Category: არქივი

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

    პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

    „ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

    საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოვლინდა, კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა.

    „ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

    კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.

    ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.

  • სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

    სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე დღეს მიიღეს. 

    სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

  • ინფექციურმა საავადმყოფომ მთავარ არხს ბოიკოტი გამოუცხადა

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთა.

    როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბოიკოტს უცხადებს ტელეკომპანია „მთავარ არხს” და იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხი” იქნება ბრიფინგზე, კომენტარი არ გაკეთდება.

    “მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს ვუცხადებთ “მთავარ არხს”, დატოვოს საბრიფინგო სივრცე”,- განაცხადა ეზუგბაიამ. 

    მთავრ არხზე გასული სიუჟეტში საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ მდგომარეობაზე. ამის შესახებ ტელეკომპანიას პაციენტების ახლობლებმა განუცხადეს. “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სახელმწიფო კლინიკის ამ ქმედებას “გამაოგნებელს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ ინფექციურ საავადმყოფოს პრეტენზია ჰქონდა სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაშინ ამაზე საპასუხო განცხადებით უნდა ეპასუხა:

    “გამაოგნებელი ამბავი იყო ჩვენთვის როდესაც ეს კომენტარი მოვისმინეთ. არხზე გავიდა ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მიერ გადაღებული ფოტოები  იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ განყოფილებაში იყო. ასევე თან ახლდა ამ პციენტის ნათესავის ინტერვიუ, რომელსაც ეს ფოტოები გაუგზავნა. ჩვენ მოვყევით ფაქტი. იმის მაგივრად რომ კომენტარი გაეკეთებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად თქვეს, რომ ვიდრე “მთავარი არხი” იქნება, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავცელებას საერთოდ შეწყვეტენ. წარმოუდგენელი ამბავია. ტელევიზია რომელიც ფაქტზე ყვება და შენ რევიზიას ახდენ და თან ბოიკოტს აცხადებ… სად წერია საერთოდ ვერ ვხვდები. მართლა წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ასეთი რამ პირველად გავიგე,”-ამბობს მელაძე.

  • კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

    კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.როგორც ეზუგბაია განმარტავს, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს.

    „ამჟამად 31 პაციენტი გვიწევს, ამ 31 პაციენტიდან დღეს დილას 20 პაციენტზე აღებული იქნა კვლევა. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა 24 პაციენტზე კვლევა და 24-ვეში პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებს ეზუგბაია.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • იაგო ხვიჩიას აზრით, კარანტინში გადაყვანილ ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი

    “იმის გამო, რომ აეროპორტში ,,არასწორი” სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი ჰყავთ უკანონო პატიმრობაში”-აცხადებს “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია. ხვიჩია მიიჩნევს, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი.

    “ჩვენ, ,,ღირსეულად” ავყევით მსოფლიო ტრენდს და ათეულობით უდანაშაულო ჩვენი და სხვისი მოქალაქე გვიზის აბასთუმანში, ჰერკულესის იძულებით დიეტაზე.
    თავისუფლება აქვთ აღკვეთილი, ციხეში ზიან.
    თუ სწორად შეხედავთ, კლასიკური მაგალითია, ეფემერული უსაფრთხოების დაცვის მოტივით, რამდენი უდანაშაულო ადამიანის თავისუფლების დათმობაზე ვართ წამსვლელები.
    თან მეტს ვთხოვთ მთავრობას, მოვუწოდებთ რომ მეტი უნდა ჩასვან კარანტინში, რათა გრიპი არ გავრცელდეს.

    გრიპს ვებრძვით აეროპორტში ხალხის მოხსნით და პალატა-საკანში მოთავსებით.
    მერე იმ ხალხთან მივდივართ, ვისაც ეს ხალხი ახლო წარსულში შეხვედრია და ისინიც კარანტინში მიგვყავს.
    ვინც უკვე მიხვდა რომ პატიმარია, გაქცევა ცადა და დაიჭირეს, გიჟიაო (ეგ რო არ ეთქვათ ის უბედური დასაჭერი გახდებოდა გაქცევისთვის), დანარჩენები როცა მიხვდებიან მაშინ ამოიღებენ ხმას.
    ჩვენი სახელით ხდება ეს.
    მითხრეს, ვერ გაგიგებენ, რა არ მოგწონს, ყველგან ეგრეაო, მაგრამ იმის გამო რომ ყველგან ეგრეა, ეს ყველაფერი შეიძლება ნორმალური იყოს?

    P.S. იმედია, პალატა-საკნები არ ეყოფათ!” წერს იაგო ხვიჩია.

  • ბარათაშვილის ხიდიდან მანქანა გადავარდა

    თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი ბარათაშვილის ხიდზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პანდუსიდან ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა.

    შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მერის დაკავებასთან დაკავშირებით სუსი განცხადებას აკეთებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

    როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილისა და მერის ლევან ლიპარტიას გარდა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. უწყების ცნობითვე, გიორგი გოგიჩაიშვილმა მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. რაც შეეხება ლევან ლიპარტიას, მან მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

    აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის – მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

    გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოში ირანის საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ავრცელებს შემდეგ განცხადებას:

    1. ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად. ამ მიზნით, სასწრაფოდ შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი და პრეზიდენტის ბრძანებით ჯანდაცვის მინისტრს დაევალა ვირუსის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით სასწრაფო ზომების მიღება. ირანის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:

    – კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ბიუჯეტის გამოყოფა.

    – სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარება სკოლის მოსწავლეების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებისა და მოსახლეობისათვის; ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციების გავრცელება სკოლებში.

    – საჭირო ზომების გატარება შესაბამისი სამედიცინო და სამკურნალო საშუალებებისა და აღჭურვილობის (პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების, კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების) წარმოებისა და მოპოვებისათვის.

    – სამუშაო საათებისა და მოსახლეობის გადაადგილების შემცირება.

    – საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მეტროს სადგურების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.

    – კულტურული, და სპორტული ღონისძიებების გაუქმება; კინოთეატრებისა და სხვა გასართობი ცენტრების დახურვა.

    – ვირუსთან ბრძოლისათვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის გაძვირებასთან და სპეკულაციასთან ბრძოლა და მათზე მარტივი ხელმისაწვდომობა.

    2. ირანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელის კრისტოფ ჰამელმანის განცხადებით, „ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. უახლოეს მომავალში ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება ამ გამოწვევის წინაშე. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს ვირუსისაგან დაცულად თავის წარმოჩენას და სხვა ქვეყნების დადანაშაულებას, ვერ დაეხმარება კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში”.

    3. მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ირანის ჯანდაცვის სისტემა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ ძლიერი და ეფექტური. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მაქსიმალური ძალისხმევით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თავისი სამედიცინო და სამკურნალო შესაძლებლობებითა და რესურსებით გამოსულია კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე.

    4. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის და მიაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.

    5. ირანის ისლამური რესპუბლიკა ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას ყოველგვარი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • პრეზიდენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

    საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტს და ფოტოებს ავრცელებს.

    „მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს მშვიდად და პასუხისმგებლიანად ყოფნას“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე წერს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.