Category: არქივი

  • სანდრა რულოვსი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

    ზუგდიდში მცხოვრებ ქალთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – ზუგდიდის მერობის კანდიდატი   სანდრა რულოვსი თბილისში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

    “გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ  მთავარი პრობლემა სამეგრელოს რეგიონში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობაა.

    სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქალთა უფლებების დაცვასა და რეგიონში შესაბამისი სერვისების მიწოდებას მისი  მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა.

  • „არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას” – სულხან სალაძე

    „დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას,“ -„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე  ჯიბღაშვილის საქმეს გამოეხმაურა. 

    გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი 10 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, სალაძეს ეჭვი აქვს  რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შერჩევით სამართალთან.

    „ამაზე არავინ არ ვკამათობთ, რადგანაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილება რჩება პროკურატურას, მკაფიო ხედვა არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის განწყობა, რომ არსებული პოლიტიკა არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც არის, მაგრამ თუ ეს იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში და არა ზოგადად ყველას მიმართ, ცხადია, ეს იქნება კრიტიკის საგანი,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

  • პროკურატურა ჯიბღაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    რატომ მიმართა ბრალდების მხარემ სასამართლოს  ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, ამასთან დაკავშირებით განმარტებას მთავარი პროკურატურა აკეთებს.

    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

    როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

    რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, -აღნიშნულია
    პროკურატურის განცხადებაში.

  • პანკისის ხეობაში ჰესების საკითხზე სათემო კრება მიმდინარეობს

    პანკისის ხეობის მკვიდრები ამ წუთებში ჯოყოლოში არიან შეკრებილები და სამომავლო გეგმებს ათანხმებენ. ისინი პროტესტს გამოთქვამენ  ჰესების მშენებლობის გამო. მათი  თქმით, ისინი არ დაუშევებ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არც აქციის მონაწილეების დაკავებას.

    ასევე ცნობილი გახდა, რომ სოფელ ძიბახევში დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. 

    სოფელ ძიბახევის ტერიტორია სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

    ამ დროისთვის ტერიტორიას 50-მდე პოლიციელი იმყოფება. ადგილზე  დროებითი განთავსების პუნქტებს დგამენ, სადაც დაცვის პოლიცია უნდა განთავსდეს. 

  • ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული

    ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში 0,5659გრ კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა.

    „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა,  ველოდებით ექსპერტიზის პასუხს “, – აცხადებენ შსს-ში.

    შსს-ში ამ დრომდე  არ აკონკრეტებდნენ რა სახეობის და რა  ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.

    22 აპრილს დაკავებული მსახიობი  ლევან ჯიბღაშვილი გუშინ ღამე  გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება  მას შემდეგ დატოვა, გირაოს საფასური  10 ათასი ლარი გადაიხადა.

  • შრი-ლანკის ტერაქტში მონაწილე ტერორისტს განათლება დიდი ბრიტანეთში აქვს მიღებული

    შრი-ლანკის ტერაქტში  მონაწილე პირს განათლება დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში აქვს მიღებული. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდამსხმელმა  ჯერ დიდ ბრიტანეთში მიიღო განათლება, შემდეგ კი – ავსტრალიაში. 

    “ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ტერორისტი დიდ ბრიტანეთში სწავლობდა, შემდეგ კი დოქტორის ხარისხი ავსტრალიაში მოიპოვა.ცოტა ხნის წინ ის შრი-ლანკაში დაბრუნდა და ტერორისტული აქტი განახორციელა”- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუვან ვიჯევარდენმა.

    მისი განცხადებით, ტერორისტულ აქტში მონაწილე პირების უმეტესობა განათლებული და მაღალი წრიდან არის.
    “ისინი ფინანსურად საკმაოდ დამოუკიდებლები არიან და გააჩნიათ სტაბილური შემოსავალი”-განაცხადა ქვეყნის ოფიციალურმა პირმა.

    შრი-ლანკის მთავრობამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაქტები  ტერორისტულმა ორგანიზაციამ  “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა.

    “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნე  ეკლესიები და სასტუმროები გახდა.

    შრი-ლანკაში 21 აპრილს მოწყობილი აფეთქებების შედეგად 321 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა.

  • სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

    დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას 59 000 ლარს დაეუფლა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კი სამუშაოების აქტები ხელმოწერით, შემოწმების გარეშე დაადასტურა. ერთ-ერთი კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ კი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი დასკვნები გაიცა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • თბილისში 3 მიმართულებით საბაგიროების აშენება იგეგმება

    თბილისში დამატებით ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. კალაძის  განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე შერჩეულია სამი ადგილი, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

    “მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება: ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.

  • ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს

    შშმ პირები  ზღვაში შესვლას სპეციალური ტივტივა ეტლ-სავარძლებით შეძლებენ. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სპეციალური  საჭიროების მქონე პირთათვის საცურაო ტივტივა ეტლებს შეიძენს.

    სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 5 საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლის შეძენა იგეგმება.

    ტენდერში კონკრეტული კრიტერიუმებია განსაზღვრული, რასაც ეტლ-სავარძელი უნდა აკმაყოფილებდეს. მისი წონა 32 კგ უნდა იყოს, მისი ტვირთამწეობა კი  არაუმეტეს 130 კილოგრამს უნდა შეადგენდეს.  ეტლ-სავარძლის კონსტრუქცია ალუმინისა და უჟანგავი მეტალისგან უნდ აიყოს აწყობილი.

    სავარძლისთვის აუცილებელი კრიტერიუმია უსაფრთხოების ღვედის არსებობა და ანტიალერგიული ქსოვილი.

    შშმ პირებზე ადაპტირებული საცურაო ტივტივა ეტლების შესაძენად ბიუჯეტიდან 41 525 ლარია გამოყოფილი.

    კონკრეტულად როდის შეძლებენ შშმ პირები სპეციალური ტივტივა სავარძლებით სარგებლობას, ამ ეტაპზე ზუსტი დრო უცნობია.

  • აღდგომის დღესასწაულის დღეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება

    27  აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით,აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება, ხოლო აღდგომის მეორე დღეს დამატებითი მარშრუტები დაემატება სასაფლაოების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადება  თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ გააკეთა.

    „აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მგზავრობა იქნება უფასო”,- განაცხადა მუმლაძემ.