Category: არქივი

  • „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

    „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დიდი ბრიტანეთის  პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
    7 წლის წინ მან ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიიღო თავშესაფარი.

    დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე  ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. 

    შეგახსენეთ, რომ 2010 წელს  დიდ ბრიტანეთში ასანჟი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

  • საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა-ვანო ზარდიაშვილი

    “საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

    ზარდიაშვილი უარყოფს ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

    „მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა. არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი. ზოგიერთი მედიასაშუალების მიზანია, ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს, მაგრამ საზოგადოება დაღლილია ბესელიათი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

    დღეს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე  განაცხადა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

  • ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართავს

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.

    წიქარიშვილი წერს, რომ ივანიშვილი ვერ ერკვევა სასამართლოში არსებულ პრობლემებში ან შეგნებულად ცდილობს ამ პრობლემების დამალვას – რაც მისმა ბოლო სატელევიზიო ინტერვიუმაც დაადასტურა. ყოფილი თანაშემწის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა სასამართლოსთან დაკავშირებით არის საშიშროების შემცველი და ის არ ეფუძნება სასამართლოში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

    წიქარიშვილი ამბობს, რომ თუ შესაბამისი პოლიტიკური მომენტი დადგა, შესაძლოა ნინო გვენეტაძე გამოვიდეს საჯაროდ და თავისი შეხედულებების შესახებ ისაუბროს , თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში

    ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თქვენი გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა ადასტურებს, რომ თქვენ ვერ ერკვევით სასამართლოში არსებულ პრობლემაში ან ერკვევით და შეგნებულად ცდილობთ ამ პრობლემის დამალვას.

    პირველ რიგში, ალბათ დამეთანხმებით, რომ სასამართლო სისტემა არ არის საწარმო, რომელიც პროდუქციას აწარმოებს და რომლისთვის მნიშვნელობა არ აქვს იქ მომუშავე ადამიანების მორალურ მდგომარეობას. სასამართლო არის მორალურ და სამართლებრივ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა.

    როდესაც ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ადეიშვილის დაკვეთებს ასრულებდა, ისმის შეკითხვა: ადეიშვილი პირდაპირ არიგებდა ამ დაკვეთებს თუ ჰყავდა შუამავლების ჯგუფი, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დაკვეთების შესრულებას, ურჩებს სჯიდნენ, ხოლო მორჩილებს ახალისებდნენ?

    როდესაც ამბობთ, რომ მოსამართლეები იყვნენ წინა რეჟიმის მსახურები, ისმის შეკითხვა: ყველა ერთნაირად ემსახურებოდა რეჟიმს თუ არსებობდა რაიმე განსხვავება მოსამართლეებს შორის?
    მე გთავაზობთ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები ერთმანეთისგან განვასხვავოთ მორალური შკალის მიხედვით. ამ შკალის პირველ საფეხურზე არიან ისინი, ვისაც შემოჰქონდათ დაკვეთები სასამართლოში და ორგანიზებას უწევდნენ მათ შესრულებას; მეორე საფეხურზე არიან ისინი, ვინც ხალისით იღებდნენ და ასრულებდნენ ამ დავალებებს; მესამე საფეხურზე ისინი, ვინც დავალებებს ასრულებდნენ იძულებით; მეოთხეზე ისინი, ვინც უარს ამბობდნენ დაკვეთის შესრულებაზე, მაგრამ დარჩნენ სისტემაში; ხოლო შკალის თავში არიან ისინი, ვინც აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ რეჟიმს და თავისი ნებით წამოვიდნენ ან გამოაძევეს სისტემიდან.

    თუ ეს დაყოფა მისაღებია, მაშინ იქნებ გვიპასუხოთ, სად არიან დღეს ამ შკალის დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები და მართავენ თუ არა ისინი დღეს სასამართლო სისტემას?
    თუ ისინი დღესაც მართავენ სისტემას, მაშინ რამდენად არის შესაძლებელი, ასეთმა ადამიანებმა ააშენონ დამოუკიდებელი სასამართლო და მოიპოვონ საზოგადოებრივი ნდობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს მხოლოდ უსამართლო კანონების მსხვერპლად მიიჩნევენ (რომელი კანონების? დღესაც იგივე კანონმდებლობა მოქმედებს)?
    ბოლოს ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ 2012 წლიდან დღემდე არავის არ ახსოვდა სასამართლოში კლანის არსებობა და დღეს დავიწყეთ ხმაური ამ თემაზე. სასამართლოში არსებულ კლანზე 2013 წლიდან ბევრი ითქვა და დაიწერა. პირადად მე 2013 წლიდან არაერთხელ ოფიციალურად მივმართე „ქართულ ოცნებას“ და მოვითხოვე სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შეფასება, თუმცა ჩემი მოწოდება არ იქნა გაზიარებული.
    შესაბამისად, ვრჩები იმ აზრზე, რომ სასამართლოში არსებული ღირებულებითი კრიზისის გააზრებისა და შეფასების გარეშე სასამართლოს გაჯანსაღება შეუძლებელია“, – ნათქვამია წიქარიშვილის წერილში.

