Category: არქივი

  • უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება

    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება.ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა. ამ დავალების ამოღების გამო უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს90-ის მაგივრად 80 იქნება.

    “წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო”,- განაცხადა ტყემალაძემ.

    შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება.

  • სავალუტო ფონდმა 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

    მსოფლიო ეკონომიკა – შარშანდელის მსგავსად – წელსაც ნელი ტემპით გაიზრდება, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, ამბობს, რომ 2019 წლის ბოლოსკენ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპმა შესაძლოა მოიმატოს. თუმცა, ანგარიში რამდენიმე სარისკო ფაქტორსაც ასახელებს, რომელმავ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შესაძლოა ხელი შეუშალოს.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.6 პროცენტით გაიზრდება. 2018 წლის ნოემბერში ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.8 პროცენტით უნდან გაზრდილიყო. ბოლო ექვსი თვის მანძილზე ფონდმა ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენით შეამცირა.

    ამჟამინდელი გათვლებით, 2020 წლისთვის ფონდი საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიანი ზრდას ვარაუდობს. 2018 წელს, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

    იმ საკითხებს შორის, რამაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს ფონდმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა და თურქეთის და არგენტინის ეკონომიკური განვითარება დაასახელა.

    გრძელვადიანი პროგნოზის კუთხით, ფონდი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკები უთანასწორობის ზრდას, სუსტ საინვესტიციო გარემოს და სავაჭრო პროტექციონიზმს უნდა გაუმკლავდნენ.

  • „ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

    „ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში პარტია ზაურ ქაშიბაძე დაასახელა.

    კანდიდატი პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, გიგი უგულავასთან და აკაკი ბობოხიძესთან ერთად  მოსახლეობას შეხვდა.

    ხომულის თემის მოსახლეობას მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს.  გაზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდა  ფაროსანას არსებობით გამოწვეული პრობლემაც.

    პარტია „ ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა და თითოეული არჩევნები ბიძინა ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

    „საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური ოპოზიციას გამარჯვებული აქვს. აქ ხალხი გამოფხიზლებულია უკვე დიდი ხანია. ხედავს იმ უკუსვლას, ხედავს იმ უბედურებას და იმ რაღაცა „დაპაუზებას“ , რომელიც წყალტუბოში კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. აქ თითოეულ პატარა არჩევნებს ექნება დიდი მნიშვნელობა,“- განაცხადა უგულავამ.

  • ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა

    ბიძინა ივანიშვილი საქართველოს  პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას და შეხვედრის ფოტოებს საპატრიარქო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს:

    “ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

    მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

    შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა.“ – წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში

  • ბრალდებულმა 51 “კუსაჩკა” და 5 მაგნიტი გადაყლაპა

    მსჯავრდებულ ბექა გელხაურის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები მთავარ პროკურორთან  და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. გელხაურის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  არ აღიარებს ბრალს, რომელშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

    პროტესტის ნიშნად მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა რკინის ნივთები გადაყლაპა, მათ შორის არის რამდენიმე ათეული მაგნიტი და საჭრელი. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის უარს ამბობს ოპერაციაზე ვიდრე იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს არ შეხვდება. გელხაური ამ დრომდე სასჯელაღსრულების ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

    „შემოვიტანე განცხადება და მოვითხოვე სასწრაფოდ მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა, რადგანაც ამას ითხოვდა მსჯავრდებული. რომელსაც აქვს გადაყლაპული 51 ცალი ე.წ. “კუსაჩკა,” 5 მაგნიტი და 2018 წლის 17 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს,“-განაცხადა ბექა გელხაურის ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა “კურიერთან” საუბრისას.

  • ტაქსის მძღოლების პროტესტი ივანიშვილის რეზიდენციასთან

    ამ წუთებში ტაქსის მძღოლების ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან მივიდა.  ადგილზე მანქანების სიმრავლის გამო საცობია.პოლიცია მძღოლებს მანქანის გაჩერების საშუალებას არ აძლევს.

    ტაქსის მძღოლები მერიის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ, რის გამოც რეგულაციები დამატებით პრობლემებს უქმნით. ისინი აქციების გაგრძელებას მანმდე  აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

    აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ასევე 2 მძღოლის დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, შემთხვევა დილას მოხდა. აღნიშნულ ფაქტს მერიის მხრიდან დაშინების მცდელობად აფასებენ.

    აქციის მონაწილეები თბილისის მერიის დაწესებულ იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ლიცენზირებული ტაქსებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ავტომანქანების თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა. მათი თქმით, ფირის გადაკვრა ასევე დააზიანებს ავტომობილს. აქციის მონაწილეები რეგულეციების გადავადებას მოითხოვენ.

    აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტიაა. „გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს აკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ,“ – აცხადებს  ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა.

    ლეიბორისტები ხელისუფლებას ვადას ორი დღე აძლევენ. თუ რეგულაციები არ გადავადდება, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების დაწყებით იმუქრება.

  • სასამართლომ ბაგრატიონ–გრუზინსკების საქმის განხილვაზე უარი თქვა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დავის სასამართლო განხილვა შეწყვიტა. სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.

    დავას მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა. აღნიშნული საქმის განხილვის შეწყვეტას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე ითხოვდა. ადვოკატი აცხადებდა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობდა.

    სხდომაზე უნდა გამოკითხულიყვნენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ის ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გააჩნია.

    უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე უარი.

    დავით ბაგრატიონის  მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი იურიდიული საფუძვლები არ არსებობდა.

    „ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი,“ – აცხადებს დავით ბაგრატიონის  ადვოკატი.

    ადვოკატი იმედოვნებს, რომ ასევე დავით ბაგრატიონ მუხრანელის სასარგებლოდ დასრულდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს.

    ადვოკატი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივარს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხლად“ მოიხსენიებს.

    აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ  ჟურნალისტებთან  კომენტარი არ გაუკეთებია.

  • “საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება “- კვიციანი

    “საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება “-„პატრიოტთა ალიასნსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

    დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი წარსული.

    „მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ.

    აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა კვიციანმა.

    ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო.  კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 3 მომხრე იყო, 5 კი -წინააღმდეგი.

    რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მაინც გავა.

  • ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ

    ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით აღმაშენებლის ხეივნიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან.

    აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით იმართება. 

    „ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღების ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენა საჭიან მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოთ ყველა მძღოლს ქუჩიდან. გუშინ გვიან საღამოს იყო შეხვედრა ტაქსის მძღოლთა ნაწილთან და მასთანაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი ბრიფინგის სახით კი არ გააჟღერებდნენ აი ამ ასე ვთქვათ ინიციატივას, არამედ ადგილზევე დასრულებისთანავე გაკეთდებოდა განცხადება და მერიას ვერავინ დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას. კვლავ და კვლავ კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან, მოახერხოს შეთანხმება,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

    ტაქსის მძღოლები დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, მანქანების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მძღოლებს შეუძლიათ, ავტომობილს ფირი გადააკრან. აქციის მონაწილეებისთვის მერიის ეს წინადადება მათთვის მისაღები არ არის. მათი თქმით, ფირის გადაკვრა ასევე დააზიანებს ავტომობილს.  

  • იურიდიულმა კომიტეტმა ეკა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპრექტი ჩააგდო.

    კანონპროექტს მხარი 3-მა  დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი იყო.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კენჭისყრამდე აცხადებდნენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან მათი შეფასებით, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

    ცვლილებები დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ წარადგინა. კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი. კანონპროექტში გაწერილია სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.