Category: არქივი

  • აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    აშშ-ში, ვაშინგტონში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    „ესოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ერთი ადამიანი სიეტლის მახლობლად გარდაიცვალა. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.

    გარდაცვალების პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს. 

    ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი გავრცელებულია კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში. აშშ-ში ამ დროისთვის ინფიცირების 68 შემთხვევაა დადასტურებული.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი გადადო

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადადო. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

    ,,ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება.

    ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება”,- წერია თსუ-ის განცხადებაში.

    კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადაიდო სკოლებსა და ბაღებშიც. საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

  • “იმ საშინელი დღე-ღამის შემდეგ ძლივს მოვედით აზრზე“–ინფექციურში კარანტინგამოვლილი გოგო უმძიმეს პირობებზე ყვება

    სოციალური ქსელების მომხმარებელი, მარიამ გაფრინდაშვილი ფეისბუქის გვერდზე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გატარებულ დღე–ღამეს იხსენებს, სადაც მეგობრებთან ერთად აღმოჩნდა. გოგონა ყვება, რა მძიმე რეალობაა საავადმყოფოში და რა პირობებში უწევთ პაციენტებს ყოფნა:

    “27 თებერვალს, ღამით მე და ჩემი ორი მეგობარი მოვხვდით ინფექციურ საავადმყოფოში.

    იმდენად გაბრაზებული, გაოგნებული, შეშფოთებული (და კიდევ სხვა ბევრი დიპლიმატიური თუ არადიპლომატიური სიტყვა) ვართ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
    მოდი, ქრონოლოგიურად მივყვები და შევეცდები მაქსიმალურად ლაკონიური ვიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
    თაკო და თავისი მეუღლე, დავითი 24 თებერვალს ჩამოფრინდნენ მილანიდან. აეროპორტში შეუმოწმეს ყველას ტემპერატურა, ვინაიდან თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა.

    აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 15მდე ადამიანს ჰქონდა სიცხე, მათ შორის თაკოსაც. თუმცა, თაკოს პირველ რიგში ეხოსკოპია ესაჭიროებოდა, ვინაიდან იყო ფეხმძიმედ და გამოფრენამდე ერთი დღით ადრე დაეწყო სისხლდენა. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა გადამოწმებულიყო, იყო თუ არა ნაყოფის შენარჩუნება შესაძლებელი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ყველა მგზავრი, ყველა, გამოუშვეს.

    სამწუხაროდ, თაკოს შეწყვეტილი ორსულობა დაუდგინეს, დაუნიშნეს მედიკამენტოზური აბორტი.ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ტემპერატურა ამ პროცესების ფონზე ჰქონდა, წამოვედით სახლში და დავიწყეთ ექიმის დანიშნულების შესრულება. სახლში ვიყავით მხოლოდ თაკო, დათო და მეც, რათა ამ პერიოდის განმავლობაში დავხმარებოდი ყველაფერში.

    უკვე 27-ში შევამჩნიეთ, რომ თაკოს ტემპერატურა მოემატა. ამავდროულად, ტემპერატურა დაუფიქსირდა დათოსაც და მეც. დავრეკეთ სასწრაფოში, ავუხსენით მდგომარეობა. საკმაოდ ოპერატიულად მოვიდნენ და გადაგვიყვანეს ინფექციურში. აი, აქ იწყება მთავარი.

    კარში შესვლისთანავე გვესმის, რომ ადგილები არ არის, შემდეგ რამდენიმეწამიანი დაბნეულობა იყო, რა ვქნათო და უცებ, როგორც ჩანს რაღაც გაახსენდათ და წაგვიყვანეს “პალატაში”.
    ეს ოთახი, არც კი ვიცი უწინ რა იყო, თავისთავად ცხადია, რომ პალატა – არა. სამი ადამიანი ვიყავით, იდგა ორი ლოგინი, მათ შორის, ერთი სრულიად ხე. ოთახს არ ეკეტებოდა კარი. არც ეხურებოდა, ვინაიდან საკეტი იყო მთლიანად მოტეხილი და ასე ღია კარში, ყველა გავლა-გამოვლა, საუბარი დერეფანში გვესმოდა.

