Category: არქივი

  • ტაძარში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა-პარიზის პროკურატურა

    არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ხანძარი განზრახ გაჩნდა- ამის შესახებ განცხადება  ცოტა ხნის წინ პარიზის პროკურორმა რემი ჰეიტზმა გააკეთა.
    სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, მთავარ ვერსიად გამოძიება უბედურ შემთხვევას განიხილავს.

    პროკურორის  თქმით, შემთხვევის ადგილზე პროკურატურის 50 თანამშრომელი იმყოფება, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს.ჰეიტზის თქმით, ამჟამად იმ მუშების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

    ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის გადარჩენა შეძლეს.

    როგორც ცნობილია, გადარჩა ტაძრის რელიქვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

    ხანძარი პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. 

  • “ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის”-ეკა ბესელია

    “ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის,” – ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა.

    დეპუტატის  შეფასებით, ხელისუფლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის” გზას მიყვება, რომელიც  არავის აზრს არ ითვალისწინებდა. 

    „ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არამარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა.

    როდესაც არ იზიარებ სასარგებლო რჩევების მომცემთა პოზიციას, არ გესმის ევროპული სტრუქტურების, ასე იქცეოდა ერთი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავისი არ ესმოდა და საბოლოოდ დარჩა მარტო და გახდა ქართველი ხალხის აგრესიის და მიუღებლობის მსხვერპლი”, – განაცხადა ბესელიამ.

  • მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

    მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

    განათლების  სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს,  მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.

    „რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

    შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • გორში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

    გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა -შენახვისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.

    პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    გორში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

    მოსამართლეების შერჩევის წესი – ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად.

    ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისთვის.ამის შესახებ მე-16 პუნქტშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-დან 20-მდე, პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენი შემდეგი არჩევნების გზით არჩეულმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს,”-ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.

    საყურადღებოა, 22-ე პუნქტი,რომელშიც მოსამართლეებისთვის გამოცდების გაუქმების რეკომენდაციაა გაცემული.

    22. მეორე დაბრკოლება არამოსამართლე კანდიდატებისთვის არის ის რომ მათ გაიარეს სასამართლო კვალიფიცირების გამოცდა. ეს უნდა გადაიხედოს, რადგან მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი შეიძლება ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცებლად რომ ერკვევა სამართლის საკითხებში, რაც უზენაესი სასამართლოს სამუშაოს არსს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

    უზენაესი მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. 

  • “ბიუჯეტის მესამედი მიდის გზებზე, ეტყობა რამე?”-სანდრა რულოვსი ზუგდიდში

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა.

    რულოვსის თქმით, სავალი ნაწილის საფარი სავალალო მდგომარეობაშია. მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაფუჭებული გზები მათ ავტომანქანებს აზიანებს.

    სანდრა რულოვსის განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიუჯეტის 1/3 წილი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, 7 წელი  საკმარისი უნდა ყოფილიყო გზების მოსაწესრიგებლად.

    მისი თქმით, საბიუჯეტო თანხები გამოიყენება არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად.  სანდრა რულოვსის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გზების პრობლემა ზუგდიდში ეტაპობრივად მოგვარდება.

  • ”ბარსელონა მსოფლიოში საუკეთესო გუნდია” – რეშფორდი განმეორებით მატჩამდე კატალონიელებს აქებს

    მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი შეაფასა და კატალონიურ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა.

    “ბარსელონა – მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ ურთულესი იქნებოდა წარმატების მიღწევა. პირველი თამაში, ასე თუ ისე, თანაბარი გამოდგა. ახლა პოზიტიურად უნდა განვეწყოთ ამ მატჩისთვის და საკუთარი სამუშაო წარმატებით შევასრულოთ”, – ციტირებს რეშფორდს The Mirror.

    შეგახსენებთ, საკუთარ მოედანზე წითელი ეშმაკები მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდნენ. მათ წინაშე საკმაოდ რთული ამოცანაა, თუ მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ, კამპ ნოუზე ბარსელონა ნებისმიერი სხვაობით უნდა დაამარცხონ.

    განმეორებითი მატჩი დღეს, 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

  • შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება – კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

    ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია. ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

    კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეთა არჩევასთან.

    „ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული მოსამართლეების შერჩევასთან, მოსამართლეთა არჩევასთან და ეს კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი,“ – განაცხადა კობახიძემ.

