Category: არქივი

  • ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულებულია

    ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი დღეს გამთენიისას მილუოკი ბაქსს მასპინძლობდა. დეტროიტისთვის ამ თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ისინი სერიაში უშანსოდ 3-0 მარცხდებოდნენ და დღევანდელი წაგების შემთხვევაში პლეიოფს დაემშვიდობებოდნენ (როგორც მოგეხსენებათ, ენბიეის პლეიოფის სერია 4 მოგებამდე გრძელდება).

    სამწუხაროდ დეტროიტმა ვერც ამ მატჩში მოახერხა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ანგარიშით 127-104 დამარცხდნენ.

    მილუოკის რიგებში გამოირჩა მათი ლიდერი იანის ანტეტუკომპო: 31 წუთი, 41 ქულა (პლეიოფის პირადი რეკორდი), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 დაფარება.
    დეტროიტის საუკეთესო კალათბურთელი რეჯი ჯექსონი გახდა: 31 წუთი, 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.

    ზაზას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, ქართველ ცენტრს დეტროიტთან მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე ავტობუსში დაჭრეს

    იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა რომში, სამგზავრო  ავტობუსში მოხდა. მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. 

    ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით,მაროკოელმა საქართველოს მოქალაქეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა  დააკავეს.

  • მარტვილში ქვის საამქროში მუშა დაიღუპა

    მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში მომუშავე მუშა დაიღუპა.

    მამაკაცი სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

    დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით, რაც სამთო – სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

    პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” დაიბარა.

    მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობის  საკითხებს  შეეხება.

    კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

  • ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

    აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი „ჭიაკოკონობა“ იმართება.

    ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

    სამინისტროს ცნობით, ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

    არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

    ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

  • “მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება” -აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

    თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესდა. 

    მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი.

    მუსტაფაევას თქმით, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მუხთარლი ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს.

    „აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

    აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და  კონტრაბანდის ბრალდებით.

    მუხთარლი და მისი ადვოკატები  მიიჩნევენ, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში  საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს პირველად 2018 წლის ივნისში მიმართეს, რათა ჟურნალისტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გამოყენებული ყოფილიყო დროებითი ზომა პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს,  პრიორიტეტი მიანიჭა.

    ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ყველა სასამართლო ინსტანციამ ის სამი მუხლით დამნაშავედ ცნო. 

    აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

  • რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა იპოვეს

    15 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ რუსთავში ეძებდნენ, იპოვეს. 

    მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება. 15 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს, მისი დაკარგვის თაობაზე გუშინ მიმართეს.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ მართლაც დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი დამალა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის წინ პანკისის სოლიდარობის აქციაზე მივიდა ამბობს, რომ გუშინ მართლაც იყო დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში.
    მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ პანკისში ვითარების დაძაბვის პარალელურად გავრცელდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია მაჩალიკაშვილმა უარყო.დღეს ის ამბობს, რომ არ უნდოდა ხეობაში ისედაც დაძაბული ვითარება მისი დაკავების გამო კიდევ უფრო დაძაბულიყო და ამიტომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დამალა.
    “რაც გუშინ მოხდა ეს იყო თემირლანის ოპერაცია 2 .სუსი ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლან.რაც კი ხდება დღეს ხეობაში ეს არის ყველაფერი სუსის ნამოქმედარი. გუშინდელი ამბავი იყო ისევ და ისევ სუსის ნამოქმედარი.გუშინ დავმალე და არ მივეცი საშუალება რომ გაეშუქებინათ ყველა ჟურნალისტს. ვიძახდი არ ვარ დაკავებული.დიახ, მე ვიყავი დაკავებული, მაგრამ მე შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას ხეობაში არ მოყოლოდა დიდი ამბავი.
    ხეობაში მივდიოდი იმისთვის, რომ დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ ეს არ განსაზღვრა. იმის ჭკუა ამათ არა აქვთ, ან მეორე – ჩემი დაკავებით ზუსტად ეგ ქონდათ გამიზნული რომ ხეობაში კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია და ამით ისარგებლებდნენ.“ – ამბობს მაჩალიკაშვილი და ყვება, რომ ის გომბორის გზაზე, შუამთასთან დააკავეს, გადმოსვეს მანქანიდან და უთხრეს, რომ გურჯაანის პოლიციაში მიყავდათ. მაჩალიკაშვილმა ამ დროს თავის ადვოკატთან დაკავშირება მოასწრო, მისი დაკავების ამბის გახმაურების შემდეგ კი მის ორ ტელეფონზე, რომლებიც თან ქონდა უამრავი ზარი შევიდა სხვადასხვა უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან და ჟურნალისტებისგან.
    პირველად შევეცადე გამეწია წინააღმდეგობა, მაგრამ ჩემს თავს ეს არ ვაკადრე. რო შევეკითხე სად გადაგყევართ მიპასუხეს გურჯაანში. მე ვუთხარი რატომ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთმეთქი.როცა გადავყავდი გურჯაანში, მოვახერხე რომ დამერეკა ჩემს ადვოკატთან. ვიგრძენი ეს საფრთხე – რატომ არა თელავში. ამასობაში შევეცადე გამეშვა მესიჯი მარიამ კუბლაშვილთან. სანამ გადავყავდი გურჯაანის პოლიციაში ჩემს ორ ტელეფონზე იმდენი ზარი შემოვიდა, პასუხს ვერ ვასწრებდი . მგონი იქ უკვე მიხვდნენ რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებდნენ. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. სანამ მანქანა მომაკითხავდა, ვიყავი ამათთან ერთად მანქანაში. თავისუფლება აღკვეთილი. დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა.
    მე ეს ფაქტიურად გუშინ დავმალე იმის გამო, ეს რომ გაეგოთ ხეობაში რომ მაჩალიკაშვილი ყავთ აყვანილი ამას მოყვებოდა ისეთი რამე, რომ ამის დალაგებას ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ შეძლებდა. როგორც თემირლანზე არ ქონდათ პასუხი, ისე არ ქონდათ პასუხი რატომ დამაკავეს.
    რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე გუშინ ძალიან არ მინდოდა მივსულიყავი გიორგი გახარიასთან და მაინც მივედი და ჩემი სათხოვარი იყო ერთი– გაეყვანათ ჯარი პანკისის ხეობიდან და გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები. გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა თუ სხვა მიზეზების გამო მოხდა ეს, ჩემი თხოვნა შესრულდა.“ – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
  • არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში-პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

    პარლამენტთან პანკისელების მხარდამჭერი და ჰესების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

    აქციის ორგანიზატორები 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მოითხოვენ არ დააკავონ პანკისელები, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი, პანკისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს და მათ გადადგომას მოითხოვს.