Category: არქივი

  • ზუგდიდში გამოძიება, ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო

    კვებითი ინტოკსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ექიმის ინფორმაციით, მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

    ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  ქალი ამტკიცებს რომ ისინი მისი შვილები არიან თუმცა გამოძიებამ დაადგინა რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გამოძიებამ უკრაინელი მოქალაქის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო.  საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბავშვების ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას გეგმავდა.

  • სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს და ასევე ამ ძეგლის აღდგენას – ზურაბიშვილი დავით გარეჯზე

    საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

    ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც ის დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.

    „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ევროპა ნოსტრას მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

  • ჩინეთი საქართველოს ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას გადმოსცემს

    ჩინეთი საქართველოს სპეციალურ ტექნიკას გადმოსცემს, რომელიც ქვეყანაც “აზიურ ფაროსანასთან” ბრძოლაში დაეხმარება.  თვილისსში ოფიციალური დოკუმენტი აღჭურვილობის მისაღებად უკვე გაფორმდა.  სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აღჭურვილობა ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაში დიდ დახმარებას გაუწევს და მოსახლეობას მავნებლისგან დაიცავს. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.

    დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

    „წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა სამხედროებმა მწყემსი გაიტაცეს

    19 აპრილს გორის რაიონში სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა  მწყემსი გაიტაცესს. ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.

    მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

  • ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისთვის 3 ახალგაზრდა დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა – დაკავებულია 3 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა  მოადგილემ, კახა საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

    საბანაძის თქმით,  19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

    პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“– ლაშა ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მუდმივ პრეტენზიებს ვერ გაუძლო

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქ გვერდზე. ის მოვალეობის შესრულებას 1 მაისიდან შეწყვეტს.
    ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ფეისბუქზე თბილი სიტყვებიც დაწერა:
    “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.
    ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან.
    მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.
    დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას – “უფალი მეფობს”!“ –წერს ლაშა ჟვანია ფეისბუქ გვერდზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის და პატრიარქის ფოტოს აქვეყნებს.
    ლაშა ჟვანია თავადაც წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან წასვლის სურვილის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეატყობინა. სალომე ზურაბიშვილმა მაშინ ჟვანია არ გაუშვა. კულუარული ინფორმაციით ჟვანიამ წასვლა სალომე ზურაბიშვილის მუდმივი პრეტენზიების გამო გადაწყვიტა. ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჟვანიასთან მუდმივად ქონდა შენიშვნები, ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი.

    წყაროები, რომელთაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი მეგობარი ქალბატონები, რომლებსაც მასზე დიდი გავლენა აქვთ, ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე ამას ჟვანია აკეთებდა. მუდმივი პრეტენზიებისგან ლაშა ჟვანია დაიღალა და ბოლოს სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ პირველი მაისის შემდეგ თანამდებობაზე უბრალოდ აღარ დარჩებოდა.

    როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, ლაშა ჟვანია კერძო საუბრებში ამბობდა, რომ “ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“.
  • ხანძარი ბათუმში.ოჯახი ცეცხლმოდებული სახლის აივნიდან ჩამოიყვანეს

    “ღმერთს მადლობა ყველა გადავრჩით, ყველაფერი უცებ დაიწვა და განადგურდა, საშნლად შევშინდით. დიდი ცეცხლი იყო ოთახში და ჩვენ აივანზე გამოვარდით, ამ დროს ვიღაც ბიჭები დაგვეხმარნენ, არ ვიცი ვინები იყვნენ, კიბე მოიტანეს უცებ და აივნიდან ყველა ჩამოგვიყვანეს” – იხსენებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.

    ცეცხლი ძველ ბათუმში, კომახიძის #1 ნომერში, დილის გაჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი არ იციან, რადგან ცეცხლის ხმამ გააღვიძათ.

    “დილის 7 ნახევარი იქნებოდა, ცეცხლის ხმამ გამაღვიძა, საძინებლის კარი რომ გავაღე, უკვე მოდებული იყო მთელ სახლში ცეცხლი და შენობიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველანი, 6-ვე ოჯახი აივანზე გამოვარდით. რა თქმა უნდა ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები გადავრჩით. ბავშვები კარგად არიან”…

    9 საათისთვის სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს. ხანძრის შედეგად დაიწვა 400 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი, სახურავი. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირადი ნივთები. 

    წყარო: აჭარის ტელევიზია

  • სახელმწიფო შესყიდვებისას კანონდარღვევისთვის 6 პირი პასუხისგებაში მიეცა

    პროკურატურამ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პაუხისგებაში მისცა.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ.

    „გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე.

    სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. “ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა.

    გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი – ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით,” – ნათქვამია ინფორმაციაში. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი სსსკ-ის სხვადასხვა მუხლით აქვთ წაყენებული.

  • ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. 1 აზერბაიჯანის მოქალაქეა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

    დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.
    გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • რობერტ სტურუამ გულის ოპერაცია გაიკეთა

    რეჟისორმა რობერტ სტურუამ გულის სარქვლის გამოცვლის ოპერაცია გაიკეთა. ვიდეოს, რომელზეც პალატაში მწოლიარე რობერტ სტურუა ოპერაციაზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე  საუბრობს კლინიკა ჰელსიკორი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკის წარმომადგენელი ამბობს, რომ სტურუას ურთულესი და უიშვიათესი ოპერაცია ჩაუტარდა. თავად რობერტ სტურუა კი ამბობს, რომ ოპერაცია სამი დღის წინ გაკეთდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ის ექიმებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ კლინიკიდან მალე გაწერენ.