Category: არქივი
-
“მაქვს პასუხისმგებლობა ქართული ენის პოპულარიზაციაზე” – სალომე ზურაბიშვილი
„ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივად გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველასი ენა როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი. მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის. ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ, ე.ი. თქვენც, გააკეთოთ ის ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა და ამიტომ მე აქიდან დღეს, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელი არის, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა ბაღი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ახალქალაქში სტუმრობისას, სადაც დედა ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.სიტყვით კი მოსახლეობისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე გამოვიდა, რომელსაც ესწრებოდნენ: მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში მოსახლეობასთან საუბარი ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო. ,,დღეს სახელმწიფო ენის დღეა! მე მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები. მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას ,,დედა ენით” და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია.“– განაცხადა ზურაბიშვილმა. -
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავეს
ზუგდიდში, აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ერთი პირი გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვედრაზე შეიყვანეს. მათ შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს მთავარი გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პარალიზებული იყო ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი.
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის სამმართველოს შენობისკენ, სადაც აქციაზე დაკავებული პირია გადაყვანილი მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.
დღის პირველ ნახევარში სამხარეო პოლიციის შენობის წინ ხმაური იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.
-
“უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე“–ნათელაშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს ოცნების საარჩევნო გეგმებში არ ჩაერთოს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპატრიარქოს მოუწოდებს არ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და არ მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმაში, რომელიც შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის დაპირებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში გასცემს, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა და ქველმოქმედებასთან არანაირ კავშირში არაა.
„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
-
ხმაურიანი პროტესტი ზუგდიდში. დაკავებული ბიზნესმენის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს
ხმაური იყო დღეს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან სადაც დაკავებული ბიზნესმენის, ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრების და ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.
პოლიციამ გზის პირას კორდონი აქვს გააკეთა რის შემდეგაც დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებს შორის.ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მოქალაქეები სოფელ შამგონადანაც შეუერთდნენ.
აქციაზე ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
დაკავებული დგებუაძის მამა კი ამბობს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მის შვილს არ გაათავისუფლებენ. დგებუაძის ოჯახი იმუქრება, რომ შამგონაში 19 მაისის არჩევნებს ჩაშლიან.
დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.
დგებუაძის, ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველები დგებუაძის ოჯახის მოსმენას უკანონოდ ახორციელებენ.
„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ვინაიდან, უსაფუძვლო არის ბრალდება. რაც შეეხება თვითონ მოსმენას, მოსმენა განხორციელდა სასამართლო განჩინების საფუძველზე როგორც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა იმის შემდეგ, რაც მოხდა ფარულად დამონტაჟება მოსასმენი მოწყობილობის, ოჯახი აცხადებს, რომ დღემდე რჩება იქ მოსასმენი მოწყობილობა, იმიტომ რომ მერე არავინ არ მისულა და არ წამოუღია“ – აცხადებს ადვოკატი.
ბესიკ დგებუაძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, ოჯახის წევრების განცხადებით, უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ბიზნესმენი ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზეა დაკავებული.
ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.
როგორც ბესიკ დგებუაძის უფლებადამცველი ამბობს, მას არ დაუნახავს, ვინ გაისროლა მისი მისამართით. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
-
8 წლის ბიჭს დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა
8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფელში ძალადობაში ბრალდებული მშობელი ადასტურებს, რომ ვახშმობის დროს შვილს გაუბრაზდა, წყობიდან გამოსულმა კი ცხელი სადილით სავსე თეფში არასრულწლოვნის მიმართულებით ისროლა.
კურიერის ინფორმაციით კერამიკის თეფშით 8 წლის ბიჭმა ჭრილობები მიიღო. ძლიერი სისხლდენით ის კლინიკაში გადაიყვანეს და თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.
არასრულწლოვანზე განხორციელებულ თავდასხმასაც ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა – დაზარალებული ბიჭის 3 წლის ძმა. დედამ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვან თვითმხილველს ამ თემაზე საუბარი, დაჭრილ შვილს კი სკოლაში წასვლა აუკრძალა.
კურიერთან საუბრის დროს მშობელი არ მალავს, რომ ჭრილობები თავის არეში შვილს თეფშის მოქნევით გაუჩნდა, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია.
დედის მცდელობა, რომ ოჯახში ძალადობის ამბავი დაიმალებოდა, უშედეგო აღმოჩნდა. საპატრულო პოლიციაში შევიდა ანონიმური ზარი, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მარტოხელა დედა ერთ შვილს სასტიკად ეპყრობოდა და ხშირად სცემდა.
გამოძიება დაიწყო და გაირკვა, რომ ამ ანონიმური ზარის ავტორი ძალადობაში დადანაშაულებული ქალის ძმა იყო. სწორედ ბავშვის ბიძის ჩვენების საფუძველზე გამოუწერეს ახალგაზრდა დედას შემაკავებელი ორდერი და არასრუწლოვანი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დედამ 8 წლის ბავშვზე იძალადა. ამის შესახებ კი ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებსაც ჰქონდათ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა.
საპირისპიროს ამტკიცებს სოციალური სამსახური. მუშაკები ამბობენ, რომ ძალადობის ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას არავისთვის არასოდეს მიუმართავს.
ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება სკოლის დირექტორის და დამრიგებლის წინააღმდეგ, რომლებმაც არავინ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ დედა ბავშვზე, სავარაუდოდ, ძალადობდა.
-
სარფის საბაჟოზე ნარკოტიკის შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს
შსს–ს ინფორმაციით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ე. ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ე.ზ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
-
პოლიციამ ბათუმში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 4 პირი: 1964 წელს დაბადებული ს.ჯ., 1986 წელს დაბადებული პ.ა., 1984 წელს დაბადებული ს.პ. და 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ. ბრალდებულმა თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რაც შეეხება პ.ა.-ს და ს.პ.-ს, პოლიციამ აღნიშნული პირები მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.
გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
-
ოზურგეთში ხანძარს მთელი ღამე აქრობდნენ
ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხერხდა. დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი – 30 ჰა ფართობი.
ცეცხლი შემოქმედში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის ქრობის და ცალკეული კერების დამუშავების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. -
ოზურგეთში ტყე იწვის
ოზურგეთში, შემოქმედი-გომის ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია.ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
-
ვინ არის ქალი, რომელიც პრეზიდენტს შეხვედრას სთხოვდა?
ქალი, რომელიც 9 აპრილს მემორიალთან მისულ პრეზიდენტს შეხვედრას უშედეგოდ სთხოვდა, “ჯაბა კრედიტისგან” დაზარალებული პენსიონერი ლამზირა ქორიძე აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს.
კუპრაძის ინფორმაციით, ქალბატონი თანხას “ჯაბაკრედიტში” სახლის საყიდლად აგროვებდა. მოულოდნელად მან გაიგო, რომ საფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდა და თანხის დაბრუნებაზე კლიენტს უარი განუცხადეს. ქალბატონი ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ირაკლი კუპრაძე საზოგადოებას დაზარალებულის დახმარებას სთავაზობს.