Category: არქივი

  • ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ – ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე. წ. „ბოინში“, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება – დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს. ასევე ე.წ. „ბოინში“ აღმოჩენილი იქნა ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ვადით.

  • პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს 4 ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს

    პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს 4 ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს.

    განკარგულების მიხედვით, პრემიერი პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

    პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების თანახმად, მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი თანამდებობიდან 2019 წლის 1-ელი ივნისიდან გათავისუფლდეს, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ქუვეითში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე ასევე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ხოლო მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე 2020 წლის 1-ელი იანვრიდან.

    ოთხივე განკარგულება, რომლითაც პრემიერი პრეზიდენტს ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს, 5 აპრილით არის დათარიღებული.

  • “ეს პროცესი არის ყველაზე აბსურდული საქართველოს ისტორიაში”-დავით ბაგრატიონის ადვოკატი

    მეფე-დედოფლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე გამოიკითხებიან ანა ბაგრატიონის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებენ რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე დედოფალი მეფის წინააღმდეგ დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, რომლიც მიხედვითაც შეეცდება დაამტკიცოს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის სახელს უნებართვოდ იყენებს.

    “მოვითხოვთ დავით ბაგრატიონ- მუხრანელს აეკრძალოს სამეფო სახელის გამოყენება, ორდენების გაცემა, ვიზიტების განხორციელება. მას არ აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით, რასაც ვთხოვთ სასამართლოს”-აცხადებს ლევან გორელაშვილი

    მეფე-დედოფალს შორის დაწყებულ დავას კი აბსურდს უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი. ლევან ჩხეიძეს  მიაჩნია რომ  ანა ბაგრატიონის სარჩელის დააკმაყოფილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

    “ეს პროცესი არის ალბათ საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე აბსურდული პროცესი, რაც კი არსებულა. სასამართლო განხილვას დაიწყებს მოსარჩელის პრეტენზიების, დარწმუნებული ვართ რომ სასმართლო მიიღებს ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს სარჩელს. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ რომ მოწინააღმდეგე მხარემ მოიგო ეს პროცესი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო აღიარებს სამეფო და არისტოკრატიულ ტიტულებს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც 1921 წლის კონსტიტუციასთან, ასევე დღევანდელ კონსტიტუციასთან, რომელიც არ აღიარებს არც სამეფო და არც არისტოკრატიულ ტიტულებს,”-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე.

  • დღეიდან ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა აღდგება

    ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისი განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუსაოების დასრულების შემდეგ,  მეორე ეტაპი დაიწყება.

    „ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.

  • ბიძინა სასოწარკვეთილების ზღვართან არის ახლოს და ხდება სახიფათო – დავით უსუფაშვილი

    „გაბრაზებული ნაკლებად საშიშია, საშიშია სასოწარკვეთილი, ზოგადად, ლიდერი და მგონი, ბიძინა სასოწარკვეთილების ზღვართან არის ახლოს და ამიტომ ხდება სახიფათო,“- ასე აფასებს შენების მოძრაობის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
    დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძეს საზოგადოება ტყუილად სწამებს ცილს. სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი “ქართული ოცნების” ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
    უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გამართლება სცადა.
    „ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რომ 30 წლის თავზე 9 აპრილიდან, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ამ სტანდარტის, ამ ღირებულებების, ამ მასშტაბის გამოსვლით მიმართავს საზოგადოებას და ცდილობს დაარწმუნოს, რომ შავგულიძე იყო სააკაშვილის მზაკვარი თანამზრახველი გირგვლიანის საქმეში და მურუსიძე იყო უცოდველი მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ცხადი ხდება, რა დღეშია თავად ლიდერი, რა დღეშია თავად ხელისუფლება ამ ლიდერის ხელში და რა დღეშია ქვეყანა და საით მიექანება ასეთი ხელისუფლების ხელში,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

  • ია კერზაიას შვილი სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს

    ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა საქართველოს პროკურატურა საქმეს შესაბამისად არ იძიებს   და მას რეალური შედეგის იმედი აღარ აქვს. შენგელია სარცელის მომზადების პარალელურად განათლების მინისტრის გადადგომასაც მოითხოვს.

    „4 თვე გავიდა იას გარდაცვალებიდან და არავითარ ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს პროკურატურას არასამთავრობოების დასკვნებისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამიტომაც ვიწყებთ სარჩელის მომზადებას სტრასბურის სასამართლოში წარსადგენად და პარალელურად, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებებითაც. ამასთან, ძალაში რჩება ჩემი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომასთან დაკავშირებით“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

    ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება  უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ კერზაიას საქმეზე დღეს ერვოსაბჭოში მამუკა ბახტაძესაც დაუსვეს შეკითხვა.

    ასამბლეის ერთ-ერთი წევრის, ბორიანა ობერგის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას დადოს ია კერზაიას გარდაცვალების ზედმიწევნით გამოძიების პირობა, ბახტაძემ უპასუხა, რომ გამოძიება, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეკითხვას გასცემს პასუხს.

    ბახტაძემ კერზაიას გარდაცვალება  პოლიტიკური სპეკულაციის კონტექსტში მოიხსენია.

    „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“-განაცხადა ბახტაძემ სტრასბურგში ევროსაბჭოს ასამბლეაზე.

  • ჯეკ შეფარდი ბრიტანულ მხარეს გადასცეს

    დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფარდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაყვანის პროცესის ფოტომასალას ავრცელებს.შეფარდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადასცეს.  

    ჯეკ შეფარდი თითქმის 3 თვის განმავლობაში მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

    ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში იყო მიმალული.  ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეფარდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატეღის გადაბრუნებას 24 წლის შარლოტა ბრაუნი ემსხვერპლა.

    შეფარდი ქართველ სამართალდამცველებს 23 იანვარს საკუთარი ინიციატივით  ჩაბარდა.

  • “პრემიერმა ვერ გამოიყენა ტრიბუნა”-კანდელაკი ბახტაძის გამოსვლას აფასებს

    მამუკა ბახტაძემ სათანადოდ ვერ გამოიყენა ტრიბუნა – ასე აფასებს, ქართული დელეგაციის წევრი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას.

    კანდელაკის განცხადებით,  პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას არ გაამახვილა ყურადღება ოკუპაციის თემაზე და არ  მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ დევნილების და ოკუპირებული რეგიონების თემატიკა  შეტანილი ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ.

    “ვარ ძალიან იმედგაცრუებული იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ მოეწოდებინა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა, დევნილების თემატიკა შეტანილ იქნას ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერმა ასევე არ მოითხოვა, რომ იმიტომ რომ აქ პარლამენტარები არიან და პარლამენტარები ახდენენ საკუთარ ქვეყნებში საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას მათშორის და პრემიერმა არ სთხოვა მათ რომ ევროპელი ლიდერები როდესაც ხვდებიან რუსეთის ლიდერებს რომ იქ დადგეს საქათველოს საკითხი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

  • ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

    სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

    ვარსკვლავზე დატანილია  ქართველი პოლიტიკოსის  ყველზე ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

    ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მას შემდეგ წარმოთქვა,  რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

  • თელავის უნივერსიტეტში დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    25 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თელავის უნივერსიტეტში  დღეს დაჭრილ ახალგაზრდას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

    დაშავებულს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.