Category: არქივი

  • მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია

    შსს-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შსს-ს ცნობით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.

    ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით ადგილზე მთელი ღამით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება.

  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

    სავარაუდოდ ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ,,მთავარი არხი” ავრცელებს.

    ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს შსს და სუს-ი.

  • არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია კონტროლირებადია- ეკატერინე ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია კონტროლირებადია.

    მისი თქმით, მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები, არსებობს რესურსი ზუგდიდშიც, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერჯერობით არ არის. 

    ,,მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად”,- ამბობს ტიკარიძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 შემთხვევაა დადასტურებული. 1 მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, მეორე კი 31 წლის ქალი. ის იტალიაში მოგზაურობდა.

  • ნინო ხაჟომიამ დანიშვნიდან 4 დღეში აჭარის მაუწყებელი დატოვა

    24 თებერვალს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს რედაქტორად დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ მაუწყებელი საკუთარი განცხადებით 4 დღის შემდეგ, დღეს დატოვა.

    მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე მას ფირუზ ბოლქვაძე შეცვლის.

    ამასთან, ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.

    მას შემდეგ რაც ნინო ხაჟომიამ აჭარის მაუწყებელში ახალი პოსტი დაიკავა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას საქმიანობდა ხაჟომია რუსთავი 2-დან წასვლის შემდეგ, რაზეც მისი პასუხი იყო ,,ვტ##ნაურობდი”.

  • მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან ხანძარია

    მთაწმინდის პარკში, ეშმაკის ბორბალის დაბლა ხანძარია.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სახანძროს 4 მანქანა და დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორიას უკიდია ცეცხლი.

  • ,,ფარმსახლი” პენსიონერებს პირბადეებს უფასოდ ურიგებს

    სააფთიაქო კომპანია ,,ფარმსახლი” პენსიონერებს პირბადეებს საჩუქრად გადასცემს.

    მათი თქმით, პირბადის მისაღებად მხოლოდ საპენსიო ბარათის წარდგენაა საჭირო.

    „დღის განმავლობაში საპენსიო ასაკის მქონე პირთათვის „ფარმსახლის“ ფილიალებში პირბადეები გაიცემა საჩუქრად. აუცილებელია, მხოლოდ საპენსიო ბარათის წარდგენა! პირბადეები არის შეზღუდული რაოდენობით“, – წერია განცხადებაში.

    უფასო პირბადეები ,,ფარმსახლის” შემდეგ ფილიალებში გაიცემა:

    თბილისი:

    ყაზბეგის 14;  2470110(274)
    ვაჟა ფშაველას 48;  2470110(258)

    რუსთავი:

    შარტავას 10; 2470110(254)
    თოდრიას მოედანი; 2470110(263)
    კოსტავას 19 ; 2470110(276)
    მესხიშვილის 1ა ;  2470110(277)

  • “გამოძიებას მივუთითე კონკრეტული გვარები, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს” – ზვიად კუპრავას გამოკითხვა დასრულდა

    გამოძიებას მივუთითე კონკრეტული გვარები, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილი, – ამის შესახებ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებიდან გამოსული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს.

    „გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე თავდასხმასთან დაკავშირებით. მათ შორის, ინფორმაცია მივაწოდე კამერებთან დაკავშირებით. გამოძიება დაინტერესებული იყო, მაქვს თუ არა პირადი სახის კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანებთან, რაზეც საგამოძიებო ორგანოს მივუთითე კონკრეტული გვარები: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილია. ამ ადამიანებთან მაქვს განსაუთრებული კონფლიქტი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას, – განაცხადა კუპრავამ.

    მისივე თქმით, აქვს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს თვალებში შესხმული სითხით ორივე თვალის დამწვრობა აღენიშნება.

    კუპრავა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.

    „ვოლსკი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ჰყავს „ზონდერბრიგადა“. უშუალოდ ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის ნასედკები. ეს არის ვოლსკის „კამანდა, – განაცხადა კუპრავამ.

    ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“.

    შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს გუსინ ღამით საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    29 თებერვალს დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

  • ელენე ხოშტარია იმ ახალგაზრდებს ხვდება, ვინც მისგან მანდატის დატოვებას ითხოვენ (ვიდეო)

    ელენე ხოშტარია იმ ადამიანებს ხვდება, ვინც მისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ.

    მათი თქმით, ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა შეურაცხმყოფელი იყო. 

    ისინი ცდილობენ, ელენე ხოშტარია დაარწმუნონ, რომ საპარლამენტო მანდატი დატოვოს.

    ,,თქვენი ეს საქციელი იყო ჩემთვის ანტისახელმწიფოებრივი, სამწუხაროდ, და ძალიან ვწუხვარ იმაზეც, რომ ღირსეულად მანდატის დატოვებამდეც ვერ მივედით, იმიტომ , რომ ძაან კარგად შეხვიდოდით ისტორიაში”,-ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

    ,,მეც ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დაგარწმუნეთ იმაში, რომ ეს არის ბრძოლა საბჭოთა კავშირთან”,- პასუხობს ელენე ხოშტარია. 

    ახალგაზრდები იგივე მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციებსაც მართავდნენ.

    ისინი უარყოფენ, რომ ,,ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და ირწმუნებიან, რომ ჯანსაღ პროტესტს გამოხატავენ.

    20 თებერვალს მოძრაობამ ,,გხედავ” შეძლო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება. მოძრაობის ცნობით, ისინი ,,ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.

    18 თებერვალს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.

  • თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

    თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    შეხვედრას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი – ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები – გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი – ოთარ ნადარაია უძღვებოდნენ.

    გამომსვლელებმა თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს.

    სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლებმა ბიზნესპარტნიორებთან ერთად მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

    2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი – 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად კორპორატიულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.

    კორპორატიულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის. MSME სექტორში კი – სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე.

    თიბისი ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით. ამჟამად თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი – 37.9%-ს.

    თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა.

    2019 წელი თიბისისთვის წარმატებული იყო საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.

    პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.

    თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება თიბისის ციფრული ბანკის – სფეისის საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებაა, რაც უახლოეს მომავალში სფეისის მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს.

    გასული წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი – საუკეთესო ბანკად საქართველოში.

    „ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. ზოგადად, თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 2020 წლისთვის დასახული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    თიბისის შემაჯამებელი შეხვედრა ბინზესების წარმომადგენლებთან ყოველწლიურად ჩატარდება, რომლის მიზანი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის შედეგების გაცნობასთან ერთად, მათი მოსაზრებების გაზიარება იქნება.