Category: არქივი
-
ბათუმში მობილურების მაღაზია გაქურდეს
ბათუმში გვიან ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებია მოპარული.
მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, დამნაშავეები არასრულწლოვანები არიან. ისინი ახლომდებარე ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.
„ 7 საათზე მოვედი მაღაზიასთან. უკვე გატეხილი, გაძარცვული და განადგურებული დამხვდა აქაურობა. სამართალდამცავებს ვაცნობეთ. იყვნენ მოსულები, აღწერეს, დაახლოებით 20 000 ლარის საქონელია, მობილურები წაღებული. თანხა არ არის გატანილი, მხოლოდ მობილურები, “- განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ფატმან თურმანიძემ.
-
ეკა ბესელიამ არასამთავრობოებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
ეკა ბესელიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეპუტატის გაღიზიანების მიზეზი შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილის ყოფნა გახდა. ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებებს ბესელიამ დემაგოგია უწოდა. უმრავლესობიდან წასული დეპუტატის განცხადებით, მას საშუალება არ მიეცა მოესმინა სახალხო დამცველის შეფასებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით.
“მე აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად.მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, რომ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა და ბედნიერია იმით, რომ ამაში ჩართული ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ. უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი – მე ამისთვის არ მოვსულვარ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
-
რა მოხდა გუშინ მეტროში-კალაძის განმარტება
დედაქალაქის მერი კახი კალაძე გვიან ღამით მეტროპოლიტენ ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მივიდა, სადაც დაზიანებული კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება.
„მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად, ეს არის პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ, 66 წელს დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში სხვა და სხვა სადგურები ემატებოდა და მას შემდეგ ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მეც მთავრობის წინ ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენა გვაქვს დაგეგმილი. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, გვყავს უკვე კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს,“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე ცეცხლი გაჩნდა , რის გამოც მეტროპოლიტენი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო და მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებდნენ.
ბოლო პერიოდში მეტროში შეფერხებებისა და მგზავრთა ევაკუაციის საკმაოდ ხშირი შემთხვევებია.
-
გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში სატელევიზო ანძასთან ახლოს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ანძის ადმინისტრაციის თანამშრომელია.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ამ დროისთვის ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა იზრდება
უბილეთო მგზავრები 5 ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.
-
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ზუგდიდის ცენტრში ყაჩარობა მოხდა. ნიღბიანი მამაკაცი ცივი იარაღით თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.
თავდამსხმელმა 200 ლარის წაღება შეძლო.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მაღაზიაში მხოლოდ მოლარე იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.
-
„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მიმართავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.
„ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.
„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“, ასევე, გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
ივანიშვილს უნდა რომ ყველა ოპონენტი ან ქვეყნის გარეთ ჰყავდეს ან ციხეში – სააკაშვილი მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
„ივანიშვილის ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში ასანიძე თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება. ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი. მას უნდა რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილის ვერ შეინარჩუნებს. პირიქით დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ ვანოს ჯანმრთელობა , წლები პროდუქტიული ეწირება,“ – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ვანო მერავიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით “უდოს” კომისიის გადაწყვეტილებას. როგორც სააკაშვილი აცხადებს ივანიშვილს ეშინია ყველა ოპონენტის და ამჯობინებს რომ ისინი ან ციხეში დარჩნენ ან ქვეყნის გარეთ. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ასლან აბაშიძეს ადარებს.
-
საქართველოში სულ უფრო ხშირად იქნება თავსხმა წვიმები- გეოლოგი ლაშა სუხიშვილი
“დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელი, გეოლოგი ლაშა სუხიშვილი მდინარეზე ჰესის მშენებლობას ეხმაურება.
“მდინარეზე ჰესის აშენება იქნება, ხიდის გადება თუ კალაპოტში სასტუმროს ჩადგმა, მნიშვნელოვანია წინასწარ იყოს შესწავლილი მდინარის წარსული პარამეტრები, დღევანდელი სიტუაცია და ამ ორზე დაყრდნობით მომავლის პროგნოზი – ანუ გამომდინარე მდინარის უკვე დაფიქსირებული ქცევებიდან იმის განსაზღვრა თუ აწი როგორ მოიქცევა. თუმცა არსებობს პირდაპირი კავშირი კლიმატის დათბობასა და ატმოსფერულ ნალექებს შორის – რაც უფრო თბება ჰაერი, იზრდება აორთქლება და შრება ნიადაგი, შესაბამისად იზრდება გვალვის ხანგრძლივობა და ინტენსივობა. სამაგიეროდ, ჰაერის 1 გრადუსით გათბობა 7%-ით ზრდის მასში წყლის ორთქლის ტევადობას, რაც იწვევს თავსხმა წვიმებს და შტორმებს.
არაფერია მუდმივი და ყოველდღიურად ცხადად ვხედავთ რომ კლიმატი იცვლება, ამას გრძნობს გრენლანდიაც, ჩრდილოეთ ამერიკაც, ქართველი გლეხიც და თბილისის მცხოვრებიც. ანუ გამოდის, რომ თუ დღეს მდინარეს უხვი წყალი აქვს და ჰესის ჩადგმა ღირს, ხვალ შეიძლება ის მდინარე დაშრეს, ან ჰესი წალეკოს წყალმა. იმისთვის რომ ასე არ ვიმარჩიელოთ, არსებობს გლობალური კლიმატის ცვლილების მოდელები, მაგალითად RCP რომელიც ნახევარი გრადუსის რეზოლუციით დაყვანილია რეგიონულ მასშტაბებამდე. ამ მოდელში გათვალისწინებულია სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, მიწათსარგებლობის და მიწის საფარის მონაცემები, ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების საპროგნოზო კონცენტრაციები, და არსებული კლიმატური მონაცემები.ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისში გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლეღვთახევის ჰიდროლოგიური საფრთხეების კვლევა, სადაც გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი კოლეგებიც. ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა კლიმატის ცვლილების მოდელირებამაც იგივე დასკვნა დადო:ამ საუკუნის განმავლობაში საქართველოში შემცირდება საშუალო წლიური ნალექები (სამივე RCP 2.6, 4.5, 8.5 სცენარის პირობებში), თუმცა წვიმის დღიური ინტენსივობა გაიზრდება, ანუ საქართველოში სულ უფრო ხშირად იქნება თავსხმა წვიმები, თუმცა გაიზრდება გვალვიანობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
ეს მდინარისთვის ნიშნავს იმას, რომ წლის უმეტეს დროს ნაკლები წყალი გაივლის, თუმცა გახშირდება მასში ექსტრემალური წყალდიდობა/წყალმოვარდნები. ანუ სტიქიური უბედურებების მიღმა, ჰესიც ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს. პროგნოზი იმისაა, რომ 100%-იანი გამართლება არ ხდება, თუმცა ყველა პროფესიონალი ჰიდროლოგი ვისაც მაგალითად მდინარე ვერეზე უმუშავია, ადასტურებს რომ ამ მდინარეზე ბოლო 20-30 წელია გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების სიხშირე. ვერე თბილისშია, ბევრს აწუხებს და ამიტომ პულსზე გვიდევს ხელი, თუმცა სხვა უამრავი მაგალითიც მოიძებნება.მყინვარების დნობა, რომელიც ზოგიერთ მდინარეზე დროებით წყლის ხარჯის მატებას იწვევს კიდევ ცალკე საკითხია”