Category: არქივი

  • თუ ოპოზიციას შეთანხმება სურს, ყველა პირობა შექმნილია- თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგეს.

    ,,ჩვენი მხრიდან დღეს ყველა სამართლიანი, პრაგმატული და მოთხოვნილი პირობა არის აბსოლუტურად დაკმაყოფილებული და ეს იცის ოპოზიციამ”,- ამბობს თალაკვაძე.

    მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” მხარს უჭერს 40%-იან პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით პარტიას მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ ექნება. თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არც კი უფიქრია ამაზე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვისას, რადგან ყველა საპარლამენტო არჩევნებში ამაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. 

    ,,ოპოზიცია არ ელოდა, 10 დღის განმავლობაში მათი მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ პარტიას , რომელსაც 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც ეს არის. ჩვენ არც კი გვიფიქრია ოდესმე ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას, არც ერთ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ არ გვქონია ამაზე ნაკლები შედეგი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და მივიღოთ 40-ზე გაცილებით მაღალი შედეგი”,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  

    რაც შეეხება მანდატების განაწილების პროპორციებს, თალაკვაძის განცხადებით, ეს მეორეხარისხოვანი იქნება, თუ კანონმდელობაში 40%-ის პრინციპი აისახება. 

    ,,თუ 40%-ის პრინციპი იქნება ასახული კანონმდებლობაში, 110/40-ზეც , 100/50-ზეც რეალურად ხდება მეორეხარისხოვანი, ვინაიდან ამ ჩამკეტის, ანუ ამ 40%-იანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში, ეს განაწილება 10-ით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდ გავლენას საბოლოო შედეგებზე ვერ ახდენს”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” ლიდერი. 

    ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის შეთანხმებას, მოუწევს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, რა იყო რეალური მიზეზი და მოტივაცია, რაც შეთანხმებისთვის ხელისშემშლელი გახდა.

    დღეს ,,ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს.

  • “ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა”- შალვა ნათელაშვილი

    აჰა მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა საპროტესტო აქციებიც შედის აქ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „აჰა მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა საპროტესტო აქციებიც შედის აქ. გეუბნებოდით ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა მეთქი. ამაზე ბიძინოიდები ქირქილებდნენ ან ტრადიციულად იგინებოდნენ. მაგრამ, ფაქტი სახეზეა, სანამ არ შემოიტანეს დაავადება, საზღვარი, იგივე ირანთან ცოცხალი თავით არ დაკეტეს. ამიტომ შეფასდება, ეს მათი მოცილების შემდეგ, განზრახ სასიკვდილო ინფექციის გავრცელებაში ხელისშეწყობად და ივანიშვილის თამადობით აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

  • რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერადი კოვზების გამოყენებას- ინფექციურის დირექტორი

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომენდაციას გაუწევდა.

    მისივე თქმით, მიუხედავად რეკომენდაციისა, რელიიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.

    ,,ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერადი კოვზების გამოყენებას”,- ამბბოს ცერცვაძე.

    პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციების ვერ გასცემს.

    29 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ეკლესია საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს, რადგან საშიში ინფექციები ადრეც გავრცელებული და მორწმუნეები ამას არ უშინდებოდნენ.

    დღეს მეუფე ნიკოლოზმა მრევლს მოუწოდა, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ. მან თქვა, რომ ,,ღვინო ანტისეპტიკურია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.

  • რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გავცემთ- გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციების ვერ გასცემენ.

    ,,არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული”,- აცხადებს გამყრელიძე.

    მისი თქმით, საპატრიარქოს თხოვნით, სასულიერო პირებთან შეხვედრა ჩაატარეს და ზოგად ჰიგიენასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს.

    29 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ეკლესია საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს, რადგან საშიში ინფექციები ადრეც გავრცელებული და მორწმუნეები ამას არ უშინდებოდნენ.

