Category: არქივი

  • დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. 

    “საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან.

    საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ”, – წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე 6 მაისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და პროკურატურას მოუწოდებს, დროულად მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური გადაწყვეტილება ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაში პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ.

    “საქართველოს პროკურატურის მიერ, 2019 წლის 6 მაისს გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რომელის შედეგებიც ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუმცა, პროკურატურა უთითებს, რომ უახლოესი 2 თვის ვადაში საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის საპირისპიროდ, EMC განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უკვე ჩატარებულია ყველა არსებითი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების პასუხები პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 21 დეკემბერისთვის გააჩნდა. EMC-ს შეფასებით, შეგროვებული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს უკვე ქმნის. მათ შორის, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 1. სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა; 2. მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულობას 3. საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ფოტოსურათებზე დაფიქსირებული ყურსასმენები, მაღალი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა ვერც კი გაიგო მის ოთახში სპეცრაზმის შესვლის მომენტი; 4. აშკარად ჩანს გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესაძლო განადგურების/ფაბრიკაციის ნიშნები.

    ამ პირობებში ჩვენთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ იღებს პროკურატურა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და რატომ არ ანიჭებს მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს. მეტიც, 2019 წლის განმავლობაში, გამოძიების მიმდინარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ პროკურატურას არ გადაუდგამს საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები. უწყება უპასუხოდ ტოვებდა EMC-ს განცხადებებსაც.

    ჩვენი შეფასებით, სრულიად არარელევანტურია ის, რომ პროკურატურა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, იმის შესახებ, რამდენად ადეკვატური იყო თემირლანისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება, იმ ფონზე, როცა გამოძებისთვის უკვე 5 თვეა, ცნობილია სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის მიზეზი სწორედ თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანებაა და არა შემდგომ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა.

    აღსანიშნავია, რომ EMC-იმ 2018 წლის დეკემბრის შემდგომ, თბილისის პროკურატურას არაერთი განცხადებით მიმართა და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, თუმცა თბილისის პროკურატურამ არცერთ განცხადებაზე არ დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ გაგვცა. EMC-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა და ითხოვა მალხაზმაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც არ დაკმაყოფილდა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროკურატურა არ იღებს დადგენილებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, ან ცნობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა და ინგორირება, არღვევს დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის მნიშვნელოვან საპროცესო უფლებებს.

    ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC პროკურატურას მოუწოდებს ,დროულად უზრუნველყოს:

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების, ასევე გამოძიების პროცესში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა; მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადგენილების მიღება; თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების დაშვება იმ საქმის მასალებზე რომელზეც ჩვენ ამ დრომდე წვდომა დაუსაბუთებლად გვაქვს შეზღუდული”, – აღნიშნულია EMC-ის  განცხადებაში.

  • ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის დაკავებულია დედა, მამა და ორი შვილი

    შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათგან ოთხი ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ  ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. (more…)

  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელი რამდენიმე წუთის წინ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

    საგამოძიებო უწყებაში დავით ბაგრატიონი  ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

    გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

    როგორც ბაგრატიონის ადვოკატი  აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში თავისი სურვილით გამოცხადდა.

  • მწერალთა სახლი გაქურდეს – დაკარგულია დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები

    მწერალთა სახლი გაქურდეს – დაკარგულია დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ზარდახშა და რამდენიმე ლარნაკი.

    თანამშრომლებმა დაკარგული ნივთების შესახებ მაშინ გაიგეს, რაც სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის მზადება დაიწყო.

    მწერალთა სახლის დირექტორის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაცვის თანამშრომელია. მის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდეს, თუმცა იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. 

    “აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვენივე დაცვის წევრი, რომელსაც ებარა ეს ყველაფერი. ვიცით მისი სახელი, გვარი,პირადი ნომერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ,”-განაცხადა მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა. 
    მწერალთა სახლის დირექტორის განმარტებით, შენობას დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავდა, თუმცა მომსახურების გაძვირების შემდეგ თანხის გადახდა ვეღარ შეძლეს, რის გამოც კერძო დაცვა აიყვანეს.

  • “ძალიან დიდი პროტესტი მაქვს”-თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისის კონცერტზე არ იმღერებს

    17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე თამრიკო ჭოხონელიძემ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას და მომღერალთან ინტერვიუს „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. მომღერლის განცხადებით 17 მაისი დაპირისპირების დღედ იქცა, რისთვისაც მან კონცერთში მონაწილეობა გადაიფიქრა.

