Category: არქივი

  • “ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი”- მეუფე ნიკოლოზი

    ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, ეკლესია არავის ავალდებულებს, რომ ხატებს ემთხვიონ, თუმცა რეკომენდაციას, რომ ეს არ გააკეთონ, ვერ გასცემს.

    „ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

  • მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ.

    ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

    ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.

    საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი.

    მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.

  • როგორ ავირიდოთ კორონა ვირუსის გავრცელება სამუშაო სივრცეში – WHO-ს რეკომენდაციები

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს რეკომენდაციებს, რათა დამსაქმებლებმა თავიანთი კლიენტები და თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელებისგან დაიცვან.

    • სამუშაო ადგილზე ჰიგიენა და სისუფთავე შეინარჩუნეთ

     

    • წაახალისეთ ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა

     

    • უზრუნველყავით კარგი რესპირატორული ჰიგიენა;

     

    • სამუშაო ვიზიტის დაგეგმვამდე მოგზაურობის შესახებ ეროვნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ;

    მათ ვინც ავად არის, ურჩიეთ სახლში დარჩნენ.ამ ეტაპისთვის მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის 87 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად კი 2 979 ადამიანი გარდაიცვალა.

  • სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

    სამხრეთ კორეა კორონავირუსისთვის მომზადებული იყო, თუმცა ქვეყანაში ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა. დღევანდელი მონაცემებით 3500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გარდაიცვალა.

    როგორც BBC წერს, ოფიციალურმა უწყებებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ არაფორმალური ქრისტიანული ჯგუფიდან, შინჩონჯიდან გავრცელდა.

    ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ რელიგიური ჯგუფის წევრი 61 წლის ქალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაუსვეს, მანამდე მან რელიგიურ მსახურებაზე, სხვა პირებიც დააინფიცირა. როგორც ცნობილია, პაციენტის ვირუსის დადასტურებამდე არაერთ რელიგიურ მსახურებას ესწრებოდა.

    სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული რელიგიური ჯგუფის 42-მა წევრმა ივლისიდან დღემდე ვუჰანიდან იმოგზაურა, რომელიც ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი ეპიცენტრია.

    BBC-ს ცნობით, რელიგიური ჯგუფის ლიდერმა კორეელ ხალხს გამოწვეული მღელვარების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის ყველა დაწესებულება დახურეს , მათი წევრები კი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

    შინჩონჯი სამხრეთ კორეაში დაფუძნებული ქრისტიანული სექტაა, რომელსაც 230 ათასამდე წევრი ჰყავს.

  • რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 13 პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოქოძის განცხადებით, გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან გადაყვანილ 13 პაციენტს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება.

    მისი თქმით, დღეს მარინა ეზუგბაია მათ გასინჯავს და გადაწყდება, რამდენი დატოვებს საკარანტინე ზონას და რამდენი დარჩება დაკვირვების ქვეშ.

    ,,კარანტინის წესები მოითხოვს მაინც რომ იყვნენ იზოლირებულნი და დაკვირვების ქვეშ. ამას თავის წესები აქვს საკარანტინო, ამიტომ ეს პაციენტები შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში . ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან 4 პაციენტს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37.2 -ის ფარგლებში. სხვა გამოხატული სიმპტომები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ აქვთ. დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან, ნახავს პაციენტებს და გადავწყვეტთ რამდენს გავუშვებთ სახლში და რამდენს დავტოვებთ დაკვირვების ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, რადგან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ ამიტომ ყველაზე მსუბუქი პაციენტების დაკვირვების მიზნით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენს კლინიკაში”- ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

    გოქოძის მტკიცებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს, პერიმეტრი ჩაკეტილია.

    რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გუშინ მოეწყო. იქ მხოლოდ კორონავირუსით პოტენციურად დაინფიცირებული პაციენტები მოხვდებიან.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო,1 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    თელასის ცნობით, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო,12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მარიჯანის, ნადირაძის, ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, ბარნოვის, მუხაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რამიშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა (ფოტოები)

    თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

    აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

    დეზინფექცია უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს.


  • საქართველო აშშ-სგან ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას შეიძენს

    აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მოკავშირე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემის დასამზადებლად $18 431 215 ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

    დაკვეთა პენტაგონისგან კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-მ მიიღო. ის ჯაველინის სისტემებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ავსტრალიისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, ესტონეთისთვის, ინდონეზიისთვის, საფრანგეთისთვის, ირლანდიისთვის, იორდანიისთვის, ლიტვისთვის, ნორვეგიისთვის, ახალი ზელანდიისთვის, ომანისთვის, კატარისთვის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის დაამზადებს.

    სამუშაოები არიზონას შტატში, ქალაქ ტუსონში, 2020 წლის 25 ივნისამდე შესრულდება.

    საქართველომ აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა.

  • სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს.

    მისი თქმით, დაინფიცირებულია 29 წლის კაცი, რომელიც 28 თებერვალს ცოლთან ერთად ირანიდან ჩაფრინდა. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. პ

    ცნობით, კაცის მდგომარეობა სტაბილურია, ქალს კი ვირუსი არ დაუდგინდა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა იმ პირის იზოლირება მოხდება, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

    ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებული 87 ათასამდე ადამიანია, გარდაცვლილი კი 2979. 

  • საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსის თავდაცვის მიზნით ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, არასწორია.

    საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონა ვირუსთან (ჩOVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.

    თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა“,-ნათქვამია განცხადებაში.