Category: არქივი

  • ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია დააკავეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შსს-ის ინფორმაციით,  ზაზა შარია 2013 წელს გალის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.

    მათი ინფორმაციით, შარიას თოფურიების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2014 წელსაც ეძებდნენ.

    ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

  • ინაშვილი გამოდის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო გახდეს

    “ტონა ტუალეტის ქაღალდს ნუ იყიდით, ბავშვებს აჭამეთ საჭმელი”-ინაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო უნდა გახდეს .

    ინაშვილი აცხადებს რომ  ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა ბავშვთა სიღარიბეა, რომელიც ქმედითი ნაბიჯებით უნდა დაძლიონ.

    “ჩვენ ვნახეთ, რომ სკოლებში ე.წ. ნისიების რვეული არსებობს. ბავშვები ნისიად იღებენ სკოლებში ფუნთუშას, ხაჭაპურს, შემდეგ ვერც ახერხებენ მათი მშობლები ამ ვალის გადახდას, ეს კატასტროფაა, დიდი ტრაგედიაა. ეს არის საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი, საქართველოს მთავრობის სირცხვილი. დღეს მინდა შემოვიდე ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო, ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. საქართველოს ბიუჯეტში არის იმის საშუალება, რომ გამოიძებნოს სახსრები. მზად ვართ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემა, ვიდრე ბავშვთა შიმშილის დაძლევაა. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვებისგან საქართველოს მასშტაბით მარტო მე არ ვიღებ გზავნილებს – მშია. 146 ათასი ბავშვი ხელისუფლებისგან 50 ლარიან დახმარებას იღებს. ეს რომ გამოვიანგარიშოთ დღეში 2 ლარიც არ არის.

    თქვენს ან მინისტრების შვილებს სკოლებში 2 ლარი ჰყოფნის? როგორ შეიძლება დღეში 2 ლარი ჩვენი თანამოქალაქეების შვილებს ეყოთ?”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • THE BLACK EYED PEAS საქართველოში კონცერტს გამართავს

    “ბლექს სი არენა” პოპულარულ ამერიკულ ჯგუფს The Black Eyed Peas უმასპინძლებს. ჯგუფი საქართველოს   ეწვევა და  შეკვეთილში კონცერტს 16 ივნისს გამართავს. 

    ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში იმართება. ჯგუფი კონცერტზე ბოლო სტუდიურ ჩანაწერში შესულ კომპოზიციებთან ერთად,პოპულარულ  ნამუშევრებსაც შეასრულებს. დასასწრები ბილეთების გაყიდვა  დღეს 20:00 საათზე დაიწყება  tkt.ge-სა და eventer.ge-ს მეშვეობით.

    The Black Eyed Peas ლოს ანჯელესში 1995 წელს დაარსდა. ჯგუფი 6 გრემის მფლობელია და   მსოფლიოში დღემდე  დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • მორიგი გაუგებრობა-პრეზიდენტს ამჯერად ფეისბუქზე შეეშალა

    საქართველოს პრეზიდენტის მორიგი შეცდომა სოციალურ ქსელში – ზურაბიშვილმა ამჯერად “ფეისბუქის”გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში  ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა.

    ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

    პრეზიდენტის გვერდზე წერა  რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში  განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი  ქართველი მხატვარი იყო.

    პრეზიდენტის პოსტს  გამოხმაურება  მალევე მოჰყვა. კომენტარებში  სოციალური ქსელის მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილს უხსნიდნენ რომ მან შეცდომა დაუშვა.

    პოსტი ფეისბუქზე დადებიდან მალევე გაქრა. 

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის ტვიტერზე კიბერშეტევის ვერსიას განიხილავენ

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს.

    ზურაბიშვილის გვერდიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების ფაქტს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

    პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.

    „უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტი“ გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ  წაიშალა. 

  • საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2019 წლისპირველი  იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

    სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი  იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. დედაქალაქის  მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

    რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

    რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში – 349 ათასი, გურიაში – 109 ათასი, იმერეთში – 497 ათასი, კახეთში – 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში – 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში – 154 ათასი, ქვემო ქართლში – 433 ათასი და შიდა ქართლში – 257 ათასი.

  • აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სასამართლოს მიმართავს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ოფისში  პრესკონფერენცია გაიმართა.

    კაპანაძეს სარჩელი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეაქვს და  საბჭოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს, ასევე თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.

    საიაში მიიჩნევენ, რომ  მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება  პროცედურული ნორმების დარღვევით მიიღო. მაგალითად მოჰყავთ ფარული კენჭისყრა.იურისტების აზრით,  გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით.

  • “პრეზიდენტი აზიანებს ქვეყნის იმიჯს”-დავით ბაქრაძე

    „ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე  საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე უხერხულ პოსტს ეხმაურება.

    ბაქრაძე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გაზიარებას საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ქმედებად აფასებს.

    „ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკასთან მიმართებაში არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა წარმოდგენილი თეთრ სახლში და კონგრესის უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან – რესპუბლიკელებთანაც და დემოკრატებთანაც. ამიტომ, სრულიად არასწორად, საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით ის აგრძელებს იმ “წარმატებულ” ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და საქართველოს ინტერესებს უცხოეთში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტიგამოჩნდა,  სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ შეცდომა სოციალური მედიის მენეჯერს მოუვიდა და ტვიტი მალევე წაშალა.

  • იტალიაში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში, ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

    როგორც იტალიური ადგილობრივი  მედია  წერს,  დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ი.დ. 35 წლის მამაკაცმა  ერთ-ერთი  სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა და მიმალვა სცადა.

    პოლიციამ ის ავტოსადგომზე გააჩერა.  საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველს შპრიცით დაემუქრა.პოლიციამ მისი  დაპატიმრება შეძლო.