Category: არქივი

  • ლამარ ოდომი კალათბურთს უბრუნდება – ლეიკერსის ლეგენდა BIG3 ლიგაში ითამაშებს

    სულ რამდენიმე წლის წინ ყველას ახსოვს ლეიკერსის ლეგენდა როგორ ებრძოდა სიკვდილს ლას ვეგასის საავადმყოფოში. სულ მალე კი იგი დიდ კალათბურთს დაუბრუნდება.

    39 წლის ოდომი Big3 ლიგაში იასპარეზებს. აღნიშნული ლიგა ცნობილი მსახიობისა და მომღერლის Ice Cube-ის ჩამოყალიბებულია და იგი 3-3-ზე ფორმატში ტარდება. ლამარ ოდომი შეუერთდა სხვა კალათბურთის ლეგენდა ჯილბერტ არენასს. მათთან ერთად გუნდში არიან ნაკლებად ცნობილი პერი ჯოუნს მესამე, ფრანკ რობინსონი, როისი უაითი და კრეიგ სმიტი. მათ გუნდს სახელად ”Enemies” (მტრები) ჰქვია და ისინი ამ ლიგაში წელს პირველად იასპარეზებენ.

    BIG3 ლიგა რამდენიმე წელია რაც არსებობს და მასში არაერთი NBA-ის ყოფილი სუპერვარსკვლავი ასპარეზობს: მაიკ ბიბი, ნეიტ რობინსონი, ალენ აივერსონი, გარი პეიტონი და სხვები.

  • პასუხები ციხიდან – რას ამბობს და რას აპირებს დეკანოზი გიორგი მამალაძე

    აპირებს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი საპატიმროს დატოვების შემდეგ სააპტრიარქოს ღიად დაუპირისპირდეს და დღემდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვოს. ამ და სხვა კითხვებზე მსჯავრებულ სასულიერო პირის პასუხები ტელეკომპანია „კავკასიამ“ გლდანის ციხიდან მიიღო. გიორგი მამალაძის პასუხი – არა არას დაფარული, რომელი არა გაცხადდეს – შესაძლოა ღია მინიშნება იყოს იმაზე, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს.

    -მამა გიორგი, ციანიდის საქმის პარალელურად საპატრიარქოში სასულიერო პირებს შორის ერთგვარი დაპირისპირება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი და რა კავშირშია ე.წ. ციანიდის საქმე სინოდის წევრთა შორის შესაძლო დაპირისპირებასთან?

    – ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია სინოდში და ზოგადად სასულიერო დასში. რათქმაუნდა ისინი შიგნით გამოხატავენ გულისწყრომას.

    – მამა გიორგი, სინოდის წევრებისგან მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირია ისეთი ვინც მხარი ღიად დაგიჭირათ. ისინი მოგიხსნიებენ როგორც მსხვერპლს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად იმის მიზეზი რომ დღეს მსჯავრდებულის სტატუსი გაქვთ.

    -ყოველივე ამის მიზეზი ეკლესიის მტრების მზაკვრული გეგმა არის. შესაძლოა ღიად მხარი რამდენიმე მღვდელმთავარმა დამიჭირა, მაგრამ დარწმუებული ვარ ყველა გრძნობს რომ არ მიმიძღვის ბრალი იმაში, რის გამოც საპყრობილეში ჩამაგდეს.

    – იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი თქვენი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს და ციხეს დატოვებთ, აპირებთ თუ არა ისეთი დეტალების გასაჯაროებას, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის და საპატრიარქოს ირგვლივ დღემდე უცნობია.

    – არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს, ასე ბრძანა უფალმა.

    მამა გიორგი მადლობას უხდის იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მას ციხეში ნახულობენ.

    “უსამართლობის მუდმივი განცდა ადამიანს ფიზიკურად სპობს. მითუმეტეს თუკი ეს დიდხანს გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ სასულიერო პირთაგან ვგრძნობ უყურადღებობას. პირიქით, ბევრი სასულიერო პირი წავიდა საპატრიარქოს ნების წინააღმდეგ და მნახულობენ. მადლობა მათ ამისთვის.”-განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.

  • “ჩვენი ტერიტორიაა”- თბილისის ცირკი აქციის მონაწილეებს კიბეებზე დადგომას უკრძალავს

    თბილისის ცირკი 4 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცირკის ადმინისტრაცია მონაწილეებს აფრთხილებს, რომ კერძო ტერიტორიაზე შეჭრა კანონდარღვევაა. ცირკის ფეისბუქგვერდზე განმარტებულია, რომ კიბეების დასაწყისიდან ცირკის უკანა სამანქანო სადგომის ჩათვლით ცირკის საკუთრებაა.

    “როგორც სოციალური ქსელებიდან იქნა ცნობილი, 4 მაისს თბილისის ცირკის ტერიტორიასთან იმართება აქცია ” #ცირკიცხოველებისგარეშე “მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.თბილისის ცირკის ტერიტორია (კიბეების დასაწყისიდან ცირკის უკანა სამანქანო სადგომის ჩათვლით) არის კერძო საკუთრება.გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ კერძო ტერიტორიაზე შემოჭრა არის კანონდარღვევა.”-ნათქვამია განცხადებაში.