    დღეს მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ,,ღვინო ანტისეპტიკურია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”. მან მრევლს მოუწოდა, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

  • საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

    როგორც „ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური  აცხადებს, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

    კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

    უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

    ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

    ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

  • ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ- ლადო კახაძე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ლადო კახაძის აზრით, ყველა ადამიანი დაბადებიდან მაჟორიტარია, ხოლო შემდეგ აყალიბებს საზოგადოებას და პარტიას.

    ,,მე მაქვს ასეთი ნათქვამი ხმამაღლა, სატელევიზიო სივრცეშიც, უმრავლესობაშიც და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრი იცის. ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს. აი, ეს გუნდი ამაყია თითოეული თქვენგანის შენატანი წვლილით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ბრძოლისუნარიანი და ბევრი რამ.

    მე ვთვლი, რომ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ თავისი მაჟორიტარებისგან, თავისი კარგად ორგანიზებული ადამიანისაგან, შექმნან პარტიები”,- ამბობს კახაძე.

  • ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს

    საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს და სკოლებს, სადაც ეს შესაძლებელია, მოუწოდებს, გადავიდნენ ონლაინ-სწავლების რეჟიმზე.

    მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სხდომები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ჩატარდეს ვირტუალურ სივრცეში.

    ,,განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა, რომ ვთხოვო. გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რაც დღეს აქვს ჩინეთს და სხვა რამდენიმე ქვეყანას: როდესაც სწავლების, კონფერენციების თუ სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ , ასე ვთქვათ, ონლაინ-რეჟიმში. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, როგორც გაძლევთ საშუალებას, ბავშვებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია გქონდეთ ონლაინ-რეჟიმში”,- ამბობს გამყრელიძე.

    ის საზოგადოებას თხოვს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

  • ლუგარის ცენტრში 24 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში – ამირან გამყრელიძე

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    „საქართველოში დღევანდელი დღით გვაქვს 130 შესაძლო შემთხვევა გამოკვლეული და 3 დადასტურებული. გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით დავადასტურეთ ერთი, მესამე დადებითი შემთხვევა. ერთიანად, რაც დაიწყო ეპიდაფეთქება ჩინეთში, საქართველოში გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია 3 შემთხვევა. სამივე გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

    რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ ბევრად მოიმატა სამხრეთ კორეაში, იტალიაში კი მათი რიცხვი 1000-ს გადასცდა.

    „გლობალურად დაფიქსირებული და დადასტურებულია დაახლოებით 87 ათასი შემთხვევა ყველა ქვეყანაში ერთად აღებული. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი გახლავთ ჩინეთში, მაგრამ სერიოზულად მომატებულია რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში გადასცდა 1000-ს. კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მიაღწია 43 ათასს, სიკვდილიანობა არის დაახლოებით 2 ათას 900“,- განაცხადა გამყრელიძემ.

  • ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია- ეკატერინე ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.

    მისი თქმით, კარანტინში 100-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული და სამინისტრო დამატებითი საკარანტინე სივრცეების მოძიებაზე მუშაობს.

    ,,ამ ეტაპზე, კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტი თავს გრძნობს კარგად. ისინი ექვემდებარებიან მკურნალობას. ასზე მეტი პაციენტი მოთავსებულია საკარანტინო სივრცეებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სივრცეების მოძიებაზე. ამ ეტაპზე გორის სამხედრო ჰოსპიტალიც უზრუნველყოფს დამატებით ადგილს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, ამ ეტაპისთვის საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი”,- ამბობს ტიკარაძე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

  • ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია- მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომელიც ზიარებისას გამოიყენება, ანტისეპტიკური და ბაქტერიებისგან თავისუფალია- ქრისტეს სისხლია და ,,წვავს და განწმენდს ყველაფერს”.

    ,,ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

    მეუფე მრევლს მოუწოდებს, საღამოს ნაკურთხი წყალი აპკურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

    ,,პანიკის ატეხვა არაა სწორი. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა: დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერი ძაღლიო. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ კორონავირუსი, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას. პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.