Category: არქივი

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

    პანკისში,  მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტში იმყოფება. მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება.

    19 წლის თემირლანის მამა ითხოვს, მოხდეს გამოძიება რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა. მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

  • შსს-მ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

    ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

  • “ცხოველს არ მოექცევიან ასე”-ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი ისრაელიდან დაბრუნდა

    ანსამბლ „გორდას“ ხუთი წევრი და  მშობლების ნაწილი  ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდნენ. მათი განცხადებით, ისინი სადეპორტაციო განყოფილებაში რამდენიმე დღე გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.  მათი თქმით, საბუთები წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ  საზღვარზე მაინც არ შეუშვეს.

    „აეროპორტში დაგვაკავეს, არანაირი ახსნა, არაფერი, უბრალოდ გვითხრეს არასასურველი სტუმრები ხართ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. სიბინძურე, შიმშილი, ცხოველს არ მოექცევიან ასე,“-აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თინათინ გელაშვილი.

    “საბუთებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში გვქონდა, როგორც კი ჩავედით, თვითმფრინავიდან ჩასვლა და გამოგვყვა თანამშრომელი, მიგვიყვანეს ოთახთან, სადაც გვითხრეს რომ დაგველოდეთ აქ, პასპორტები ჩამოგვართვეს და შევიდნენ. 6 საათის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან, პირდაპირ გვეუბნებიან, არასასურველი სტუმრები,“-აცხადებს ქორეოგრაფი დავით კაჭარავა.

    ანსამბლის წევრების ნაწილი კი ისევ ისრაელში რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრებიან.

  • ფრანგი მილიარდერის ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს

    ფრანგი მილიარდერი და სელმა ჰაიეკის  ქმარი ფრანსუა-ანრი  პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

    „მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია  100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“, – განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.

    ფრანსუა-ანრი პინო  „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია. პინოების ოჯახი ასევე   ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორენს“, „პუმას“, ბალენციაგა და ა.შ. 

    სელმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო 2009 წლიდან სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს ცხოვრობენ.

    პინოს განცხადება ემანუელ მაკრონის პირობას მოჰყვა, ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს პირობა მისცა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი  აუცილებლად აღდგება.

    ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამ დროისთვის სრულად ჩამქრალია. ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათი ებრძოდნენ. ცეცხლი ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ პარიზის  დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა.

    ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის  სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

    ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები  უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზის ღთისმშობლის ტაძრის აღდგენის პირობა დადო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პირობა დადო. მისი განცხადებით, წამოიწყებს საერთაშორისო კამპანიას ტაძრის რესტავრაციისთვის თანხების შესაგროვებლად.
    ემანუელ მაკრონი ტაძართან მივიდა და მომხდარს შემზარავი ტრაგედია უწოდა. თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტის თავიდან აცილება მოხერხდა.
    მანამდე მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ტაძრის ორი კოშკის გადარჩენა სავარაუდოდ მოხერხდება. მანამდე ისინი შიშობდნენ, რომ კოშკები შესაძლოა ჩამოშლილიყო.
    ხანძარმა სრულად გაანადგურა ტაძრის ინტერიერი, სახურავი და სამრეკლო. მოხერხდა ტაძარში დაცული რელიქვიების გადარჩენა. მათ შორის არის ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სავარაუდოდ, სრულ განადგურებას გადაურჩა

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია, სავარაუდოდ,  სრულ განადგურებას გადაურჩა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” პარიზის სახანძრო სამსახურზე  დაყრდნობით იუწყება. საფრანგეთის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტაძრის 2 კოშკი შენარჩუნებულია, ხოლო ხანძარი შესუსტდა.

    ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ჩამქრალი არ არის, თუმცა ინტენსივობა და გავრცელების საშიშროება შემცირებულია.

    ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში   ერთი მეხანძრე  დაშავდა.

    ამ ეტპზე ცნობილია ისიც, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის პრესსპიკერმა ანდრე ფინომ განუცხადა.

    ტაძარში არსებულ რელიქვიებს შორის არის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძრის შედეგად გადარჩა.

    ხანძარი  პარიზის დროით  საღამოს 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს შესაძლოა უკავშირდებოდეს.

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩა

    ტაძრის ჩრდილოეთი ნაწილი, რომლის ჩამონგრევას შესაძლოა მთელი კონსტრუქციის ჩამოშლა მოჰყოლოდა, მეხანძრეების ინფორმაციით გადარჩა. ცეცხლის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ტაძარი კვლავ იწვის და ცეცხლის ჩაქრობას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ მოხერხდება წინა ორი კოშკის გადარჩენა და ფასადის შენარჩუნება. განადგურებულია სახურავის დიდი ნაწილი და ინტერიერი მთლიანად.
    ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე დაიწყო. ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხანძრის დაწყებისთანავე ხალხის ევაკუაცია მოხდა.
    ხანძარმა ტაძარი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ჩამოიქცა მთავარი კოშკი და სამრეკლო.
    პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩა.
    პარიზის პროკურორის განცხადებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით:„ზიანის მიყენება გაუფრთხილებლობით„.

  • “საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა”-პრეზიდენტი პარიზის ხანძარს გამოეხმაურა

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში არსბულ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    „თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩის შანსი აღარ არსებობს. მერიას იმედი აქვს, რომ ფასადს მაინც გადაარჩენენ

    მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთი კოშკი მაინც გადაარჩინონ. მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩასაქრობად ყველა ძალას იყენებენ, გარდა სახანძრო თვითმფრინავებისა, რადგან ამ შემთხვევაში ის კონსტრუქციებიც დაინგრევა, რომელთა გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
    თუმცა შესაძლოა ნოტრ დამის გადარჩენა ვერ მოხერხდეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ტაძარი მთლიანად დაიწვას, თუმცა პარიზის მერიას იმედი აქვს რომ ტაძრის ფასადის გადარჩენას მაინც მოახერხებენ. მეხანძრეები მუშაობას განაგრძობენ.
    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა ბოლოს სერიოზული დაზიანებები მეთვრამეტე საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციის დროს მიიღო. ორი მსოფლიო ომი ტაძარმა ისე გადაიტანა, რომ არ დაზიანებულა.
    მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობდა. ის პარიზის ცენტრში 12–ე– 14–ე საუკუნეებში აშენდა და გოთიკური სტილის ნაგებობის საუკეთესო ნიმუშია.
  • “ჩემი გული ახლა პარიზშია”-ჰილარი კლინტონი პარიზის ხანძარს ეხმაურება

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

    ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელში“ მწუხარებას გამოხატავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

    “ჩემი გული ახლა პარიზშია” – წერს ჰილარი კლინტონი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

    „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას შეუძლია გაერთიანდეს ისეთ დიადი მიზნისთვის როგორიცაა,  სუნთქვისშემკვრელი  სალოცავების აშენება, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ააშენებს. ვუსურვებ საფრანგეთს გამძლეობას და  ერთიანობას, რათა თავიდან ააშენოს”,- წერს ჰილარი კლინტონი.

    ბოლო ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

    ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი. შესაძლოა, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.