    ვითომ პირად აბაზანაში, არ იყო არანაირი დუში, ანუ, აბაზანა კი იდგა, მაგრამ დუში არ იყო, ფიზიკურად. უნიტაზიც საშინელ მდგომარეობაში, ცივი წყალი ონკანში. აბაზანის უკან, კი იყო კარი, რომელსაც გარეთ გაყავდი.

    ამ ზოგად მდგომარეობაზე უარესი, ჰიგიენური მდგომარეობა იყო. არამცთუ დეზინფექცია, დალაგებულიც კი არ იყო ოთახი. წინა პაციენტის ნაჭამი კონტეინერი და ჩანგალი დაგვხვდა, ასევე, ფანჯრის რაფა იყო ამოტეხილი და იქ ეყარა სიგარეტის ფერფლი და სხვა წვრილ-წვრილი ნაგავი. იქვე კი იდგა ლოგინი და ფანჯარა რომ გამოვაღეთ, ქარმა, თან ორპირმა (იმიტომ რომ კარი ხომ ღია გვქონდა) გადმოაყარა ეს ყველაფერი.

    მთელი ღამე მაქსიმალურად ვიჯექი, დაწოლის სურვილი არანაირად არ მქონდა. წარმოიდგინეთ, ჩვენს შესვლამდე, დეზინფექცია კი არა, ტილოც კი არავის გადაუსვამს არაფრისთვის. ნაგვის ურნაში ათასჯერ ვთხოვეთ, პარკი ჩაედოთ და ეგეც არ გააკეთეს.  არ დაგავიწყდეთ, ვცდილობ, მაქსიმალურად ლაკონურად ვისაუბრო.

    ახლა რაც შეეხებათ ექიმებს:

    აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უმეტესობა იყო უსაყვარლესი, უკარგესი, უკეთილშობილესი ადამიანი, ძალიან ადამიანური მიდგომებით. უპირველასად ჩვენ სამივეს ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექიმს, რომელიც დაგვხვდა მისვლისას, რეზო ერქვა და ახალგაზრდა იყო, სხვა არაფერი არ ვიცით, მათ შორის არც ის, როგორ გამოიყურება, სპეციალური ფორმების გამო. თუმცა, ზოგადად, მისი ჩვენს გარემოცვაში ყოფნა, ძალიან დამამშვიდებელი იყო, ყველანაირდ ზრუნავდა და ჩვენთან ერთად დარდობდა იმ გარემოზე, სადაც ყოფნა გვიწევდა. არ ვიცი, ნახავს თუ არა ამას, მაგრამ დიდი მადლობა აუცილებლად.

    მისვლისთანავე აგვიღეს ანალიზები, სისხლი, გადაგვიღეს რენტგენი, უშუალოდ კორონაზე კი დილით მოვიდოდნენ და წაიღებდნენ ნაცხს.მოკლედ, როგორც ვთქვი, ექიმები, ექთნები იყვნენ უსაყვარლესები. თავადაც ძალიან დაღლილები და რთულ რეჟიმში მომუშავეები.

    მაგრაააამ, აი ასეთ კარგ ხალხს, შეიძლება ძალიან მარტივად გაუფუჭოს სახელი ერთმა ისეთმა გამოხტომამ, როგორიც გამოხტა შუაღამისას (ჩვენს თვალში ვერ გაუფუჭებს).მოკლედ, როგორც იცით თაკო სვამდა სპეციალურ მედიკამენტებს ნაყოფის გამოსადევნად. თავისთავად ცხადია, თავის გინეკოლოგთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, გაიარა კონსულტაცია მობილურით, დაელია თუ არა საავადმყოფოშიც და მიიღო თანხმობა, ვინაიდან ამ პროცესების შეჩერება არ შეიძლებოდა, თუნდაც სეფსისის რისკის გამო. ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ იქ მყოფ ექიმებს.

    უეცრად, “პალატაში” შემოდის ქალი, რომელიც კარგად ვერ მივხვდით ვინ იყო და იწყებს ხელების შლას და საყვედურებს. თაკოს ეუბნება, რატომ მოვიდა აქ?! ეუბნენა, რომ დარდობს, სისხლდენა თუ დაეწყება ჭარბირაოდენობით, ისინი ვერ შეუჩერებენ, რადგან სხვა პროფილი აქვთ და რომ უკვე აღარცერთი გინეკოლოგი არ მიიღებს აქ მოხვედრილობის გამო.

