Category: არქივი

  • ოპოზიცია პარლამენტში გიორგი ქობულიას მოსმენას ითხოვს

    ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში  მისვლას ითხოვს.

    ოპოზიციონერი დეპუტატები  ამბობენ, რომ გიორგი ქობულიამ მისი გადაყენების მიზეზებზესაკანონმდებლო ორგანოში უნდა ისაუბროს.

    პარლამენტში ყოფილი მინისტრის დაბარების მიზეზი, ქობულიას სკანდალური გადაყენება გახდა.ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა “შაბათის კურიერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავისი ნებით არ წასულა და გადააყენეს.

    ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით 18 აპრილს დატოვა. ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

  • შემოსავლების სამსახურმა 6 დღეში 26 740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღო

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვები პუნქტებიდან არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთა.

    “30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ნინოწმინდა“, „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“ და „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS – 11 ცალი), ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი) და ასევე 626 ცალი საბერძნეთისა და ლიტვის პირადობისა და მართვის მოწმობაზე ლამინირებისათვის დასაკრავი პოლიეთილენის ფირი აღმოაჩინეს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო 2 მაისს, სგპ ბათუმის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლენილი არადეკლარირებული საქონლის (ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS) – 5 ცალი, სიგარეტი – 7,580 ღერი) საბაჟო ღირებულებამ 4,980 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,”-აღნიშნულია  შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

  • ტყიბულის მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს

    ტყიბულის მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს.შემთხვევა 6 მაისს, გამთენიისას მოხდა. 

    გაქურდულია სამი სასაწყობე მეურნეობა და სამსახურის კუთვნილი მანქანის შიდა ინვენტარი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში  მცხოვრები ამირან მელაძე დააკავეს.

    რუსმა სამხედროებმა 80 წლამდე მამაკაცი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს  მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.

    სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

  • ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

    რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულები, ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.ორივე ბრალდებულს  16-16 წლით პატიმრობა  შეეფარდა.

    „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 51,3823 გრ. „ჰეროინი“, ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. „ჰეროინი“.

    სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – ბაქრაძე “როსნეფტის” მიერ “ვისოლის” შესყიდვაზე

    საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – ასე აფასებს ოპოზიცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „როსნეფტი“ საქართველოში ყიდულობს ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, ვისოლს.

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული კომპანია არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რადგან „როსნეფტი“ აფხაზეთში უკვე ღიად ოპერირებს.

    „თავისთავად ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ინვესტიცია გადაიზრდება მონოპოლიაში და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მონოპოლიას რუსეთი ყოველთვის იყენებს პოლიტიკური ზეწოლის ამოცანებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ქართულ ბაზარზე უკვე მოქმედებს ლუკოილი, უკვე მოქმედებს „გალფი“, როსნეფტის მიერ „ვისოლის“ ყიდვა შექმნის რუსულ მონოპოლიას ქართულ საწვავის ბაზარზე, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, აქ არ ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთს ეძლევა მონოპოლია ქართულ ბაზარზე და რუსული მონოპოლია ვიცით, რომ ყოველთვის არის ხიფათის შემცველი. გარდა ამისა, როსნეფტი არის კომპანია, რომელიც ღიად ოპერირებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ღიად არღვევს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთ კომპანიებს არ ჰქონდეთ საქართველოში ოპერირების და შესყიდვების გაკეთების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

  • “იმედიდან” გათავისუფლებული სტეფნაძე, საქმის შესწავლის მოთხოვნით ომბუდსმენს დღეს ოფიციალურად მიმართავს

    ტელეკომპანია “იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერი მაია  სტეფნაძე დღეს სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით მიმართავს და საქმის შესწავლას სთხოვს.
    სახალხო დამცველის დასკვნის შემდეგ, სტეფნაძე ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

    „მთავარი ჩემთვის ამ ეტაპზე არის არა თანხებზე “იმედთან” ჭიდილი, არამედ ამ ყველაფერის შეფასება საერთაშორისო სამართლის ნოემბრიდან გამომდინარე. უკვე მისი დასკვნის მერე, მივმართავ უკვე სასამართლოს,”-განაცხადა სტეფნაძემ.

    გია ჯაჯანიძის გადაცემი ყოფილი პროდიუსერი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ასახელებს, სადაც ის ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და ადგილზე სამაშველო ტექნიკა მუშაობს.

    “კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ლაგოდეხში იმყოფებიან. სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობას უკვე შეუდგა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.

    ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი და მეთვალყურეობას პირადად უწევდა მიმდინარე სამუშაოებს.

    გუშინ, ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის კოორდინირებული თანამშრომლობით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

    ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება წყლის დონის კლება მდინარეების კალაპოტებში. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწია. ადგილზე ვითარება სტაბილურია,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს.

    “ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას. ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში.

    მწამს, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას.

    საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,დღეს  თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელის (ნაწილობრივ), კრწანისის, ასათიანის, სართიჭალისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, IIIა VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, პატარა ტბის, მიქატაძის, ხერგიანის, ხევძმარისა და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირი IV კვარტლის, თვალჭრელიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, ქვლივიძის, ვერჰარნის, გრანელის, ლენტეხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, ოსიაურის, იაროსლავლის, ახალციხის, ჩხეიძის, სულიაშვილისა და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, თამარაშვილისა და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.