  • Check in Georgia-ს პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა

    ყოველწლიური პროექტი Check in Georgia კულტურის სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა  გიორგი ქობულიამ განაცხადა.

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ Check in Georgia ქვეყნის კულტურულ განვითარებას უფრო ემსახურება ვიდრე, ტურისტების მოზიდვას. შესაბამისად პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა“, -განაცხადა   გიორგი ქობულიამ სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე.

    ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარიამ ქვრივიშვილის  განცხადებით, უკეთესი შედეგის მისაღებად ტურიზმის ადმინისტრაცია გააგრძელებს თანამშრომლობას კულტურის სამინისტროსთან.

  • “ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი “- მამუკა მდინარაძე

    “ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი “-  მამუკა მდინარაძემ    საკრებულოს უმრავლესობიდან ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ეს არის ის პროცესი, რომელიც საქართველს პარლამენტში იყო, რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა და იგივე პროცესის გაგრძელებაა. ჩვენ არაერთი მაგალითად ფეისბუქ სტატუსი ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და უკვე იმაზე მოასწავლებდა უკვე რამდენიმე თვით წინაც კი რომ ეს ადამიანი ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა ქართულ ოცნებაში. აქედან გამომდინარე აქ ახალი არაფერ არის,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • “ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით და მომავალსაც საერთო ბრძოლის ველზე ვხედავ”-ბესელია ოცნებიდან წასულებზე

    ” შეუძლებელია, რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოდგენს, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა , ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

    ბესელია თქმით, მათი პოზიციები ყოველთვის ემთხვეოდა და  სწორედ ამიტომ პოლიტიკურ მოღვაწეობას მომავალშიც მათთთან ერთად აპირებს

    “შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც ხდება – აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდაჭერების, თუ შემქმნელების. ამიტომ, მათი პროტესტი ძალიან ბუნებრივია და ძალიან ორგანული ჩემთვის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე და მომავალსაც ვხედავ სწორედ საერთო ბრძოლის ველზე”, – განაცხადა ბესელიამ.

    ბესელიას  13 აპრილს, “დაიცავი საქართველოს” მიერ დაგეგმილ ღინისძიებას თვითონაც შეუერთდება.

    “ახლა, ისევ დადგა ერთიანობის აუცილებლობა. რა იქნება მომავალი გაგრძელება ამ შეკრებისა, ამაზე ალბათ, მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ეს შეხვედრა დასრულდება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის პოლიტიკური ახალი პლატფორმა, რომლის შექმნას მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, ძალაშია. ვაპირებთ, შემოვიკრიბოთ ყველა ის ადამიანი ამ გაერთიანებაში – ეს იქნება საზოგადოების წარმომადგენელი, თუ პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, ძველი თაობა…”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • მგზავრებით სავსე ყვითელ ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა და ბორცვს დაეჯახა

    კრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ბორცვს დაეჯახა. ავტობუსი მგზავრებით იყო სავსე. მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა , ავტობუსში დაახლოებით 10 მგზავრი იმყოფებოდა,  მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მძღოლის თქმით, მას შემდეგ რაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა შეეცადა ავტობუსი გზის განაპირას გორაკზე შეეყენებინა და ამ გზით გაეჩერებინა.

  • ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ

    ტაქსის მძღოლებს მანქანების გადაღებვა აღარ მოუწევთ- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    “თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა”, – განაცხადა ელოშვილმა.

    მერის მოადგილემ ყურადღება ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    “ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და ტაქსის მძღოლები, 27000 მძღოლი ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის”,- განაცხადა ელოშვილმა.

    ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1  ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსების გარკვეული კატეგორია თეთრი ფერის უნდა იყოს.

  • ვიცოდი რომ მიდიოდნენ – კალაძე ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე

    თბილისის მერი კახა კალაძე  ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას აფასებს. კალაძე არ ეთანხმება “ქართული ოცნების ” ყოფილი წევრების მოსაზრებას, რომ უმრავლესობა თავის ღირებულებებს ასცდა.

    დედაქალაქის მერი განცხადებით,  ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტან შაქარიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. 

    „ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატებმა  ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა  “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. 

  • “ქართული ოცნება” თბილისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა დატოვა

    საკრებულოს წევრები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი – „ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადეს და წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრეს.

    “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, ჩვენთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, ჩვენთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება”-განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

    “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა “დაიცავი საქართველოსთან” ერთად გააგრძელებენ. 

    “13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდები “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებას”-დააანონსა  შაქარიშვილმა.

    ვატო შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 2017 წლიდან წარმოადგენდა, ჯაბა ჯიშკარიანი კი “ქართული ოცნებიდან”  2014/2017 წლებში მე-5 მოწვევის და 2017 წლიდან მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.