    გაოგნებულები ვუყურებთ და ვერ ვხვდებით, რას გვსაყვედურობს, თაკო ძალიან გაბრაზდა და ჰკითხა, რა გინდოდათ, მილანიდან ჩამოსული ხალხი, რომელსაც სიცხე აგვიწია და ჩვენთან მყოფ პირსაც აუწია აქ არ მოვსულიყავით, იმიტომ რომ მუცელი მომეშალაო? და ვთქვათ მართლა ვირუსი მაქვს, ასე წავსულიყავი გინეკოლოგთან და სხვები დამეინფიცირებინაო?

    საკმაოდ მწვავე კამათის შემდეგ ეს ქალი გავარდა გარეთ, ჩვენმა ექიმმა რეზომ კი ბოდიში მოგვიხადა, დაგვამშვიდა და თვითონაც გაკვირვებული წავიდა.

    შემდეგ ჰქონდათ მცდელობები, გაეკეთებინათ რაღაც ნემსები, მგონი სისხლის შემაკავებლები, არადა, ადამიანს პირიქით, სისხლის წამოსასვლელი წამალი ჰქონდა დალეული… ამ დეტალებში შესვლა არ მინდა, მედიცინის საკითხია და მე კარგად ვერ ვერკვევი…
    გამოვათენეთ ეს ღამე როგორღაც, დილით მოვიდნენ დაავადებათა კონტროლიდან, ასევე უკარგესი გოგოები, გაგვამხიარულეს და საღამოს გეცოდინებათ პასუხიო.

    ის დღე ძალიან გაიწელა, ჩვენმა ექიმმაც, როგორც ჩანს, მორიგეობა დაასრულა. მოსაღამოვდა, ინტერნეტში ვხედავთ განცხადებას, რომ არც ერთს კორონა არ დაუდასტურდა, გვიხარია, ვიცით რომ ჩვენზეცაა საუბრი, თუმცა ჩვენთან პირადად არავინ არ ჩანს.

    ველოდებით, ველოდებით, ველოდებით, გავიდა ერთი ორი სამი საათი, არავინ არაა..შემდეგ უცებ შემოდის ქალი, მანამდე ნანახი არ გვყავდა და გვეკითხება – მზად ხართ?! მზად რისთვის? გაგვიკვირდა, არავის პასუხიც კი არ უთქვამს ჩვენთვის პირადად დაგვიდასტურდა თუ არა რამე..უიო, არ გითხრესო? თამარი გადაგვყავს გინეკოლოგთან და თქვენ კარანტინშიო.

    ახლა კარანტინის საკითხი:რასაც ჩვენ ვუყურეთ, სულ რომ ჯანმრთელი იყო, შეიძლება იქ თვითონ დაგმართონ რამე. ფორმები აცვიათ, კი, მაგრამ ამ ფორმით ჯერ შედიან ვირუსიან პაციენტთან, შემდეგ არავირუსიანთან და ხდება ყველანაირი პირდაპირი კონტაქტი… გარდა ამისა, არის ანტისანიტარია. საავადმყოფოში იმის რომ გეშინია, არაფერს შევეხო, არ დავბინძურდეო, იქ რაზეა საუბარი საერთოდ?

    ჩვენ არ ვიცოდით სხვაგან რა დაგვხვდებოდა, ამიტომ, მოვითხივეთ შინაიზოლაცია. შეგვეძლო, ჩვენ სამნი მხოლოდ და მარტო ვყოფილიყავით სახლში, არც არავინ მოვიდოდა, არც ჩვენ გავიდოდით. დაგვთანხმდნენ, ოღონდ თაკო მაინც უნდა წაეყვანათ გინეკოლოგთან ევექსში. ჩვენ, მე და დათო ვდგევართ და ველოდებით რომ სახლში წაგვიყვანენ, მაგრამ არა, თქვენ თვითონ უნდა წახვიდეთო… მეთქი ბატონოოო??? ცოტა ხნის წინ კარანტინში მიგყავდით, შინაიზოლაციაზე დაგვთანხმდით და ახლა გინდათ, რომ ჩვენ სახლში წავიდეთ ტრანსპორტით?? ეს რა კარანტინი და რა იზოლაციაა ქუჩაში თუ ვიარე?!  რა ვქნათო, ჩვენ ვერ გადაგიყვანთო…  რაღა უნდა გვექნა, გავიკეთეთ ნიღბები და წავედით ტაქსით… თაკო მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ერთ ღამეში საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვეს, უარი თქვა დარჩენაზე, აიღო ანალიზები, დარწმუნდნენ რომ საშიშროება არ არის და გამოუშვეს.

