Category: არქივი

  • ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები- კალაძე ტაქსის მძღოლებზე

    კახა კალაძე აცხადებს, რომ სანამ რეგულაციებს მიიღებდა მერიამ შეისწავლა ტაქსის მძღოლების პრობლემები და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ რეფორმა ტაქსის მძღოლებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო და ეს მათთვის მტკივნეული არ ყოფილიყო. 

    „ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისს მერი დღეს  ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.  ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე  მისვლას ულტიმატუმით აპირებენ. ისინი თბილისის მერისგან  რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს დააანონსებენ.  

  • ავტობანზე, სადაც ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

    ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.  შემთხვევა დღეს დილით  გორი თბილისის მონაკვეთზე მოხდა,სადაც ბენზინმზიდი დაიწვა. როგორც ცნობიალია,  ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    გარდაცვლილის ვინაობა უცნობია,თუმცა  მძღოლი სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.ავტომობილს თურქული ნომრები აქვს.

    ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის გამოც თვითმხილველების თქმით, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე გავრცელდა.  ცეცხლს 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

  • რუსეთში დანერგილი 90-იანი წლების პრაქტიკა-ექსპერტები ამოყირავებულ მანქანებზე

    უკვე 3 დღეა მოქაქლაქეებს თბილისში ცენტრალურ გზაჯვარედინებზე ამოყირავებულ მანქანები  ხვდებათ. თუმცა ამ დრომდე უცნობია იდეის ავტორი და კამპანიის მიზანი.

    ქალაქში უცნაურ ინსტალაციებზე  ნებართვა მერიამ გასცა. უწყებაში  განმარტეს, რომ აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდებოდა.

    ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კი მიიჩნევენ რომ ეს საბჭოთა დროინდელი აქციაა და ის რეალურად პრობლემებს მოგვარებას არ ემსახურება.

    „გადმოიღეს 90-იანი წლების პრაქტიკა, რომელიც რუსეთში იყო დანერგილი. ჯართის განთავსებით უბრალოდ უხერხულია თუ რა თქმა უნდა ის მიზანი აქვს თბილისის მერიას, რომ ამით სურს აამაღლოს მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში ცნობიერება და დამოკიდებულება შეცვალოს მძღოლების, პირიქით ეს უფრო აგრესიას იწვევს,“-განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

  • პოლიციამ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

    პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

    გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზუგდიდში დაკავებულ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ბრალი წაუყენეს

    ზუგდიდში დაკავებული ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

    ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის ამის შესახებ საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

    რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ აქტივისტს  ანი წითლიძეს, ის გაათავისუფლეს.
    გუშინ ღამე გაატავისუფლეს ასევე პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია.

  • გორი- თბილისის მონაკვეთზე ბენზინმზიდი დაიწვა, დაღუპულია 1 ადამიანი

    გამთენიისას, გორი თბილისის მონაკვეთზე, საწვავის გადამზიდი ცისტერნა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად მძღოლი დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო მანქანაა მობილიზებული ცენტრალური მგისტრალი გადაკეტილია და ავტომობილებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ. ცეცხლის გაჩენის მიზეზების დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • შსს ზუგდიდში ოპოზიციის წევრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  განცხადება გაავრცელა ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრის დაკავების შესახებ.

    “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს. ზუგდიდის პოლიციის შენობა მან ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

    „ნაცვალად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დენით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინა საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები”,- განაცხადა პატარაიამ.

    მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში განუმარტეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში ამ დრომდე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.

    დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია,ასევე პარტიის წევრები ანი წითლიძე  და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

  • ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს

    ზუგდიდში ვითარება დაიძაბა,  სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. დაკავებულები არიან  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.

    ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

    ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები და რატომ დაჰყვებოდნენ ისინი მერობის კანდიდატს.

    ვითარების განსამუხტად ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ოპოზიციის წევრები დააკავეს.