    “ვერ დავმალავ, რომ ჩემთან მოლაპარაკება სრულყოფილად არ შემდგარა. მე კონცერტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვაღიარებ გულწრფელად იმას, რომ როგორც კი ოჯახზე და მის სიწმინდეზე წავიდა ლაპარაკი (ოჯახების მონაწილეობით გვინდა კონცერტიო), მაშინვე თანხმობა მივეცი. ეს იყო 20-25 დღის წინათ. შესახსენებლად ხომ დამიკავშირდებით-მეთქი, ვკითხე. კი, ბატონო, აუცილებლად შეგახსენებთო. მაგრამ როდესაც ეს ბოლო ორი დღეა, 17 მაისთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი ლაპარაკი წავიდა, უარი ვთქვი კონცერტში მონაწილეობაზე. ეს დღე ჩემთვის პირდაპირი მინიშნებაა დაპირისპირებისა.მინდა ბოდიში მოვუხადო საპატრიარქოს. პირველად ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ დანაპირებს არ ვასრულებ. ბოდიშს ვიხდი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პირობა დავარღვიე. მაგრამ დავარღვიე იმის გამო, რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, ზოგადად დაპირისპირების მიმართ. ქვეყანაში დაპირისპირებებით საშიში მდგომარეობა შეიქმნა. უნდათ დახატონ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. არ არის ასე. ზიზღის ენით უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. მეგონა, შენელდებოდა, მაგრამ არა, უფრო მეტად გამძაფრდა. აქედან გამომდინარე, დაპირისპირებების კიდევ ერთი გამძაფრება სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია. სოციალურ ქსელშიც ამტყდარა ერთი ამბავი (მე „ფეისბუქი“ არ მაქვს). კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა გვიან დავფიქრდი, რომ ეს ის 17 მაისია, რომელიც დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. ჩემი უარით ვაპროტესტებ დაპირისპირებას. ჩემთვის ყოველი დღე – 17 მაისიდან მეორე წლის 17-მდე წმინდაა. მე პატრიარქს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ, ჩემი ოჯახით. ამას მაინც ხედავს საზოგადოება.” განაცხადა ჭოხონელიძემ

    თამრიკო ჭოხონელიძე პატრიარქს უარის გამო უბოდიშებს.

    ” ბევრი რამის თქმა მინდა უწმინდესისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მან ყოველთვის იცის, რა დროც არ უნდა იყოს და როგორც არ იყოს, მისი სახელით როდესაც მირეკავენ, მთელი ჩემი ოჯახით ფეხზე ვდგავარ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის,”- აღნიშნა მომღერალმა.

    შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ “ოჯახის სიწმინდის დღე” დააწესა. ამ დღესთან დაკავშირებით კი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობაზე უარს ამბობს ქართველი მომღერლების ნაწილი.

  • დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს

    ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს.

    მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

    „საგანგაშო და ასე ვთქვათ ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ როდესაც მესაზღვრეებმა დაკეტეს აღდგომის ტაძართან მისასვლელი ბილიკი, სამი დღის განმავლობაში სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაკვირვება, მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, რომ საზოგადოება მუდმივ საქმის კურსში ვამყოფოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იქნება დავით გარეჯში,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

    შეგახსენებთ, რომ ვითარება დავით გარეჯში რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს. ოთხი დღის განმავლობაში მოქალაქეებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს აღდგომის ტაძართან არ უშვებდნენ. მოგვიანებით გზა გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე იმყოფებიან ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

  • გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოხტა და დაიღუპა

    გურჯაანის საავადმყოფოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ კლინიკაში, სადაც ცოტა ხნის წინ, 78 წლის პაციენტი გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა.

    ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი და რატომ დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე მამაკაცმა, რომელიც საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ადმინისტრაციას.

  • “ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“– ნინო სუხიშვილი 17 მაისის კონცერტზე

    საქართველოს ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა 17 მაისისთვის დაგეგმილ კონცერტზე მათი ანსამბლის მონაწილეობის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ანსამბლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობს.
    17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
    2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
    მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.
    წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.
    სუხიშვილების ამ გადაწყვეტილებას ლგბტ თემის პროტესტი მოყვა. მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომლითაც სუხიშვილებს კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
    “უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!
    მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!“ – ნათქვამია განცხადებაში.
    თუმცა, ნინო სუხიშვილი თვლის, რომ მისთვის კონცერტში მონაწილეობა დიდი პატივია და უარის თქმას არ აპირებს.
    “მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას…
    ჩემთვის ღმერთი არის სიყვარული და სიკეთე და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. კი, ალბათ რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება. ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც.
    საერთოდ ვთვლი, რომ ძალადობა დაუშვებელია. აგრესია არც აქეთა მხრიდან, არც იქითა მხრიდან. მე ბავშვობიდან სიძულვილი და ზიზღი არ ვიცი, საერთოდ არ გამაჩნია საერთოდ არავის მიმართ და არ მესმის ეს სიძულვილი და აგრესია რატომ მოდის კონკრეტულად ჩვენზე, რომლებიც ყოველთვის ერის საქმეს ვაკეთებთ და თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსახურში ვართ.“ განაცხადა ნინო სუხიშვილმა.