    ვწევართ ახლა სახლში, როგორც იქნა მოვედით აზრზე იმ საშინელი დღე-ღამის შემდეგ, რომელიც ისე გვეჩვენება, რომ საუკუნე იყო. მთელი სხეული გვტკივა, დანგრეული ვართ, გეგონება ვინმემ გვაწამა… ისე, წამება არა, მაგრამ ძალიან საცოდაობა კი იყო, თაკო და დათო ერთ ლოგინზე იწვნენ და დათოს ფეხები სკამზე ედო პარალელურად, აბა, ისე ვერ ეტეოდნენ და…

    კომიკურია თუ ტრაგიკული ვეღარ გაიგებ. ასე რომ, თავმომწონედ საუბარი იმაზე, რომ მზად ვართ, ტყუილია, არ ვართ მზად. ელემენტარული მენეჯმენტის საკითხები ეშლებათ. ვისაც კარანტინში უნდა და ფიქრობს და ხუმრობს, დავისვენებო, ნუ გინდათ, ვერ დაისვენებთ.  ეს ყველაფერი ხალხმა უნდა იცოდეს, ყველას და ყველანაირ კითხვას ვუპასუხებთ რაც გაჩნდება.

    რაც შეეხება პანიკას, დიახ, პანიკაში არ უნდა იყოთ, უბრალოდ, ფრთხილად იყავით.“–წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

    https://www.facebook.com/mariam.gaprindashvili.3/posts/2605453769565357

  • აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 18 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

    აშშ და ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ 14 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა მოხდება. დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბების“ ლიდერი დოჰაში დაესწრნენ. მედიის ცნობით, ხელმოწერის შემდეგ მოლაპარაკებები „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის უნდა გაიმართოს.

    დოკუმენტის თანახმად, „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან „ალ-ქაიდას“ და სხვა რომელიმე ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.

  • ტომ კრუზი კარანტინში მოათავსეს

    ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

    ტომ კრუზი ვენეციაში ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა, მსახიობები კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

    მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.

  • ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ორი მგზავრი შესამოწმებლად გადაიყვანეს

    ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ბოლონიის რეისის ორი მგზავრი ეკიპირებულმა პირებმა სპეციალური ავტომობილით შესამოწმებლად წაიყვანეს.

    როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი იყო სამხედრო, რომელიც იმყოფებოდა ბოლონიაში რისკ ზონაში და ის გორში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, მას ტემპერატურა არ ჰქონდა.

    მეორე მგზავრი კი ასევე ბოლონიიდან ჩამოვიდა, მას დაუფიქსირდა ტემპერატურა 37,5 და უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ. აღნიშნული რეისით სულ 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

  • თბილისში მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ

    კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიის დავალებით მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას სთავაზობს.

    „იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექიას იწყებს. იქიდან გამომდინარე რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. თბილისის მიკროავტობუსის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონისთვის მზადდება

    თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. ამის შესახებ დღეს, 29 თებერვალს კლინიკის დირექტორმა ლევან გოქოძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქ თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით, ხოლო კლინიკაში აქამდე მყოფი პაციენტები კი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდებიან.

    “ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ჯერჯერობით ეს იქნება საკარანტინო ზონა. ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას”, – თქვა კლინიკის დირექტორმა.

    დღეს, 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.

    ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

  • პრეზიდენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

    პრეზიდენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

    საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტს და ფოტოებს ავრცელებს.

    „მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს მშვიდად და პასუხისმგებლიანად ყოფნას“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე წერს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

     

  • კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

    კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

    კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.როგორც ეზუგბაია განმარტავს, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს.

    „ამჟამად 31 პაციენტი გვიწევს, ამ 31 პაციენტიდან დღეს დილას 20 პაციენტზე აღებული იქნა კვლევა. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა 24 პაციენტზე კვლევა და 24-ვეში პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებს ეზუგბაია.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.