Category: არქივი

  • სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ

    დღეს, 30 აპრილს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია ნავარაუდევი.თბილისში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და  27 გრადუსს მიაღწევს.

    სინოპტიკოსები უნალექო და მზიან ამინდის ვარაუდობენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.2 დღის განმავლობაში რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 25-დან 30 გრადუსამდე იქნება.

  • ნორვეგიის სანაპიროსთან რუსების გაწვრთნილი ვეშაპი მიცურდა

    ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ადგილობრივმა მეთევზეებმა თეთრი ვეშაპი შეამჩნიეს.ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვეშაპი სამხედრო ობიექტიდან გამოუშვეს. ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ვეშაპს ჰქონდა  სარტყელი წარწერით “სანკტ-პეტერბურგის აღჭურვილობა” და ვიდეოკამერის მისამაგრებელი მოწყობილობა.

    საზღვაო ექსპერტებიც მიიჩნევენ,რომ ვეშაპი  რუსი სამხედროების მიერაა გაწვრთნილი. მათი განცხადებით, ვეშაპებს რუსეთი სამხედრო ოპერაციებში ჩასართველად იყენებს.

    თვითმხილველი მეთევზის თქმით, ვეშაპი მოთვინიერებული იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა, მეთევზეებს უფლებას აძლევდა მისთვის ხელი გადაესვათ. მათი ვარაუდით, ზღვის ცხოველი 
    იმიტომ მიცურდა, რომ დახმარება და საკვები სჭირდებოდა. სარტყლის მოხსნის შემდეგ ვეშაპმა ნავს რამდენიმე წრე დაარტყა და უკან გაცურა.

    ზღვის ცხოველების გაწვრთნა აპრობირებული მეთოდია ამერიკელებისთვისაც.CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო სამსახური დელფინებსა და ზღვის ლომებს იყენებს ზღვაში დაფარული ობიექტის მოსაძებნად.

  • საგამოძიებო სამსახურმა მებაჟე-ოფიცერი დააკავა

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება – გადაცემის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცერი დააკავა.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება – გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ გადასცემდა დაინტერესებულ პირს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

  • გორის რაიონში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

    გორის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

    დაშავებული მგზავრები  “გორმედის” კლინიკურ საავადმყოფოსა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

  • რუსეთის საფრთხის ფონზე ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა

    2018 წელს ევროპის ქვეყნებში სამხედრო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავდაცვის ხარჯების გაფართოება ძირითადად რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდებოდა. ინფორმაციას ამ საკითხზე “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

    სტოკჰოლმში დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ -მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა- დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შარშან უკრაინაში სამხედრო დაფინანსება 21%-ით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

    პროცენტულად, უკრაინის მსგავსი მატება დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, ლატვიაში და ლიეტუვაში. სომხეთში თავდაცვის ბიუჯეტი 33%-ით გაიზარდა, ბოსნია-ჰერცოგოვინაში – 26-ით, ბულგარეთში – 23, ყაზახეთში – 16.

    საქართველოში, ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2017 წელს სამხედრო ბიუჯეტი 308 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. 2018 წელს კი 312 მილიონამდე გაიზარდა.

  • “ტექნიკური შეცდომა იყო” -ზურაბიშვილის უხერხული პოსტი ტვიტერზე

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ  დონალდ ტრამპის პოსტი,რომელშიც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, ტექნიკური შეცდომა იყო.ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით პოსტი პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან გააზიარა.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ტვიტერზე 29 აპრილს  გაზიარებული პოსტი გამოჩნდა, სადაც ტრამპი  აშშ-ის ყოფილ  ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, „მძინარას“ უწოდებს. გაზიარებული პოსტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ინტერნეტმომხმარებლისთვის  ხელმისაწვდომი.

    „მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. მან აშკარად არ იცის, რომ პენსილვანიას წელს  საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), მას დიდი მომავალი აქვს,“-წერია ტრამპის პოსტში.

  • ბრაზილიელი მოდელი ჩვენების დროს გარდაიცვალა

    სან-პაულოს მოდის კვირეულზე მოდელი ჩვენების დროს  პოდიუმზე გარდაიცვალა. 26 წლის ტალეს სოარესი ბრაზილიური ბრენდის დეფილეში მონაწილეობდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა და  წაიქცა.

    უგონო მდგომარეობაში მყოფი მოდელი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა მისი ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. 

  • ჭიათურაში ​ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

    ჭიათურაში, ლეჟუბანში ​ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის  მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცს მანქანა დაუგორდა და  არასრულწლოვანს დაეჯახა.

    ცნობილი გახდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი მომხდარიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

    დაჯახების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.  გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც  შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.

    მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 40-მდე ქართული კერძო კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.

    გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება  მიეცათ საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან.

    ATM 2019-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს მიმართულებას, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს და კურორტებს.
    დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია არის წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.

    “ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა და კერძო სექტორის ინტერესი ძალიან მზარდია, ჩვენ გამოფენაზე 35-ზე მეტ ტურისტულ კომპანიასთან ერთად ვიმყოფებით და მათ წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაამყარონ კონტაქტები ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან. სპარსეთის ყურის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტების რიცხვი მზარდია. გამოფენის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიის, მათშორის: Air Astana, Salam
    Air, Flydubai, Emirates Airline-ის წარმომადგენლებთან. “ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

  • ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

    ტრაგედია თურქეთში მოხდა. ქაისერისპორისა და ალანიასპორის მატჩის შემდეგ სტუმარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი სასტუმროში მინივენით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავარია მოხდა, რამაც 27 წლის ჩეხი ფეხბურთელის იოზეფ შურალის სიცოცხლე შეიწირა.

    კლუბის ინფორმაციით, იოზეფმა ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მინივენის მძღოლის საჭესთან დაძინება გახდა.

    Anadolu News-ის ცნობით, მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. კლუბის თავმჯდომარე ჰასან ჩავუსოღლუ აცხადებს, რომ მძღოლი დაღლილი იყო და საჭესთან ჩაეძინა. დანარჩენი ფეხბურთელების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.