Category: არქივი

  • იტალიაში 36 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

    იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალის, თამარ დარჩიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

    “ ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა… ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.

    უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია….
    ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია,
    სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია…“ – წერს სიხარულიძე

  • კიბერთაღლითობის ფაქტები საქართველოში-საბანკო ასოციაცია მომხმარებელს აფრთხილებს

    საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კიბერთაღლითობის – ე.წ.  “ფიშინგის” შესახებ აფრთხილებს.

    როგორც ასოციცია განმარტავს, “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანი თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში გახშირებული კიბერთაღლითობის ფაქტების გამო  ასოციაციას განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდან გამომიდინარე, გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.

    “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

    მაგალითად, კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები, ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

    ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

    “იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:
    • არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე;
    • ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით;
    • გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე.
    • პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე;
    • გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო;
    • არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე;
    • გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

    როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას”, – ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

  • “ცოტა უცნაური ადამიანია”-რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრზე

    „ ის ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო,“ – ეს განცხადება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრის შესაძლო  გადადგომის შესახებ გააკეთა.

    კაკულიას შეფასებით, გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ადეკვატურად ვერ აღიქვა.

    „მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა სიტუაციის პრაქტიკა უნდა და აქ სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

    დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა.

    ქობულიას გადადგომას ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ.

  • “თავად დავარღვიეთ უსაფრთხოება”-მშენებლობაზე დაშავებული მუშები

    მშენებლობაზე დაშავებული მუშები სამშენებლო პროცესის დროს სიმაღლიდან გადმოვარდნას საკუთარ დაუდევრობას უკავშირებენ. მათი განცხადებით  უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს.

    მუშების თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს, რასაც მათი დაშავება მოჰყვა.

    „ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა

    „ჩვენი მდგომარეობა უკეთ არის. მესამე ცოტა მძიმედ იყო და როგორც ვიცით, დღეს გადაიყვანეს პალატაში. ჩვენი ვარდნა მოხდა 8-9 მეტრის სიმაღლიდან. სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით“, – განაცხადა ნოდარ ჩახალიანმა.

    კომპანია „ენერჯი პლიუსის“ დირექტორი და დამფუძნებელი, დავით ყულიჯანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა აქვს, რომელიც ამ შემთხვევაში მუშებმა არ გამოიყენეს.

    „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა ორი დღის წინ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მსუბუქი იყო, დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, ხოლო მესამე მუშამ მოტეხილობა მიიღო.

  • მიზიდულობის ძალა: სექსუალური თავსებადობა ჰოროსკოპის მიხედვით

    კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით სექსუალურ ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პლანეტები მარსი და ვენერა არიან, რომლებიც ქალური და კაცური საწყისის სიმბოლოები არიან. ითვლება, რომ სწორედ ეს ორი პლანეტა და ზოდიაქოს ნიშანთან მათი ურთიერთობა განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს იდეალური სექსუალური პარტნიორი. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეწყობიან სექსუალრი თვალსაზრისით ერთმანეთს ყველაზე კარგად და რატომ.

    ვერძი

    შთამბეჭდავი და თვითკმარი ვერძები პლანეტა მარსის მეურვეობის ქვეშ არიან. ეს პლანეტა მათ ემოციურობით, გამარჯვების ჟინით და ძლიერი მგრძნობელობით აჯილდოებს. ამ ადადმიანებს იდეალურად შეეფერება თხის რქა. ამ ორის კავშირში ვერძებს შეუძლიათ საკუთარი სურვილების რეალიზება და სრული სექსუალური ჰარმონიის შეგრძნება. ვნებიანი ვერძები თავს კარგად გრძნობენ ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებთანაც. მათი სიცივე და უკარება ნატურა ვერძების ინტერესს უფრო აღვივებს და შეგრძნებების სხვა დონეზე გადაჰყავს.

    კურო

    ამ ნიშნის წარმომადგენლები პლატონურ ურთიერთობებს ვერ იტანენ და იშვიათად შეუძლიათ საწინააღმდეგო სქესთან მეგობრული ურთიერთობა. კუროების მგორძნობიარე ნატურა მუდმივ ფიზიკურ კონტაქტს ითხოვს და პარტნიორთან მათ სექსუალურ ინტერესს ინტელექტუალური და სულიერი სიახლოვით გამყარებაც სჭირდება. ვენერა, რომელიც კუროების მფარველია , ღრმა ფსიქოლოგიურ კომფორტს ითხოვს. ამ კომფორტის მოპოვებაში, საკუთარი სურვილების გააზრებაში და სიამოვნების მწვერვალების დაპყრობაში კი კუროებს ყველაზე კარგად კირჩხიბები ეხმარებიან.

