Category: არქივი

  • კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტი ჩავარდა

    “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება”-ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან ამ ტერმინის ამოღება ჩავარდა.

    სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.ოპოზიციამ  კანონპროექტზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა.

    მათი მოთხოვნა იყო, რომ კანონპროექტი მაშინ გაეტანათ კენჭისყრაზე, სანამ საბოლოო სახით არ ჩამოყალიბდებოდა.

    განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით,  კანონპროექტიდან სიტყვა ლიბერალურს არ ამოიღებენ, რადგან ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის. 

    მეორე მოსმენამდე კანონპროექტის ავტორები ნუკრი ქანთარია და გენადი მარგველაშვილი  განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს გამართავენ.

    წარმოდგენილი კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მაინც დააყენეს, თუმცა ის დეპუტატებმა  ჩააგდეს.

  • კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

    გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში  მიმდინარეობს.

    პროცესი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

    პროკურორის ინფორმაციით, დღეს პროცესზე 4 მოწმე დაიკითხება.

    კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ამის შემდეგ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყება.

    დაცვის მხარეს სულ 26 მოწმე ჰყავს, რომელთა გამოკითხვაც შემდგომ პროცესებზე გაგრძელდება.

  • “მაგთიკომი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    “მაგთიკომი” სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “მაგთიკომი აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბილაინის შეძენის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

    მაგთიკომს არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში.

    აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მიზნად ისახავდეს ბილაინის სავაჭრო ფასის აწევას“, – ნათქვამია მაგთიკომის ოფიციალურ განცხადებაში. 

  • ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

    აჭარაში, ქედის  რაიონში  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

    როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო

    თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო. 

    “კოლეგებო ქალაქში არის საცობები ამიტომ თხოვნაა, რომ რამდენიმე წუთით გადავწიოთ რეგისტრაცია”-მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

    სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.სესიაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

  • ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცი დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც  შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 85 წლის ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ასევე  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს. თვითმხილველების ცნობით, 85 წლის მამაკაცი სიცოცხლის ხელყოფით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.

  • თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება

    თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ.

    ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

    თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ფერდი  გვიან ღამით ჩამოიშალა.

    შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

  • მეტროში რელსებზე ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” რელსებზე ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 20 წლისაა.

    შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

    კაცი მეტროში რელსებზე დღეს დილით ჩავარდა. შემთხვევის გამო მეტროს მოძრაობა ნაწილობრივ გაჩერდა.

  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. შედეგად რვა პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • “სარაჯიშვილზე” ახალგაზრდა მამაკაცის ლიანდაგებში ჩავარდნის გამო მეტროს მოძრაობა შეფერხებულია

    მეტრო ნაწილობრივ გაჩერებულია.”საჯარიშვილზე” ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ლიანდაგებში მოზარდი თვითმკვლელობის მიზნით ჩახტა.

    ადგილზე პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული. მამაკაცის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ზუსტი  ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.