Category: არქივი

  • მუხლებზე დადგნენ.ჰიმნი იმღერეს…მთავარი უკრაინის უნიკალური საპრეზიდენო დებატების შესახებ

    კიევის ოლიმპიისკის სტადიონზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილეთა – მოქმედი პრეზიდენტის, პეტრ პოროშენკოს და კომიკოს ვლადიმერ ზელენსკის დებატები გაიმართა. გთავაზობთ მთავარ აქცენტებს და ფაქტებს დებატებიდან:
    სტადიონი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს სცენა დადგეს ზელენსკისთვის, მეორე მხარეს კი პოროშენკოსთვის. ორივე სცენის წინ გამოყოფილი იყო ფანების ზონა, სადაც კანდიდატების მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
    თუმცა დებატების დაწყების წინ პოროშენკო მოულოდნელად მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად ზელენსკის სცენისკენ გაემართა, რომელსაც კენჭისყრით პირველი გამოსვლის უფლება ერგო. ამგვარად, კანდიდატები პირველად წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე ერთ სცენაზე აღმოჩნდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

    ზელენსკი თავის გამოსვლაში ხაზს უსვამდა, რომ პრეზიდენტი არა ოლიგარქი, არამედ ხალხიდან გამოსული ადამიანი უნდა იყოს და ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ “ნორმალური ადამიანები 21–ე საუკუნის მენტალობით“.

    მან კითხვების სია წაიკითხა, რომლებიც მისი თქმით მხარდამჭერებმა გამოუგზავნეს და პოროშენკოს შესთავაზა აერჩია, რომელ მათგანზე გასცემდა პასუხს. პოროშენკო კი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი არაკომპეტენტურია პრეზიდენტის პოსტისთვის და აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ზელენსკის უკან ოლიგარქი კოლომოისკი და მისი დაჯგუფება დგას.

    ზელენსკიმ ბრალდების პასუხად, რომ ის მზად არის პუტიის წინაშე მუხლებზე დაეცეს, განაცხადა, რომ ფრაზა, რომელსაც მას მიაწერენ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

    “მე ახლავე მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ დედას, რომელსაც შვილი ფრონტიდან ცოცხალი არ დაუბრუნდა. მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ ბავშვს, რომელმაც მამა დაკარგა. მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ ქალს, ვისაც ქმარი არ დაუბრუნდა და თქვენც გიწვევთ იგივე გააკეთოთ.“– განაცხადა ზელენსკიმ და მუხლებზე დაეშვა.
    ერთ მუხლზე დაეშვა პოროშენკოც სახით ქალისკენ, რომელსაც ხელში უკრაინის დროშა ეჭირა. როგორც გაირკვა, ეს ქალი დონბასში დაღუპული მებრძოლის ცოლი იყო.

    დებატების ბოლოს პოროშენკომ ჰიმნის სიმღერა წამოიწყო, ზელენსკი კი იღიმებოდა, ცოლს კოცნიდა და ორი თითის ჟესტს მიმართავდა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ გამარჯვების ნიშანია. შემდეგ კი ისიც აყვა ჰიმნს მკერდზე ხელმიდებული. დებატები იმით დამთავრდა, რომ მთელი სტადიონი ერთად ასრულებდა სიმღერას “Ще не вмерла Україна”.
    ზელენსკის თეზისები:

    • 2014 წელს მან თავად მისცა ხმა პოროშენკოს, მაგრამ ეს შეცდომა იყო. “ჩვენ ხმა მივეცით ერთ პოროშენკოს, მაგრამ ავირჩიეთ სხვა პოროშენკო. პირველი ყვირის: მე შენ გიჩვენებ სეირს პუტინო! მეორე კი მოკითხვებს გზავნის მოსკოვში ბატონი მედვედჩუკის საშუალებით. პირველი ამბობს, რომ დოლარი 10 გრივნა ეღირება. მეორე კი მის ფასს 30 გრივნამდე ზრდის“.
    • ის არ არის პოლიტიკოსი და არის უბრალო ადამიანი, რომელიც მოდის რომ სისტემა დაანგრიოს. “მე თქვენი შეცდომების და დაპირებების შედეგი ვარ. ეს სიმართლეა და თქვენ ამას ხვდებით.“
    • არაერთხელ ყოფილა უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების ზონაში და არ დამალვია სამხედრო გაწვევას, როგორც ამას პოროშენკო ამტკიცებდა.
    • არასოდეს ულაპარაკია ვლადიმერ პუტინთან და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან.
    • ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არ ყოფილა.
    • ის პროკურორთან არ არის და საიმისო არაფერი გაუკეთებია, რომ პროკურორთან აღმოჩნდეს. პოროშენკოს კი მოუწევს პროკურორთან შეხვედრა.
    • მოსე არ არის, რომ უკრაინა სადმე წაიყვანოს. “უკრაინა ევროპაში მიდის. თუ ხალხი გადაწყვეტს, მეც დავიცავ ევროპულ არჩევანს.“
    • ის ერთი ვადით მოდის და აპირებს, რომ პოროშენკოს გარემოცვა პოლიტიკაში აღარ იყოს.
    • მზად არის უკრაინელ ხალხს მუხლებზე დაუდგეს. (დაუდგა კიდევაც).
    • მას აქვს კონტრაქტი ტელეარხთან 1+1 და მეტი არანაირი ბიზნესი. აინტერესებს, პოროშენკო, რომელიც 1998 წლიდან ხან დეპუტატი იყო და ხან ჩინოვნიკი ამ დროის მანძილზე როგორ გახდა ოლიგარქი?
    • პოროშენკო არის “მგელი ცხვრის ქურქში“. კითხვები პოროშენკოს: გახსოვთ სიტყვა ლუსტრაცია? რატომ არის შესაძლებელი თქვენი კანფეტების ყიდვა მოსკოვში? რატომ აქვს ყველა თქვენს ადამიანის ორი ხელი?
    • პოროშენკოს ბევრი მიღწევა აქვს – უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ავტოკეფალიის ტომოსი, უკრაინული ენა, არმია. თუმცა ის მათ მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს.