    ტყუპები

    არაერთგვაროვანი, აქტიური და ინტელექტუალური ტყუპები ექსპერიმენტებს აღმერთებენ. ყოველთვის მზად არიან სიახლეებისთვის და საკუთარ სექსუალური პოტენციალის სრულად გახნისთვის. ამ პროცესში კი მისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორი მშვილდოსანია. ხშირად ჰოროსკოპის ეს ნიშანი სიბრძნით, სიმშვიდით და ერთობლივი ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნით გამოირჩევა. სექსუალურ დონეზე ტყუპები და მშვილდოსანი ჰარმონიას გრძნობენ და ინტუიტიურად ხვდებიან, რა ესიამოვნება პარტნიორს.

    კირჩხიბი

    სექსუალურ ურთიერთობებში ჰარმონიისთვის კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და პარტნიორთან მაქსიმალურად ღრმა ურთიერთობები. ამიტომაც ხშირად ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები იდეალის პოვნას ესწრაფვიან. ადამიანი, რომელიც კირჩხიბის წარმოდგენას შეესაბამება სრულყოფილი მეორე ნახევრის შესახებ მისთვის საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად იქცევა. ასტროლოგიურად მაქსიმალური თავსებადობა კირჩხიბებს წყლის სტიქიის ნიშნებთან – მორიელებთან და თევზებთან აქვთ. ეს ნიშნები ერთმანეთს უჯრედულ დონეზე გრძნობენ და იდენტური წარმოდგენა აქვთ ინტიმურ სიამოვნებაზე.

    ლომი

    ცეცხლოვანი ლომები მზის შვილები არიან, რომლის სექსუალური მიმართულება პირველ რიგში იმით განისაზღვრება, რასაც ეს პლანეტა განასახიერებს. ასტროლოგიაში ითვლება, რომ მთავარი მანათობელი შემოქმედებითობაზე, სიხარულზე და სულიერებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომაც პარტნიორის შერჩევისას ლომებისთვის მნიშვნელოვანია ისინი ერთ ტალღაზე იყვნენ. სწორედ ურთიერთ ინტერესის საფუძველზე წარმოიქმნება ცეცხლოვანი ვნებები, რომლებიც მღელვარე და ხანგრძლივი რომანის საფუძველი ხდება. ლომისთვის საუკეთესო ინტიმური პარტნიორი მგრძნობიარე და რომანტიული სასწორია, რომელიც მზად არის ლომს დაემორჩილოს და მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭოს. ასევე საინტერესო ემოციური და სექსუალური გამოცდილება იქნება ლომისთვის მშვილდოსანთან და მორიელთან ურთიერთობა.

    ქალწული

    ცივი და გარეგნულად უკარება ქალწულები ქვეცნობიერად ისეთი პარტნიორის ძებნაში არიან, რომელიც მზად არის ვნებების ცეცხლი დაანთოს და მათ გრძნობების მთელი სპექტრი აჩვენოს. ამიტომაც სექსუალური პარტნიორის შერჩევისას ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს ცეცხლის და ჰაერის ნიშნები. ყველაზე კომფორტული ინტიმური კავშირი მათ სასწორის ნიშნებთან აქვთ. მათთან არანაირ შებოჭილობას არ გრძნობენ და მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ. სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენად კი ქალწულებს ლომთან ურთიერთობა არ აწყენს. ლომების ემოციური შეტევა ინტიმურ უითიერთობებს განსაკუთრებულ ვნებებს შემატებს.

    სასწორი

    ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამგებიანი, ლამაზი და დიპლომატიური პარტნიორი, რომელიც მათ ინტერესს მისი პოეტური ნატურით და დანარჩენი სამყაროსგან გამორჩეულობით დაიმსახურებს. ასეთ ადამიანთან სასწორები ყველაფერს ივიწყებენ და სხვა სამყაროში გადადიან, რაც მათ დროდადრო მართლაც სჭირდებათ. სექსუალური თვალსაზრისით სასწორებს ყველაზე მეტად მერწყული და ვერძი შეეფერება. პირველ შემთხვევაში ენერგეტიკული და მგრძნობელობითი თავსებადობის გამო, მეორე შემთხვევაში კი სექსუალური ექსპერიმენტების მიმართ ორმხრივი ინტერესის გამო.

