Category: არქივი
-
ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს, რომ ორი ნაბიჯით წინ ვერ იხედებოდეს–თინა ხიდაშელი
პანკისში განვითარებულ მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ფეისბუქ სტატუსით აფასებს:“აბსოლუტურად, სრულად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე სოლიდარული ვარ პანკისელების!შეცდომაა როდესაც ამბის მოყოლა იწყება იქიდან რომ ქვები ესროლეს, ტექნიკა დაწვეს აბა რა უნდა ექნათ.ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს რომ მუდამ მდევარის როლში იყოს, მუდამ რეაგირებდეს, ვერასოდეს გეგმავდეს, ორი ნაბიჯით წინ ვერ იხედებოდეს.ქვების სროლა, გაწევგამოწევა… შედეგია ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლის უუნარობის ერთი ციცქნა ქვეყნის კიდევ უფრო ერთი ციცქნა ხეობა მუდამ აფეთქების ზღვარზე არ ამყოფოს.შევადრნაძეს, სააკშვილს, ივანიშვილს ყველას რიგრიგობით, მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი.ეს მორალისტობა აბა რა ქნან ქვას თავი შეუშვირონ უადგილო და უსაგნოა. დიახ, უკვე შეშვერილი აქვთ ამ ქვისთვის თავი, კარგა ხანია, დღეს უბრალოდ ვიზუალიზაცია მოხდა ამის.როცა ჩვენს პანკისში ჩავედით და ერთად მოვუაროთ, ერთად ვუშველოთ ჩვენს საერთო სამშობლოს კამპანია დავიწყეთ, ორი მინისტრის გარდა ვერც ერთი ავიყოლიე, გიჟად მთვლიდნენ, აქ კი სრული გმობის კამპანია მომიწყეს.სანამ იქ ვიყავით კიდევ ვაკავებდით.მერე ჩვენ რომ აღარ ვიყავით ყველაფერი ძველების მაგალითზე გააგრძელეს, სპეცოპერაციებით, სადამსჯელო მანქანით, სპეცრაზმებით თამაში .სანამ მინისტრს ეგონება, რომ:— ჰესის გამო ესვრიან ქვას არაფერი ეშველება ამ პრობლემას.— ქვის სროლაა მთავარი პრობლემა არც მანამდე ეშველება რამე.მაგრამ ამის გაგება როგორც ჩანს უკიდურესად ძნელია.“ –წერს თინა ხიდაშელი. -
კითხვის ნიშნებს აჩენს ვის ინტერესებში იყო ვითარების ესკალაცია– გიორგი გახარია
„რაც დღეს მოხდა ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება,” – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისელებს. მისი თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის.“ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გავარკვიოთ, სად შეგვშალა, ვის შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმე გადავიდა და კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესის მშენებლები თქვენთან ლაპარაკს გააგრძელებენ, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის… ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, ამოვედი იმიტომ, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ, ვნახავთ, ვინ ვის, რა ესროლა,”- აღნიშნა გახარიამ.შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.გიორგი გახარიას თქმით, ჰესის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია მოსახლეობასთან საუბარს და მოლაპარაკებას გააგრძელებს, ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, თუმცა ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დარჩება.„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს, მეორე – ასევე შევთანხმდებით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის, არ მიაღწევენ, ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარს გააგრძელებენ, მაგრამ აქ არის რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებს, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.მოგვიანებით შს მინისტრი თელავის საავადმყოფოში მივიდა და ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის პანკისში განვითარებული მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესკალაცია გამოიწვია პანკისის ხეობაში სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელის შესვლამ, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადგილობრივთა ჯგუფმა ქვები დაუშინა.მინისტრის განცხადებით, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, ვის ინტერესებში იყო და რატომ მოხდა ვითარების ესკალაცია.
„ესკალაცია ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები.ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერსებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“,- განაცხადა გახარიამ.
-
“აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები“– გიგი უგულავა პანკისის მოვლენებზე
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოს ეროზიის ნიშნებს უწოდებს და თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის და ოცნების წასვლაა:“აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები. ამას ჯანსაღი აზრი, მათ შორის საკუთარი გამოცდილება, მალაპარაკებს. ჰესის აშენება არ აშენება აქ უკვე მეორეხარისხოვანია. პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად ქნა ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორი – არც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით.
ახლა ეს ყველაფერი სასოწარკვეთილ ადამიანთა ჯანყს გავს, რასაც ძალით ვერ ჩაახშობ. პოლიციისთვის ქვების სროლა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამ მოწოდებასაც არ აქვს აზრი. რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და ძალიან სახიფათო ნიშანია. ეს ის სიტუაციაა, სადაც მთავრობის “ლეგიტიმური ძალა” ყველა შემთხვევაში ძალადობაა საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა დგას. დალპა ქვეყანა და გამოსავალი ერთია – ივანიშვილის და ოცნების წასვლა!
ჩემო პანკისელებო ამ ბრძოლას მხოლოდ სიმშვიდით მოვიგებთ. პოლიციასთან დაპირისპირება ხელისუფლებას მეტი ძალადობისკენ და თქვენს დემონიზაციისკენ უბიძგებს. ამიტომ სიმშვიდე უნდა იყოს დღეს ჩვენი ბრძოლის იარაღი“ – ამბობს გიგი უგულავა. -
“სოლიდარობა პანკისს” – აქცია პარლამენტთან
” არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას!” – პანკისის ხეობის მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად ამ ლოზუნგით თბილისსში პარლამენტთან და ასევე ბათუმის ცენტრში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
“21 აპრილს, დილით პანკისის ხეობაში ჰესების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია, უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. სამართალდამცველთა დამატებითი ძალები ამ დრომდე რჩებიან პანკისის ხეობაში. მცირე პროვოკაციას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობდით, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება ოდნავ მაინც მოეგებოდა გონს და ძალის გამოყენებაზე დროებით მაინც იტყოდა უარს. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. მთავრობა და ბიზნესი ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობის გაუგებარი, მოსახლეობისთვის მიუღებელი, ანტიეკოლოგიური პროექტის ბოლომდე გასატანად ყველაფერზე წასვლას გეგმავს.” –
-
მოსახლეობას მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციას წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ სრული სიმკაცრით – შსს
შსს მოსახლეობას მოუწოდებს რომ პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია სრული სიმკაცრით იმოქმედებს და თუ საჭირო გახდება სპეციალურ საშუალებებსაც გამოიყენებენ.
“ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები” – აცხადებენ შსს-ში.
დღეს დილიდან მოსახლეობა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.
-
“ორჯერ დაფიქრდით სანამ მანდ ძალას გამოიყენებთ”- სააკაშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე
პანკისში მიმდინარე მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენოს ხეობის მოსახლეობის მიმართ ძალა. სააკაშვილი აცხადებს, რომ პანკისელების მოთხოვნას მხარს უჭერს და ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს. ის ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.
„მათი მოთხოვნა, რომ ჰესი იქ სადაც შენდება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს და მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, ორჯერ დაფიქრდით მანამ სანამ მანდ გამოიყენებდეთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას, რომ გადაუარონ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მე მესმის რატომ აშენებთ თქვენ ამ ჰესებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია. მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში, ასევე ჰესის აშენება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ახლა ამასაც ექმნება დიდი საფრთხე. მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი იმიტომ, რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერებთ. ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა და ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული და ეს პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ალტერნატივა არ აქვს დიალოგს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
-
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.
გთავაზობთ ქარტიის განცხადებას:“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება. მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება.”- ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.