Category: არქივი

  • “განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის”-ზაქარია ქუცნაშვილი

    „ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის”,- განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა  ზაქარია ქუცნაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას პოსტიდან გათავისუფლების საკითხის შეფასებისას.

    „სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო.
    ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“,- განაცხადა  ქუცნაშვილმა.

  • მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა

    “ნათია არის მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით”- პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა. 

    ნათია თურნავა ამ დრომდე  ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

    “ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გვჭირდება  ოპერატიულ რეჟიმში რომელიც ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ4 რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს თავის დაკისრებუყლ მოვალეობას”-განაცხადა ბახტაძემ.

    მამუკა ბახტაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ნათია თურნავამ.

    “მინდა, მადლობა გადავუხადო გოგა ქობულიას, იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“- განაცხადა თურნავამ

  • ქუთაისში მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

    ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა  დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

    შსს-ს ინფორმაციით,   გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიყვანოთ საბჭოდან მიქაუტაძეები”-ირმა ინაშვილი

    “მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი ამ შემადგენლობისთვის ვცვლით ეხლა ჩვენ კანონს?”- “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს იწუნებს და აცხადებს, კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრობლემა სასამართლო სისტემაში კვლავ მოუგვარებელი რჩება.

    “პრობლემის თავი რჩება თავად, თუ ეს ხალხი არის ისევ იუსტიციის საბჭოში, მე თუ მკითხავთ თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა საჭირო, ასეთი ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს საბჭო. ამ მექანიზმებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიყვანოთ ამ საბჭოდან მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი და მიქაუტაძეები”- განაცხადა ინაშვილმა.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განხილვა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც მოუსმენენ.

  • “ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება” – ქანთარია ქობულიას გადაყენებაზე

    “ქართული ოცნების”  წევრი ნური ქანთარია გუნდში ცვლილებებს დადებითად აფასებს. ქანთარია ადასტურებს, რომ გუნდში გადაწყვეტილებები  ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით არ მიიღება. 

    „მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება,“-განაცხადა  ქანთარიამ.

    ეკონომიკის მინისტრის  გადაყენება გუშინ დღის ბოლოს დადასტურდა. 

    გიორგი ქობულია მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.

  • ჩრდილოეთ ირლანდიაში 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს

    ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში არეულობების დროს 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

    ჟურნალისტის მკვლელობას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.ჟურნალისტი  ოლსტერში მომხდარ კონფლიქტს აშუქებდა, როდესაც ესროლეს. 29 წლის ქალი მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.

    არეულობა იმ დროს მოხდა, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებდნენ.

    დემონსტრანტები სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ასევე მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. 

    თვითმხილველების ინფორმაციით, იმ  დროს როცა ტერიტორიაზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ უმისამართო სროლა დაიწყო.

  • ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი ადამიანი

    თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია.

    შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. მოხდა.

    უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

    ამ წუთებში ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და  გამკაცრებულია მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება.

    თვითმხილველების ცნობით, სამართალდაცვლებელი თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც შეიარაღებულია.სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პოლიციელების მობილიზება.

  • აჭარის ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

    ოპერატორები  აჭარის ტელევიზიის ოფისის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სამუშაო რეჟიმს არ დაუბრუნდებიან.

    მათი განცხადებით, მენეჯმენტთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა ამიტომ პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.

    ოპერატორები დღეს დაგეგმილ სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრებიან.

    დღეს, 13:00 საათზე სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

    ფოტო: “ბათუმელები”

  • “არ ვაპირებ სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს”-სამეფო სახლის განცხადება

    “სამეფო სახლის განცხადება” ამ სათაურით დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მიმართვას ავრცელებს, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.

    “მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას . ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს.”-ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.

    ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს  გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

    ბაგრატიონებს შორის დავა სასამართლოში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის მეფის მხრიდან დედოფალზე შესაძლო ძალადობის საქმეზე.ანა ბაგრატიონი ასევე ქონების გაყოფასაც მოითხოვს.

    გუშინ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა და მორიგების სანაცვლოდ დიდი ფულიც შესთავაზა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა მუქარის ფაქტი გამორიცხა.