    პოროშენკოს თეზისები:

    • მან ჩაიბარა უფულო ქვეყანა. “რომ იცოდეთ რა მდგომარეობაში ჩავიბარე ქვეანა 2014 წელს – უფულოდ, უიარაღოდ, სხვანაირად დასვამდით კითხვას“.
    • ზელენსკი არაკომპეტენტურია, ჟურნალისტებს, ოპონენტებს და უკრაინელ ხალხს ემალება: “რას აპირებს ის და არა მისი შტაბის წევრები, კონსულტანტები, მრჩევლები? მაინც ვერა და ვერ გავიგეთ.“
    • ზელენსკი ლამაზი შეფუთვაა, რომლის უკანაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი იმალება. “თქვენ არ ხართ კატა ტომარაში. თქვენ ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები.“
    • ზელენსკი რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. “მე მჯერა, რომ ბატონ ვლადიმირს არ უნდა უკრაინა რუსეთ ჩააბაროს. მჯერა, რომ ბატონი ვლადიმირი არ ოცნებობს უკრაინა უკან, რუსეთის იმპერიაში შეათრიოს. მაგრამ პუტინს აქვს ასეთი ოცნება. და თუ მან არ იცის როგორ აღუდეს ამას წინ, ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ყველა რისკები უკრაინის მომავლისთვის“.
    • არცერთ მის მეგობარს არ ქონია და არ ექნება არანაირი კავშირი კორუფციასთან. “როგორც კი დასაბუთებული ეჭვი იქნება, ის ჩემი მეგობარი აღარ იქნება და ციხეში წავა.“
    • ზელენსკი გოლობოროდკო არ არის (პერსონაჟი, რომლის როლსაც ზელენსკი ასრულებს სერიალში “ხალხის მსახური“). “თქვენ აქ არც ტროლეიბუსით მოსულხართ და არც ველოსიპედით.“
    • “აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ბატონი ვლადიმირი ამბობს ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს.“
    • მას არ რცხვენია საკუთარი პრეზიდენტობის.
    • მეორე ტურში უკრაინელი ხალხის ნებისმიერ არჩევანს მიიღებს.

    პირველი დებატები 15 წლის მანძილზე

    ბოლო დებატები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 2004 წელს გაიმართა. მაშინ ტელესტუდიაში ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და ვიქტორ იუშჩენკო შეხვდნენ.

    დებატების გამართვა მრავალათასიან სტადიონზე პოროშენკოს ზელენსკიმ შესთავაზა. თავის ვიდეომიმართვაში მან შეხვედრის ადგილი და დრო დათქვა და ოპონენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. პოროშენკო სტადიონზე მისვლას დათანხმდა, თუმცა მოითხოვდა დებატები ოლიმპიისკიზე 14 აპრილს გამართულიყო, 19 აპრილს კი კანდიდატები ერთმანეთს ტელესტუდიაში შეხვედროდნენ.

    თუმცა 14 აპრილს ზელენსკი სტადიონზე არ მივიდა და პოროშენკო იძულებული გახდა მის პირობებს დათანხმებოდა, როგორც მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, “მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების გამო, რომლებსაც აქვთ უფლება ორივე კანდიდატს მოუსმინონ კენჭისყრის წინ.“
    ოლიმპიისკი უკრაინაში უდიდესი სტადიონია. აქ 70 000 ადამიანი ეტევა.
    დებატების ბილეთები ორად გაიყო შტაბებს შორის და ყოველმა შტაბმა ისინი დამოუკიდებლად გაავრცელა. თუმცა საბოლოოდ სტადიონი სავსე არ ყოფილა. უკრაინის შსს–ს ინფორმაციით დებატების დროს სტადიონზე დაახლოებით 22 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში კვირას, 21 აპრილს გაიმართება. პირველ ტურში, რომელიც 31 მარტს გაიმართა, ზელენსკიმ ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი 15.95%.

  • მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი დაინიშნა

    მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად ჟურნალისტი  მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება. 

    ფეიქრიშვილი  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა და პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

    მიშა ფეიქრიშვილმა  საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურიდან წასვლის   შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:

    “1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია.

    მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის”, _ დაწერა ფეიქრიშვილმა.

  • სააკაშვილი მონპელიეში ღია ცის ქვეშ მცხოვრებ ქართველებთან ჩავიდა

    მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა. და  ქართველების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა.

    კარვების ქალაქის მცხოვრებლებმა  საკუთარი პრობლემების შესახებ სააკაშვილს უამბეს და დახმარების თხოვნით მიმართეს.
    მიხეილ სააკაშვილი მათ იურისტის აყვანას დაჰპირდა.

    „ესპანეთში დაიჭირეს ქურდები, ქურდებს ფული ჰქონდათ, რომ ადვოკატები აეყვანათ, ჩვეულებრივ ხალხს დამცველი არავინ ჰყავს, ჩვეულებრივ ხალხს საქართველოში ძალით დეპორტით უშვებენ, გერმანიაში იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტის. რეალობა არის ისეთი, რომ ეს ხალხი ელემენტარულად დაუცველია. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რომ ამ ხალხს არ ჰქონდეს თავშესაფარი. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რომ ამ ხალხმა არ მიიღოს სტატუსი,“- განაცხადა  სააკაშვილმა.

    ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება და პროცედურები მას შემდეგ გართულდა, რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ქართველების კარვების ქალაქის შესახებ. მონპელიეში მცხოვრები ქართველები საფრანგეთისგან თავშესაფარს ითხოვენ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო იძულებული გახდნენ გადარჩენის გზები ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ მოეძებნათ.

  • კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს დებატები იმართება

    კიევის ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები მიმდინარეობს.

    დებატებს სტადიონზე 70 ათასი ადამიანი ესწრება. 

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, თუმცა ხმათა 50 პროცენტის მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

    უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ – 15,95%.

    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

    სტადიონზე დებატების იდეა შოუმენ ვლადიმერ ზელენსკის ეკუთვნის, მან პოროშენკო დებატებში თვის დასაწყისში გამოიწვია.

  • 87 მომხრე 31 წინააღმდეგი – სასამართლოების შესახებ კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია

    87 მომხრე 31 წინააღმდეგი – „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

    მანამდე დღეს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. ომბუდსმენმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი შენიშვნები წარმოადგინა.

    პარლამენტის პლენარული სხდომა ორშაბათს განახლდება.

  • ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს

    ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.ამის შესახებ მან ინფორმაცია  სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

    ჟვანია წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას  მიმდინარე წლის პირველ მაისს დატოვებს.

    ჟვანიას თქმით, გადადგომის თხოვნით,  პრეზიდენტს მარტში მიმართა.

    “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.”-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ჟვანია. 

  • “სასამართლო უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს წართმეულ ქონებას”-კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე

    “რუსთავი 2 არის საუკეთესო ილუსტრაცია რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე შეეხო და განაცხადა, რომ ტელეკომპანია ნაციონალურმა მოძრაობამ უკანონოდ ჩაიგდო ხელში და ის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს.

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, რადგან სწორედ უზენაესმა  სასამართლომ გადაწყვიტა, რომ “რუსთავი 2” უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფობელს.

    “ყველამ იცის რაც მოხდა რუსთავი 2-ზე, როგორ წაართვით ბატონო გიგა რუსთავი 2 კანონიერ მესაკუთრეს. დღეს  რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის და  მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი რაც თქვა   წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ  ერთხმად  რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა “რუსთავი2”, ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს იცის ქართველმა ხალხმა. “რუსთავი 2″ არის საუკეთესო ილუსტრაცია რომ სასამართლო არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს წართმეულ ქონებას”- ირაკლი კობახიძემ.

  • ლიბერთი ბანკს თავს მწვანე კოსტუმიანები დაესხნენ-ახალი დეტალები თვითმხილველისგან

    “იარაღი ჰქონდათ და სამნი იყვნენ მწვანე კოსტუმები ეცვათ”-ლიბერთი ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი თავდასხმის დეტალებს ყვება. თვითმხილველი ქალის ცნობით, მან დამნაშავეები დაინახა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ.

    შეიარაღებული თავდასხმა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკზე დღეს დილით მოხდა. შედეგად დაშავებულია ორი ქალბატონი.

    ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ისინი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ორივე მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს, მდგომარეობა სტაბილურია.

    მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება, ამ დრომდე უცნობია, ისევე როგორც უცნობია მათი ადგილსამყოფელი. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

  • “ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი “-ბოკერია პაპუაშვილზე

    “ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი ” – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების” წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

    ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, როდესაც ბოკერია   სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა.

    პაპუაშვილის რეპლიკას ბოკერიას ფრაზა მოჰყვა: “ეს რობოტი ვინ იყო აბა დაიყვირე. რას მიზავ, აბა გაიმეორე?” 

  • ბათუმში ლომბარდი დააყაჩაღეს

    ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და თანხის გამოძალვა სცადა.

    თავდამსმხელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.უცნობია, მოახერხა თუ არა დამნაშავემ თანხის წაღება.

    ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.