Category: არქივი

  • ყაზბეგში გზის მშენებლობა კერძო ნაკვეთებზე მეპატრონეთა ნებართვის გარეშე დაიწყეს

    ყაზბეგში ტურისტული გზის მშენებლობა ადგილობრივების კერძო მიწის ნაკვეთებზე ხელისუფლებამ მათი ნებართვის გარეშე დაიწყო. 

    სნო-ჯუთა-როშკის დამაკავშირებელი ტურისტული გზის პროექტირება დასრულდა, თუმცა, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება ვერ შედგა. კომპენსაციის სახით, სნოელებს კვადრატულ მეტრში 10 ლარი შესთავაზეს.

    ადგილობრივებისთვის, ვისთვისაც მიწა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ეს თანხა მიზერულია. უარის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამუშაოები მაინც დაიწყო.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში გზა 29 ნაკვეთზე გავა. მოსახლეობა ითხოვს, მათი მიწები საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასონ და კომპენსაცია ისე გადაუხადონ.

    მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად სოფელ სნოში დღეს ყაზბეგის მერი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეთანხმება ვერ შედგა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, მოსახლეობას რატომ ჩამოაჭრეს ტერიტორიები დაუკითხავად.

    გზის მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ტურისტული მაგისტრალი სნოსა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს, ჯამში, 200-კილომეტრიანი მარშრუტი ჭიუხებზე სამანქანო გზის გაჭრასაც ითვალისწინებს და 140 მილიონი ლარი ჯდება.

    მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ამბიციური პროექტი 4 სოფელის მოსახლეობის მიწებზე გაივლის. შეთავაზებულ 10 ლარზე ადგილობრივები უარს ამბობენ, მიუხედავად ამისა, კერძო საკუთრებაში მეპატრონეების გვერდის ავლით, გზა მაინც გაყავთ.

  • დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს

    გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს ზუგდიდში დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს.

    მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სარეზოლუციო ნაწილი კი  19 აპრილს გამოქვეყნდება.

    მანუჩარ ჩხეტიას გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს საარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.

    სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები გუშინ, ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

    დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მართავდა, რა დროსაც მას უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.

    ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები. ოპონენტები დაკავებებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.

  • ინგლისში კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა, ხალხს პერფორმანსის ნაწილი ეგონა

    ვეტერანი   კომიკოსი იან კოგნიტო ხალხთან სცენაზე ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს გარდაიცვალა, ეს ხალხს მისი პერფორმანსის ნაწილი ეგონა და 5 წუთი იცინოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

    დამსწრეების თქმით, 60 წლის კომიკოსი სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მათ ეს პერფომანსის ნაწილი ეგონათ, სინამდვილეში კი იან კოგნიტო ცუდად  გახდა.

    მაყურებლების თქმით, 10 წუთით ადრე ის გულის შეტევაზე ხუმრობდა.მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ გულის შეტევა გახდა.

    “ჩვენ ძალიან ცუდად ვიგრძენით თავი, რადგან ის სკამზე იჯდა, ჩვენ კი ხუთი წუთის განმავლობაში მასზე ვიცინოდით, ვიფიქრეთ რომ პერფორმანსის ნაწილი იყო”, – თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.

    მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მიხვდნენ რომ იან კოგნიტო ცუდად იყო, ხალხს აუდიტორია დაატოვებინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

    ექიმებმა მალევე დაადასტურეს რომ კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა.

  • ქუთაისში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს

    ქუთაისში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გოგონას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.მათი თქმით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

    შეგახსენებთ, გოგონა თითქმის სამი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. მან საკუთარ  ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა და სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა. მის ძებნაში ჩართული იყო საპატრულო პოლიცია.

  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში დამწვარი მამაკაცი გურამ გოგიჩაიშვილის მამაა

    დღეს, საქართველოს მთავარმა მაგისტრალზე, ქალაქ გორთან მომხდარი ავტოკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა.  გარდაცვლილი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი და საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ლეგიონერის გურამ გოგიჩაიშვილის მამაა.

    შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი დიდ მონაკვეთზე გავრცელდა. ცეცხლს 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულში მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი დაასახელა.

    მუსტაფაევი მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს.

    მერობის კანდიდატმა იმ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა, რის წინაშეც მარნეულის მოსახლეობა დგას. აგილ მუსტაფაევის თქმით, მისი მთავარი ამოცანა მარნეულში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

  • ქუთაისში მაშველებმა ხიდის ქვეშ გაჭედილი ძაღლი გადაარჩინეს

    ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ, წყლის ჩამკეტ ფარზე ჩარჩენილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი.

  • “ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი”-ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე

    აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის ორი წევრის მიერ მისი იმპიჩმენტის  საკითხის დასმის ფაქტს გამოეხმაურა.

    ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარის  ტელევიზია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაწუყებელი. მისი განცხადებით, არხი იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას.

    “ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა – უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,- აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

  • “მინდა ტერენტი გრანელს ბოდიში მოვუხადო”-ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი

    “ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი”, – ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას, ​”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა.

    მირდატ ქამადაძემ იკითხა ტერენტი გრანელი პოეტი  იყო თუ პროზაიკოსი. ამ შენიშვნით გაღიზიანებულ პატარიძესა და ქამადაძეს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ჩხუბში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

    ჩხუბის შედეგად დაშავდა საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” როინ ზოიძე . სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

  • ნუცუბიძეზე ხევში ავტომობილი გადავარდა

    ნუცუბიძეზე ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და სამართალდამცავები. მაშველები მანქანის ამოყვანას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.