირისპირდა ერთმანეთს ოძეკის წოდებისთვის მარტის ბაშოზე და მაშინ იაპონელმა რიკიშიმ იმარჯვა.

    თუმცა გუშინდელ ორთაბრძოლაში ქართველმა “რევანში” აიღო, მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოდან ისე გაიყვანა.

    იხილეთ ვიდეო:

  • „მიდი, იბრძოლეო, მამხნევებენ“ – სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზარში

    ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია და ხალხს გაესაუბრა.

    სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ ის იმ პროექტების განხორციელებას აპირებს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას. მისი თქმით, მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად დაიზოგება მილიონობით ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

    „მიდი, იბრძოლეო, მეუბნებიან, მამხნევებან, რაც დიდ ძალას მაძლევს“- აცხადებს სანდრა რულოვსი.

  • ვის შეხვდება ხაბიბი? ჰოლოუეი თუ პორიე?!

    როგორც გაირკვა ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული ბრძოლა 13 აპრილს შედგება. 

    მაქს ჰოლოუეისა და ხაბიბს შორის ბრძოლა ადრეც უნდა შემდგარიყო, თუმცა მაქსი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა და საბოლოოდ ხაბიბი იაკინტას დაუპირისპირდა. რაც შეეხება დასტინ პორიეს, მას ხაბიბთან არ უბრძოლია და ეს ბრძოლა ძალიან ბევრს აინტერესებს, რადგან ორივე ერთი სტილის მებრძოლია.

    მაქს ჰოლოუეი და დასტინ პორიე ერთმანეთს მეორედ უპირისპირდებიან. პირველი ორთაბრძოლა საკმაოდ მარტივად, პორიეს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მაქს ჰოლოუეი საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო და იმის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკუთარი შანსი ისევ ვერ მიიხო ტონი ფერგიუსონმა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა და დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებდა ხაბიბთან.

    შეგახსენებთ, ხაბიბ ნურმაგომედოვი ამ დროისთვის ნევადას სპორტული კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულია და იგი ოქტაგონზე დაბრუნებას სექტემბრამდე ვერ შეძლებს, თუმცა მისი თქმით, იგი ოქტომბრამდე არ იბრძოლებს.

  • ქუთაისში საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა

    ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გაკვეთილების  მიმდინარეობისას მოხდა. საკლასო ოთახში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა პედაგოგები ამბობენ, რომ პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაუარესდა. როგორც ცნობილი გახდა, ეს არ იყო ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა, ქუთაისის მეორე სკოლაში ჭერის ჩამოშლის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

  • სონმა სიტის ბოლო წუთებზე გაუტანა – გუარდიოლა თამაშს დადებითად აფასებს

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, ტოტენჰემმა საკუთარ ახალ უაით ჰარტ ლეინზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

    თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი დასაწყისიდანვე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. სიტი დაცვაში განსაკუთრებით ინგლისელ ფორვარდს ჰარი კეინს უფრთხოდა და მას განსაკუთრებულად მეურვეობდნენ. პირველი ტაიმის გამორჩეულ მომენტად აგუეროს აცილებული პენალტი იქცა. მე-11 წუთზე სტერლინგის დარტყმული მეტოქეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან სერხიო აგუერო მივიდა, თუმცა მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო და ბურთი აიღო.

    ამის შემდეგ სიტი თავის თავს აღარ ჰგავდა. მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხეს კარში ზუსტად დარტყმა, ხოლო ტოტენჰემი საკუთარი შანსის მოლოდინში იყო.

    საბოლოო ჯამში ყველაფერი ლონდონელთა სასარგებლოდ წარიმართა და მატჩის მიწურულს 78-ე წუთზე სონმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სიტის ფეხბურთელებმა სცადეს გააქტიურება და ანგარიშის გათანაბრება, თუმცა უშედეგოდ. მატჩი ტოტენჰემის გამარჯვების დასრულდა 1-0.

    მარცხის შემდეგ მანჩესტერ სიტის თავკაცმა პეპ გუარდიოლამ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე ყველას გასაკვირად საკუთარი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ზოგჯერ ფრეს მარცხი ჯობიაო:

    „ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით და მატჩს ვაკონტროლებდით. თამაშის ხარისხი განსაკუთრებით მეორე ტაიმში მომეწონა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა, შარშან უარესი იყო.

    ხანდახან 0:1 წაგება უკეთესია, ვიდრე 0:0, რადგან ამ დროს უფრო იგებ თუ რისი გაკეთებაა საჭირო. მატჩის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვნახავ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ,“-განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

  • ბათუმის „შერატონში“ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს

    ბათუმის “შერატონში”, კაზინოში მყოფმა პირმა 112-ში დარეკა და  ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შეატყობინა. აზერბაიჯანის მოქალაქე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ცრუ შეტყობინებისთვის დააკავეს.

    შსს-ს  ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს.

    დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული  აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.

    სასტუმრო “შერატონში” გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო,თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.

    გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ივანიშვილი სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება“– შალვა შავგულიძის პასუხი ივანიშვილს

    ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ”ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ –ს ბლოკიდან შალვა შავგულიძე საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.
    სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი “ქართული ოცნების” ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. და განაცხადა, რომ არასწორია დღეს გირგვლიანის საქმის გამო შავგულიძეს გმირად, ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძეს ანტიგმირად მოიხსენიებოდეს. ივანიშვილი ამბობს, რომ შალვა შავგულიძემ, როგორც გირგვლიანის ადვოკატმა არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლე ლევან მურუსიძე კი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
    „ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას ბატონი ივანიშვილის ამგვარი საქციელი. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატების“ და “ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება ბატონო ბიძინა თქვენი ეს მცდელობა,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ და ისიც განმარტა, რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შავგულიძის თქმით, მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება ან საქმის ძიებაში დაბრუნება.
    „ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მე გირგვლიანის საქმეზე წარმოვადგენდი რა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ირინა ენუქიძის ინტერესებს, ჩემი მარწმუნებლის ინტერესების საზიანოდ ვმოქმედებდი. კერძოდ, ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არგასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში თავდაპირველად უყურადღებობის შედეგად, ჩემ მიერ დაშვებულ პროფესიულ შეცდომად მიაჩნდა, ხოლო მოგვიანებით, მას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე ჩემი მარწმუნებლის ზურგს უკან, მისი ინტერესების საზიანოდ, მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პროკურატურასთან შეთანხმებულად განზრახ ვმოქმედებდი. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ სააპელაციო ინსტანციაში, ჩემ მიერ პირველი ინსტანციის განაჩენის არგასაჩივრებამ მოისპო შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძეს, რომ დაეკმაყოფილებინა ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისთვის ქვემდგომ ინსტანციაში დაებრუნებინა.
    „ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისთვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა 2 შესაძლო ვარიანტი. პირველი, თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პროკურორი ან რომელიმე მსჯავრდებული, ჩვენ როგორც სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არცერთი მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, ესენია – უფლება ეფექტურ ზომაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც,“ – განაცხადა შავგულიძემ.
    შავგულიძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაზარალებული მხარის არგუმენტები, სადაც დასაბუთებული იყო, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაიზიარა.შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები „ბინძური ცილისწამებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე მის დისკრედიტაციას ემსახურება.
  • “თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან”-ბესელია ივანიშვილზე

    “მან თავად გასცა პასუხი კითხვას, რატომ წავედით პარტიიდან” -საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია  ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.

    ბესელიას თქმით,  ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი არ ყოფილა როდესაც გუნდიდან ყოფილი თანამებრძოლების წასვლაზე საუბრობდა.

    “ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა.

    არ შეიძლება არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი როგორც თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ.

    თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან და რატომ დავტოვე, პარტია რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე თავად უპასუხა ამ კითხვას. სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომელის დემონსტრირებაც მოახდინა მან ამ ინტერვიუთი. მან თქვა რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა. ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლი არიან იმიტომ რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ ადეიშვილ-მერაბიშვილი თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

    შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ყოფილ თანამებრძოლებზეც ისაუბრა და  განაცხადა, რომ  ფასეულობები პარტიიდან წასულ დეპუტატებს აერიათ და არა ქართულ ოცნებას. 

    “რატომ წავიდნენ გუნდიდან, ვერ დაამტკიცეს. გუნდში მათ მე მივეცი საუბრის საშუალება, სამს ჰქონდა პოზიცია, რომელსაც ვერ ასაბუთებდნენ, დანარჩენები დაწყნარდნენ, რადგან ნახეს, რომ მათი ზედმეტი აქტიურობა არაფერზე იყო დაფუძნებული. მათი მიზეზი საბაბადაც ვერ გამოდგებოდა, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებით ყველა პოზიცია შეჯერებული იყო. ისინი დაიყვნენ, მოახერხეს და აურიეს ფასეულობები. ვნახოთ როგორი სასამართლოა ის, რასაც განიცდიან და რატომღაც მეექვსე წელიწადს”, — განაცხადა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში.

  • “მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ და დარჩენილია დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა” – გოცირიძე ივანიშვილზე

    მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ და დარჩენილია დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა – განაცხადა რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე.
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნითაა დაკავებული, რადგან თანამებრძოლები შემოეცალა.

    გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ანაკლიის პორტზე გაკეთებული განცხადებაც უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა,რომ მსგავსი საუბრები  ინვესტორისთვის ძალიან უარყოფითი გზავნილია.

    “ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთხელ უხსენებია რუსეთი. არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა. ადამიანი, რომელსაც წამოცდენებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ხმამაღალი საუბრით. წამოცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა,“-განაცხადა რომან გოცირიძე. 

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანამებრძოლები გააკრიტიკა და ასევე ანაკლიის პორტის წამგებიანობაზე ისაუბრა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტიდან ბიზნესმენი სარგებელს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღებს, ამიტომ ის მომგებიანი არ არის.