Category: არქივი

  • ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე – თაკო ჩარკვიანი

    ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე-ეს განცხადება პარტია „კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესსთან“ საუბრისას აგააკეთა.

    „ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე.

    ვინც გავაკეთეთ და საქმე მაღალ დონემდე მივიყვანეთ, ეს იყო „ძალა ერთობაშია“. ჩვენ შედეგი დავდეთ და ეს შედეგი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომ დაგვიჯერონ და კანდიდატებად დაასახელონ ახალგაზრდები. რას ჰქვია მაჟორიტარებად ახალგაზრდებს არ დაასახელებენ?! ვინ არიან ეგენი?! 30 წელია ესენი არიან პოლიტიკაში და კიდევ ნათაღლითარი პოლიტიკოსები უნდა საქართველოს?! ამას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხული თემაა. მიხარია, რომ იგივე აზრი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სხვა პარტიებშიც, იგივე ალეკო ელისაშვილის მაგალითი მოიყვანეთ, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა მაჟორიტარების პროცესზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესთან“ საუბრისას.

  • მზად ვართ, 40%-ზე დაბალი მხარდაჭერით მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა გამოვრიცხოთ- მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი ძალა მზად არის გამორიცხოს ის 40%-ზე დაბალი მხარდაჭერით მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა.

    მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება და რადგან მმართველი გუნდი ამ პრინციპზე თანახმაა, შეთანხმებაც შედგება.

    ,,შემიძლია დაგიდასტუროთ, მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. ეს არის მთავარი პრინციპი, მთავარი საკითხი. უახლოეს მომავალში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, რადგან საერთო პრინციპზე ფაქტობრივად, ვთანხმდებით, შეთანხმებაც შედგება, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

    ცალკე აღებულ 110/40- ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40-პროცენტიან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას შეწყვეტს და დათანხმდება იმ საარჩევნო მოდელზე, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით მთავრობის დაკომპლექტებას გამორიცხავს.

  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

    დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

    „ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი.

    „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა”, – გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი.

    სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება.

  • თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

    ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება. აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე. დამატებით, ტოიოტას ცენტრში ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი:

    • ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან;
    • 1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“;
    • 1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“.
    საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, აქციის მიზანია აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. თიბისი ლიზინგი ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

  • ყველა ზომა მიღებულია, ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან- ზურაბიშვილი კორონავირუსზე

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეკატერინე ტიკარაძესთან და ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა ზომა მიღებულია და ყველა მოქალაქე დაცულია კორონავირუსისგან.

    მისი თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ ,,უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა”.

    ,,დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

    ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა.

    ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8042 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0114 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0686 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0383 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0303 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • როგორ მოახერხა ირანის მოქალაქემ გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცევა

    ირანის მოქალაქე გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან გამოიქცა და ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც ის ექიმებმა უკან ძალის გამოყენებით შეაბრუნეს.

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით, მამაკაცმა ტუმბო გატეხა, რაღაც ნაწილი მოაძრო და შეძლო კარის გაღება და გარეთ გამოსვლა.

    ,,შემოსვლის დღიდან ზედმეტად, გვიჭირდა ძალიან, დაცვის გამოყენება გვჭირდებოდა, რომ გაგვეჩერებინა”,- ამბობს ენდელაძე.

    მისივე თქმით, შემთხვევა განსაკუთრებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

    ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცევის შემდეგ, მამაკაცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა, რა დროსაც საავადმყოფოდან ორი თანამშრომელი გამოვიდა და ის უკან, ინფექციურ საავადმყოფოში შეაბრუნა.

  • აშშ–ს თურქული სამხედრო ბაზის საქართველოში გადმოტანას სთავაზობენ

    ვაშინგტონსა და ანკარას შორის წინააღმდეგობების ზრდის ფონზე აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზის საქართველოში, კერძოდ ვაზიანში გადმოტანას სთავაზობენ.

