Category: არქივი

  • “შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს”-მეუფე იაკობი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

    “შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს”-მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების  აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე საუბრობს.

    „ჩვენ ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • “ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის“-მეუფე ანტონი

    “ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის” – მეუფე ანტონმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

    “აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. როგორც ჩანს, მთავრობას რაღაც გამოეპარა. სასულიერო პირი ვარ და ვერ განვსჯი სასულიერო უწყებებს. ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვტკივა. ჩვენ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა, როგორც თითოეული თქვენგანი. ჩვენ, რომ სასულიერო პირები ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვეხება სამოქალაქო საკითხები. სასულიერო პირამდე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ”, – განაცხადა მეუფემ ანტონმა.

    შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსში ვითარება 1 კვირის წინ დაიძაბა, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრამდე მისასველი გზა ჩაკეტეს. სამონასტრო კომპლექსში შემავალ აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კელიებში ტურისტებს და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ.

    არქიმადრიტმა კირიონმა და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ეს ფაქტი დავით გარეჯში პრეზიდენტის  ვიზიტს დაუკავშირა.სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილს იმყოფებოდა.

  • ბათუმში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით,  ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეორე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • რიკოთის გვირაბში 7-9 მაისს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

    დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

  • აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობა გაიზარდა

    ამერიკის შეერთებულ შტატების  შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას  “BBC”  წერს.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობის  20,500 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია რომ  ეს მაჩვენებელი 2016 წელს 14,900 იყო.გამოკითხვაში 100 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. მკვლევრები ამბობენ, რომ გამოკითხვამ 95%-იანი სიზუსტით ჩაიარა.ირკვევა, რომ სამიდან ერთ შეთხვევაში სექსუალური ძალადობის ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.   ეს მაჩვენებელი ძირითადად  17-24 წლის ჯგუფებშია დაფიქსირებული 

  • გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში არჩევნებზე 5 ათასი დამკვირვებლის მობილიზებას აპირებს

    გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის, ხმების დასაცავად, უპრეცედენტო რაოდენობით დამკვირვებლების მობილიზებას გეგმავს.

    ამის შესახებ სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

    ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებს  5 ათასამდე ადამიანი დააკვირდება.

    „გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არჩევნებს არ უყურებს როგორც რიგითი ქალაქის ხელმძღვანელის არჩევნებს. ეს ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე რიგითი არჩევნები. ჩვენი აზრით, ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება. ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელ საქართველოს, რომ განსხვავებული, ოპოზიციური აზრის გამარჯვებით შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

    ზუგდიდის მერობისთვის რიგგარეშე არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძოლებს. არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

  • ინგუშეთის დედაქალაქში ცირკი ცხოველებით აიკრძალა

    ინგუშეთის დედაქალაქის მაგასის  მერმა ბესლან ცეშოევმა მაგასის ცირკში ცხოველებით სანახაობის მოწყობა აკრძალა
    მიზეზი გახდა ის რომ  მათი არსებობის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება. მაგასი  6 მაისს ცირკ-შაპიტოს მიღებას აპირებდა, მაგრამ ამ საკითხის გამოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ ცირკი ცხოველებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. „ცხოველი – არც გასართობი სათამაშოა და არც უსულო საგანი,  ესენი არიან ცოცხალი არსებები, რომლებიც ველურ ბუნებაში უნდა ბინადრობდნენ“, – განაცხადა მერმა ესლან ცეშოევმა.

    ამ ინიციატივის შემდეგ,  ქალაქის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში აჩვენებენ ფილმებს, რომელშიც  გარემოზე და ცხოველებზე ზრუნვის მსოფლიო მნიშვნელობაზე გადმოსცემენ.

  • “ევროპელებმა დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური ლიბიდო”-ევროკომისიის პრეზიდენტი

    ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროპელებმა ერთმანეთისადმი „ლიბიდო“ დაკარგეს.

    „ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური „ლიბიდო“. “ბრექსითი” განსაკუთრებული შემთხვევაა. როდესაც 40 წლის განმავლობაში მიუთითებ, რომ ქვეყანა რეალურად არ ეკუთვნის ევროკავშირს, გასვლის გადაწყვეტილება ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგია.კომისიას არ შეუძლია აანაზღაუროს ცალკეული ქვეყნების მთავრობების სისუსტეები ევროპაში. შეხედეთ დიდ ბრიტანეთს““, – განაცხადა იუნკერმა.

    იუნკერის  თქმით, ის ფაქტი, რომ კონტინენტზე ევროსკეპტიკოსი პარტიები იზრდება სამომავლოდ ევროპაზე უარყოფითად იმოქმედებს.

    იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება გამოსწორდეს.

  • იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

    იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა,  ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. მისი თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

    “შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს  2018 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა.

  • სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

    სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება-პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა.

    კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროების ფაქტი გამოიწვევს  300 ლარიან ჯარიმას. ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

    ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

    ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებშიც.

    “შრომის კოდექსის“ თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

    საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები  პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.