    მორიელი

    მორიელი ასტროლოგიაში ყველაზე სექსუალურ ნიშნად ითვლება, რადგან ტრადიციულად ცხოვრების ინტიმურ სფეროს განაგებს. ამის წყალობით მორიელები ბევრ ნიშანთან პოულობენ თავსებადობას. მათ ხომ ნებისმიერი ადამიანის სექსუალური პოტენციალის გახსნა და ინტიმური კუთხით მისი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობამ იცის, რომ სწორედ სექსში პოულობენ ადამიანები თავის ნამდვილ “მეს“. ვნებიანი ინტიმური ურთიერთობები მორიელებს ყველაზე კარგად მაინც ცეცხლოვან მშვილდოსნებთან და ლომებთან გამოსდით, სექსუალური აღმოჩენებისა და ღრმა გრძნობების თუ ემოციებისთვის კი კირჩხიბები და ვერძები შეეფერებათ.

    მშვილდოსანი

    ყოველი მშვილდოსნისთვის მთავარი აღმგზნები ფაქტორი არა პარტნიორის სილამაზე, არამედ მისი ინტელექტია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერ მიზიდულობას გრძნობენ მათ მიმართ, ვისთანაც სულიერად ბევრი აქვთ საერთო. თუ პარტნიორი ახალი სექსუალური გამოცდილებისთვის მზად არის და არ ცდილობს საკუთარი ინსტიქტების დამალვას, მშვილდოსანი მზად არის პირველი ნაბიჯი გადადგას და ხანგრძლივი ინტიმური ურთიერთობების ინიციატორი იყოს. ყველაზე ხშირად ძლიერი ემოციური კავშირი მათ ლომებთან და ვერძებთან აქვთ. სექსუალური გამოცდილების გასაღრმავებლად და ექსპერიმენტებისთვის კი მორიელი და მერწყული შეეფერებათ.

    თხის რქა

    დისციპლინირებული და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თხის რქები სექსუალური ურთიერთობების თვალსაზრისით მომთხოვნები და წუნიები არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის მიმართ არა მხოლოდ სექსუალურ ლტოლვას განიცდიდეს, არამედ პატივისცემას, ადამიანურ ინტერესს და ფსიქლოგიურ სიახლოვეს. სექსი ექსპერიმენტების გამო თხის რქას არ აინტერესებს. ისინი ხომ საკუთარ თავს და შინაგან სამყაროს ძალიან აფასებენ. იმის გაგება და შეგრძნება, რა უნდათ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე კარგად კუროებს შეუძლიათ, რომლებიც ასევე მიწის სტიქიას განეკუთვნებიან და ინტუიციურად გრძნობენ, რომ თხის რქა უნდა მოინადირო. ემოციური და ინტიმური კავშირი კი ყველაზე კარგად თხის რქას კირჩხიბებთან და თევზებთან ეწყობათ.

    მერწყული

    ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მეტად ეძებენ იდეალურ და განსაკუთრებულ პარტნიორს. მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ უთიერთობებისას ისინი ადამიანს ბოლომდე ხსნიან დაფარული საიდუმლოსავით. სწორედ ამ პროცესის შედეგად გრძნობს მერწყული ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. მერწყულებს მაგნიტივით იზიდავს ემოციური ვერძი, რომელსაც ასევე ცვალებადი ხასიათი აქვს და მზად არის ჩხუბი შერიგებით და ვნებიანი სექსით დააგვირგვინოს. მერწყულების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ სასწორები და ტყუპებიც, თითქოს აჯადოვებენო, რაც შედეგად ღრმა ინტიმურ კავშირს იწვევს.

    თევზები

    თევზების სექსუალური პრიორიტეტები მიღებულ სტანდარტებს და წესებს არ შეესაბამება. ამ ნიშნის წარმომადგენლები სწორედ ინტიმურ სფეროში ახერხებენ მათი ქვეცნობიერი სურვილების გახსნას. რომანტიკულ და მსუბუქ თევზებს ყოველთვის იზიდავს ძალაუფლების მოყვარული მორიელი, რომელსაც სიამოვნებით ნებდებიან ფიზიკური სიამოვნების მისაღებად. თევზებს ღრმა ინტიმური თავსებადობა აქვთ მრეწყულებთანაც. სწორედ მერწყულებს შეუძლიათ მათი შინაგანი სამყაროს გახსნა და იმ ყველაფრის გაკეთება, რაზეც თევზები ჩუმად ოცნებობენ.

  • საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში არიან-შოკისმომგვრელი კადრები მონპელიედან

    საქართველოს მოქალაქეები  საფრანგეთის ქალაქ  მონპელიეში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და  ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. კადრებს საფრანგეთიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2 ” ავრცელებს.

    კადრებში ჩანს რომ ადამიანები პატარა კარვებში ცხოვრობენ მათ  არ აქვთ საპირფარეშო და ჰიგიენური პირობები.

    „იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განუცხადა საქართველოს მოქალაქემ „კურიერს“.

    ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ და  საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას უკავშირებენ.

    მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის საფუძველი არ აქვთ.

    „20 დღეა, კარავში ვწევარ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. საქართველოში მკურნალობა არ იყო. თუ გაქვს ფული, გადარჩები, თუ არადა მოკვდებიო, აი, ასეთი სიტყვა მომცეს საქართველოში ექიმებმა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

    გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. თუმცა ინფორმაცია “ნიუსრეპორტს” ეკონომიკის სამინისტროში არ დაუდასტურეს.

    დღეს გიორგი ქობულია “ქორთიარდ მარიოტში” ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდა.

    ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვებს თუ არა თანამდებობას, უპასუხა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. 

    “მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ”, – განაცხადა ქობულიამ.

    გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

  • “ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია”- კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

    „ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია“ – ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე მისი მხრიდან ბილწსიტყვაობა უარყო.

    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას შეურაცხმყოფელი სიტყვები დღევანდელ სხდომაზე არ გამოუყენებია და “რუსთავი 2”-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

    „არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძე

    პარლამენტის თავმჯდომარე  მედიასაშუალებებს მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

  • დისნეი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 5 მილიონ დოლარს გაიღებს

    დისნეიმ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 5 მილიონი დოლარი გაიღო – ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინ გააკეთა.

    “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იმედისა და მშვენიერების სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში  პარიზის გულსა და საფრანგეთის სულს განსაზღვრავს,ის  შთამაგონებელი  მაგალითია თავისი ხელოვნებითა და არქიტექტურით ისტორიაში. ჩვენ ვწირავთ  5 მილიონს ამ შედევრის აღდგენაში”, – თქვა დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ იგერმა.

    დისნეი ამ გადაწყვეტილებით სხვა კომპანიებს შეურთდა, რომლებმაც ასევე გადარიცხეს ფული ტაძრის აღსადგენად. 

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის ძლიერი  შედეგად 15 აპრილს დაზიანდა. ხანძრის გაჩენი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროკურორის თქმით, ცეცხლის გაჩენა  შემთხვევითობას უკავშირდება.  მეხანძრეებმა  გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს. 

    ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაახლოებით 900 მილიონი დოლარი არის შეწირული.

    დისნეის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. დისნეიმ ვიქტორ ჰიუგოს რომანის პარიზის ღვთისმშრობლის ტაძრის მიხედვით 1996 წელს ანიმაციური ფილმი “კვაზიმოდო” გადაიღო.

  • ჯოშუა მილერის ორთაბრძოლა დოპინგის გამო ჩაიშალა

    წლის სუპერბრძოლა კრივში ენტონი ჯოშუასა და ჯარელ მილერს შორის პირველ ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა დოპინგის გამო ჩაიშალა.

    შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამართულიყო, თუმცა ჯარელმა აკრძალული პრეპარატების მიღების გამო ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა.

    “ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ უარყო მილერის მოთხოვნა საკრივო ლიცენზიასთან დაკავშირებით. უარის მიზეზი – სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატების მიღებით ანტისადოპინგო წესი დაარღვია. ამჟამად მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

    ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა დაუმარცხებელი ბრიტანელისთვის ახალი მოწინააღმდეგის ძიება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ალექსანდრ უსიკი აღმოჩნდეს.

    ბრიტანელი მოკრივის ანგარიშზე 22 ბრძოლა და 22 გამარჯვებაა. ჯარელ მილერს კი კარიერაში 23 გამარჯვება და 1 ფრე ჰქონდა.