    საუბარია ხვალ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც ხვალ 17:00 საათზე თბილისის ცირკთან გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას და, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება

  • მწვანე თუ ლურჯი?-კალაძე თბილისელებს ახალი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს

    თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თბილისელებს ავტობუსის ფერების შერჩევაში მონაწილეობას სთავაზობს.

    გამოკითხვაში ფეისბუქმომხმარებლები  აქტიურად ჩაერთნენ,  ამ დროის მონაცემებით, მათ უმეტესობას 61 %-ს  მწვანე ფერის ავტობუსები უფრო მოსწონს.

    კალაძემ სოციალურ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაც  გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

    მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ. „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ამ ავტობუსების ორი კონკრეტული ფერი და მინდა თქვენი ჩართულობა, მოსაზრებებიც მოვისმინო და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა  კალაძემ.

  • ნუკრი ქანთარია სამშობლოს დღის დაწესებას და ქალთა დღის გაუქმებას მოითხოვს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია უქმე დღეებიდან 8 მარტის ამოღებას და 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადებას მოითხოვს.

    დეპუტატმა შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში მოამზადა, რომლის ინიცირებაც, 6 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მოხდეს.

    კანონპროექტის მიხედვით,   8 მარტი უქმე დღე აღარ იქნება. ხოლო 14 მაისს  „სამშობლოს დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.

    „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, როცა განელებულია პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნის ისტორიისადმი ცოდნის ინტერესი, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული მუხტის კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი. ამ ბრწყინვალე მიღწევების „სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. თამარის ხსენების დღე – 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად, სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ“, – წერია  კანონპროექტში.

  • “დაგვიბრუნეთ მამა, ნუ დაგვაობლებთ” – დეკანოზის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან

    “დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ” – დეკანოზი გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები  საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.  ისინი ითხოვენ, რომ საპატრიარქომ მამა გიორგის  შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართოს.

    მამა გიორგი მამალაძის ძმა აცხადებს,  რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.

    „მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

  • ZEG – Tbilisi Storytelling Festival

    Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ საფუძველი ჩაუყარა „სთორითელინგის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალს რეგიონში, რომელსაც თბილისი 2019 წლის 20-22 ივნისს უმასპინძლებს.

    ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

    სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

    ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს და მიიღეონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.

    ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: http://tbilisistorytelling.com

    ბილეთები: http://tbilisistorytelling.com/tickets/

    ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

    ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი

    მხარდამჭერები: Windfor’s, აჭარა ჯგუფი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ფაბრიკა.

  • “ამერიკისა და ევროპის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია” – მეუფე საბა

    “ჩვენ გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის,” – ეს განცხადება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ “ამერიკის ხმასთან” საუბრისას გააკეთა.

    მეუფე საბა ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება. ის აცხადებს, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხისთვის თავის გასართმევად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

    “დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მხარში ედგას დიდი ქვეყანა, რომელიც დაგიაცავს შენი მეზობლისგან, რომელიც გჩაგრავს” – ამბობს მეუფე.

    ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საუბრის დროს ყურადღებას რუსულ ოკუპაციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია ეს საკითხი გათავისებული ჰქონდეს.

    “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ გვიწევს ოკუპაციაში ცხოვრება. მცოცავი ოკუპაცია, ბოლო დროს განვიათარებული მოვლენები, ჩვენთვის უცხო არ არის და ვფიქრობ, თითოეულ ქართველს ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს” – აცხადებს მამა საბა.

    ის ასევე ამბობს, რომ მრწამსისა და პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხი ერთად უნდა დადგეს. მისი თქმით, “ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს აუცილებელია”.

    მეუფე საბა ასევე აღნიშნავს, რომ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

    “9 აპრილიდან დაწყებული პროცესი დღემდე გრძელდება. ეს პროცესი არ დასრულებულა. მე ასე ვფქირობ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,” – თქვა მეუფე საბამ.

    ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოსმა, “ამერიკის ხმასთან” განცხადება ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

    ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღე 2 მაისს აღინიშნა. საღამოზე მიწვეული იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსისა და დიასპორის წარმომადგენლები.


    წყარო: ამერიკის ხმა

  • მეფე დაბრუნდა- დავით ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მომდევნო კვირაში გამოცხადდება, -ამის შესახებ  ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

    ადვოკატმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში იმყოფება. 

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  დაიბარეს.

  • ირინა ონაშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    ირინა ონაშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული, ოჯახის დამხმარე ქალი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს-ამის შესახებ ინფორმაციას ირინა ონაშვილი ავრცელებს.

    მოდელისთვის უცნობია, რა მოტივით გაათავისუფლეს ქალი პატიმრობიდან.

    “ვიცი, რომ გაათავისუფლეს, 2-თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა. სამართლებრივად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ზუსტად არ ვიცი. საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან, არც ამაში ვარ ჩახედული”-აცხადებს ონაშვილი.

    ფაქტი გასულ წელს შემოდგომაზე მოხდა.მის საქართველოს თქმით,მოპარული,  დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაული მისთვის ჯერ არ დაუბრუნებიათ.

    ირინა ონაშვილი აცხადებს, რომ   მისმა დამხმარე ქალმა ძვირფასი ნივთები სხვა ოჯახებიდანაც მოიპარა.

    ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.