Category: არქივი

  • ”გადავწყვიტე წავიდე!” – ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს

    37 წლის იტალიელმა მცველმა კარიერის დასრულება ტრავმების გამო გადაწყვიტა. ”ეს სეზონი ჩემთვის რთული გამოდგა. ტრავმებმა ხელი შემიშალა. როგორც ჩანს, დროა, რომ კარიერა დავასრულო. გადავწყვიტე, ივნისში ფეხბურთიდან წავიდე,” – განაცხადა ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა.

    ანდრეა ბარძალიმ კარიერის დასრულება სპალთან წაგებული მატჩის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით არ იცის თუ რითი დაკავდება კარიერის დასრულების შემდეგ და ამაზე ფიქრს სწორედ ახლა დაიწყებს.

    იტალიელის კარიერა საკმაოდ წარმატებული და შთამბეჭდავი გამოდგა. იგი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2006 წელს. 2009 წელს ვოლფსბურგთან ერთად გერმანიის ჩემპიონობაც იზეიმა, ხოლო 2012 წლის შემდეგ ზედიზედ 7-ჯერ მოახერხა იტალიის ჩემპიონატში გამარჯვება. თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასი მაინც საოცნებოდ დარჩა.

  • “ქართული ოცნების” ახალი პროგრამა – სერიალები გადაარჩენს საქართველოს – რომან გოცირიძე

    “ქართული ოცნების” ახალი პროგრამა – სერიალები გადაარჩენს საქართველოს,“ – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სერიალებთან დაკავშირებით ნუკრი ქანთარიას განცხადებას.

    ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ქანთარიას    იდეა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ნათქვამის ახლებური ვერსიაა.

    “უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში.,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

    გოცირიძის ამ განცხადებამდე  ნუკრი ქანთარიამ საკანონმდებლო ორგანოში თქვა, მას ადრე ჰქონდა ინიციატივა, რომ სერიალები შეექმნათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ განხორციელდა.  ქანთარია სერიალებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იდეას მიესალმება.

  • პირადი ანგარიშსწორება,დაშინება- სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

    აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირად ანგარიშსწორებად შეაფასა. 

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა, ხუთკაციან ბორდში სულ 3 წევრია საჭირო  ნათია კაპანაძის გადასაყენებლად.

    ომბუდსმენის შეფასებით, კაპანაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პირადი ანგარიშსწორების შესახებ ეჭვებს აჩენს, იმ ფონზე როცა კაპანაძეს უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება.

    ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნის უკან სხვა ინტერესები იკვეთებოდეს.

  • პუტინმა მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა,  საფრანგეთში საუკეთესო რუსი  სპეციალისტების გაგზავნასთან დაკავშირებით, რომლებიც ტაძრის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

    „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის შეუფასებელი სიმბოლო,  მსოფლიო კულტურის საგანძური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდეა. რუსი ხალხი გულისტკივილს გამოთქვამს, პარიზში მომხდარი უბედურების გამო”  – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის  განცხადებაში.

    ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამ დროისთვის სრულად ჩამქრალია. ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლი ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა.

    ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

    ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

  • ვინ გაუვრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ნინა წკრიალაშვილს?

    “ეს ადა­მი­ა­ნი არის – გი­ორ­გი შე­ლე­გია, იგი­ვე “ძაძა”, ამ ადა­მი­ან­თან მე მქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა”- გუშინ, ნინა წკრიალაშვილმა სკანდალური ბრალდება “რუსთავი 2”-ის ეთერში გააჟღერა.

    “რუს­თა­ვი 2”-ის გა­და­ცე­მა “ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის” ეთერ­ში მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა  პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ ისაუბრა და ის პირი დაასახელა,  რომელმაც სავარაუდოდ, ინტერნეტსივრცეში მომღერლის ფარული კადრები განათავსა.

    წკრიალაშვილის თქმით,კადრები პირველ იანვარს გაუვრცელეს, ამის შესახებ მან ახლობლებისგან გაიგო, რომლებიც მის მდგომარეობას კითხულობდნენ.

    ” ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი, გიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი რო­გორ გაგ­წი­რეს, არ გინ­და იცო­ცხლო, ან გინ­და მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. ადა­მი­ა­ნი რომ გი­მე­ტებს ისე, რომ ახალ წელს მე­სენ­ჯერ­ში ვირუ­სის სა­ხით მის­დის ეს 10 000 ადა­მი­ანს და ისი­ნი გა­და­უგ­ზავ­ნიდ­ნენ თა­ვის მე­გობ­რებს”

    მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის არ უჩივ­ლია, თუმ­ცა შსს-ს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტში ძიება დაწყებულია.

    წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის თქმით­, სურს რომ და­ი­სა­ჯოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­უკ­ვე­თა და ატ­ვირ­თა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი.

  • პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სახლში გადაასვენებენ

    პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, ზვიად მთავრიშვილის ცხედარს სოფელ კაჭრეთში საკუთარ სახლში მიასვენებენ. მთავრიშვილის ოჯახი 55 წლის მამაკაცის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. ამის შესახებ ოჯახის წევრმა  გუშინ, რუსთავი 2-თან ისაუბრა და მთავრიშვილის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობა დაასახელა.
    გავრცელებული ცნობით, მთავრიშვილს  ხუთმა სამართალდამცველმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 55 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

    შუა ხნის მამაკაცი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს, მდგომარეობის დასტაბილურების მიუხედავად,  ბუნებრივი სიკვდილი დაფიქსირდა.

    „სახლიდან წაიყვანეს. 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩამივარდა… როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. ტელეფონში რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ,“ – განაცხადა გარდაცვლილის დამ.

  • კამპანია, რომლის ფარგლებშიც დამტვრეული მანქანები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა

    “მეტი სიცოცხლისთვის”-სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა. როგორც  მინისტრმა გიორგი გახარიამ  კამპანიის  პრეზენტაციისას განაცხადა, მისი მიზანი საზოგადოების წევრების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა, რათა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა რეალურად შეფასდეს.

    „ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კამპანიის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის, ასევე ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    თბილისის ქუჩებში ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები 1 კვირის წინ გამოჩნდა.ამ ფაქტს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. 

    თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ იდეის ავტორი კერძო კომპანია იყო, რომელმაც სახელის გასაჯაროვება არ ისურვა.

  • ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან

    ტაქსის მძღოლები თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.ამის შესახებ განცხადება ტაქსის მძღოლებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს და  პოლიტიკურ პარტიებს პროცესში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. 

    მათი თქმით, მერიასთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე უკვე მიღწეულია და მოლაპარაკებები გრძელდება.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ თამაშებში და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. აქედან გამომდინარე, ვართ მერიასთან მოლაპარაკებებში. რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და რაღაც საკითხებში ვართ მუშა პროცესში,”-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები მერიის მიერ მიღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ისინი ითხოვენ 2 წლით გადავადდეს ტაქსის თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილება. 

    ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე აქციები გამართეს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

    აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტია იყო. ტაქსის მძღოლები მოითხოვენ გადავადდეს რეგულაცია, რომელიც მათ მანქანის თეთრად გადაღებვას ავალდებულებს.

  • პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი  პარლამენტში შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებთან შესახვედრად მივიდა. პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა 
    გეგმავდა, კანონმდებლებისთვის  ეთხოვა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

    მაჩალიკაშვილი ბიუროს სხდომის ოთახთან იცდიდა და სხდომის დაწყებას ელოდებოდა.  მოულოდნელად ის შეუძლოდ გახდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა ვერ მოახერხა.