    კობახიძის თქმით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა გაზიარებაც მოხდება. მათ შორის შესაძლებელია გაითვალისწინონ რეკომენდაცია გამოცდის ამოღებასთან დაკავშირებით.

    „ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია, შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩანია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი,“ – განაცხადა კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ასევე საუბარია იმაზე, რომ ინტერესტთა კონფლიქტის არიდების მიზნით იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას.

    „ასევე შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს, ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ის ნორმა, რომელიც გამორიცხავს მთლიანად ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და როგორც მოგეხსენებათ, აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა, არის ინიციატივა, რომ მას არ ჰქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება ანუ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და კონტექსტის გათვალისწინებით, აქაც, მე პირადად მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, ამ რეკომენდაციის გაზიარება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • კლიპერსის ისტორიული დაბრუნება – მოქმედ ჩემპიონებს პრობლემები აქვთ

    დღეს გამთენიისას ოკლენდში ადგილობრივი უორიორსი პლეიოფის რიგით მეორე შეხვედრაში ლოს ანჯელეს კლიპერსს მასპინძლობდა (შეგახსენებთ სერიაში გოლდენ სთეითი იგებდა 1-0).

    ოკლენდელებისთვის შეხვედრა ძალიან უსიამოვნოდ დაიწყო. მატჩის დაწყებიდან 4 წუთში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი დემარკუს ქაზინსი ტრავმის გამო გამოაკლდა. სტივ კერმა მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დემარკუსი დიდი ხანი ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

    ტრავმის მიუხედავად, უორიორსის კალათბურთელები ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და არ გასჭირვებიათ უპირატესობის მოპოვება. ერთი შეხედვით ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდიოდა და მატჩიც ლოგიკურად მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მესამე მეოთხედში მატი უპირატესობა 31 ქულამდეც კი გაიზარდა.

    თუმცა მატჩის მიწურულს კლიპერსის კალათბურთელები გამოფხიზლდნენ და ნელ-ნელა თამაშში დაბრუნება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს: 128:126.

    უორიორსისთვის სამწუხაროდ დემარკუსი ერთადერთი დანაკარგი არ ყოფილა. მატჩის მიწურულს, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა კევინ დურანტმა მეექვსე ჯარიმა მიიღო არასწორად დაყენებული ბლოკისთვის და თამაშს ისიც გამოეთიშა. ორი ლიდერის გარეშე დარჩენილმა გოლდენ სთეითმა ყველაფერი სცადა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო. თავის მხრივ კლიპერსმა NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქამბექი შეასრულა.

    ისტორიულ დაბრუნებაში კლიპერსის რიგებიდან ლომის წვლილი ლოუ უილიამსმა შეიტანა. მის ანგარიშზე 32 წუთში 34 ქულა, 2 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა იყო. უორიორსის რიგებში საუკეთესო სტეფ კარი გახდა: 33 წუთში 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა.

    სერია გათანაბრდა: 1-1. შემდეგი მატჩი უკვე ლოს ანჯელესში გაიმართება თბილისის დროით პარასკევს გამთენიისას 06:30.

  • თუ მთაწმინდაზე გადაეწერებით, ჰერმან საბო გაკოცებთ — გირჩის ახალი კამპანია

    “მთაწმინდელობა კოცნით გადადის”, — გირჩი ახალ  კამპანიას იწყებს, რომლის მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო სურვილისამებრ, აკოცებს ყველას, ვინც შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება.

    “ჩვენთვის მთაწმინდის არჩევნები არის 2020 წლის არჩევნების რეპეტიცია. არსებულ რეალობაში, არჩევნების მოგება მხოლოდ თავისუფალი და მიზანდასახული ადამიანების საზოგადოებას შეუძლია.

    ასეთი საზოგადოების მშენებლობის დასაწყებად ვიყენებთ მთაწმინდის არჩევნებს. სწრაფად და ხარისხიანად უნდა გავიცნოთ ახალი ადამიანები, შევძლოთ ერთმანეთთან სერიოზულად და გულწრფელად საუბარი, რის გარეშეც ურთიერთობას აზრი არ აქვს.”-ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

    მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება, სადაც გირჩის მაჟორიტარობის  კანდიდატად ჰერმან საბოა წარდგენილი.