    ეს იდეა საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მეცნიერ თანამშრომელმა, მირო ფოფხაძემ გამოცემა Washington Examiner–თან საუბრისას გამოთქვა. მისი აზრით, ამერიკული ძალების გადაჯგუფება რუსული საგარეო პოლიტიკის გეგმებისადმი წინააღმდეგობას და ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში ირანის ამბიციების შეკავებას შეუწყობს ხელს.
    იმის გამო, რომ ვაშინგტონისა და ანკარას სტრატეგიული ინტერესები ბოლო წლებში ერთმანეთს ხშირად აღარ ემთხვევა, თურქეთში ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გამოყენება არაერთხელ გახდა დისკუსიების საგანი. თუმცა, როგორც “ეხო კავკაზა“–ს წერს, ექსპერტები ამ პრობლემის მოგვარების გზად ინჯირლიკის ბაზის პერედისლოცირებაში ხედავენ.

    ფოფხაძის აზრით, საქართველოს შეუძლია აშშ–ს სამხედრო ავიაბაზის პოტენციური მშენებლობის ადგილად ვაზიანი შესთავაზოს, რაც მეზობელ რეგიონებში რუსეთის და ირანის გავლენას შეაკავებს. ფოფხაძე თვლის, რომ ამერიკას უნდა შეეძლოს ფიზიკურად გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული ძალები და მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი კონტიგენტი განალაგოს.
    ადგილმდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის შეზღუდვისთვის ამერიკული ძალისხმევაში და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საფრთხის შეკავებაში– ამბობს ექსპერტი.

    ეს იდეა ახალი არ არის. Heritage Foundation–ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სირიაში და ერაყში კონტიგენტის შემცირების გეგმების ფონზე გამოვიდა ინიციატივით აშშ–ს შეიარაღებული ძალები ახალქალაქში განთავსდეს.

    წყარო: ეხო კავკაზა

  • ჯერჯერობით არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას- ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ჯერჯერობით არ განიხილება იტალიიდან ფრენების შეზღუდვა.

    ,,ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან, დიასპორის წარმომადგენლებთან, აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ყველა საელჩოში არის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმშია ჩართული. შემოდის კითხვები, ამ კითხვებზე ხდება პასუხების გაცემა. აეროპორტში მიღებულია საგანგებო ზომები. ყველა ის რეისი, რომელიც ჩამოდის, საგანგებოდ მოწმდება.

    ჯერჯერობით, ამ მომენტში არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას. იცით, რომ ორი ქვეყანაა – ჩინეთი და ირანი, ვისთანაც ფრენები შეზღუდული გვაქვს, მათ შორის სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან კონტაქტი, ვინაიდან ისინი არიან ტრანზიტული ქვეყნები“, – აცხადებს ზალკალიანი.

    ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებული კი 528.

  • ვენაში ვარ WHO-ს თათბირზე, აქ სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებს- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თათბირს ესწრება. მისი თქმით, იცის, რა ხდება საქართველოში, კოლეგები კი ეუბნებიან, რომ ვენაში სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებს.

    ,,ვენაში ვარ ჯანმოს თათბირზე First meeting of the European Region Laboratory Task Force for High Threat Pathogens. ვიცი საქართველოში რაც ხდება. აქ ვენაში, 2 შემთხვევაა უკვე და ჩრდილოეთ იტალია სულ ახლოა. ნიღბიანი არავინ მინახავს, აეროპორტშიც კი. ქალაქში ვერ გავედი, მაგრამ, კოლეგებმა მითხრეს სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო. ხო, ყველა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩვენი მზადყოფნით და ოპერატიული ქმედებებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სიმშვიდის და სოლიდარობის მნიშვნელობას ასეთ დროს. პ.ს. ნიღბები მთელ ევროპაში დეფიციტშიაო, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისათვის პირველი რჩევა ნამდვილად არ არის. ხელების ხშირი დაბანა ანუ ხელების დეზინფექციაა მთავარიო”,- წერს იმნაძე.