Category: არქივი

  • სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილს შორის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ძმისშვილს შორის შემდგარი  ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

    სუსის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზე მიმდინარეობს,მალხაზ  მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.

    “ეგ აზრები „ვაფშე“ თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე. მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო, უნდა ვიცოდეთ. სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში, იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსს ნახავ, ტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილას არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გასცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან. წითელწყარომდე რა ფასი უთხარი, მისცემ და გაუშვებ.

    „შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის. იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა, რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო, ეტყვი. სანახავად მოვედი, მართალია თუ არა-თქო,“ – ისმის აუდიოჩანაწერებიდან, სადაც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს.

    „გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია. არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენ იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე,“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

  • კატასტროფული სიტუაცია ლივერპულში – ბარსელონასთან გუნდს ვერც სალაჰი, ვერც ფირმინო ვერ დაეხმარებიან

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს თბილისის დროით 23:00 საათზე ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც იურგენ კლოპის გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს ამოსახსნელი.

    1/2 ფინალის პირველ დაპირისპირებაში კატალონიელებმა მეტოქეს მარტივად, 3:0 სძლიეს და ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო 2 თამაშში ლივერპულს შეტევითი ხაზის ორი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ფირმინო გამოაკლდნენ. ინგლისელთათვის სიტუაცია ფაქტობრივად გამოუვალია და ამას მათი თავკაცი იურგენ კლოპიც ხვდება.

    “ჩვენ ვეცდებით ამ მატჩის მოგებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ ფაქტია, რომ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თუნდაც ცუდ შემთხვევაში ვისურვებდით,” – აღნიშნავს გერმანელი და დასძენს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული დასასრულის იმედი აქვს: “თუ გავალთ ხომ კარგი, თუ არა და მოდით, ყველაზე ლამაზად გავარდეთ!”

    სალაჰისა და ფირმინოს გარდა, ლივერპულს ნაბი კეიტაც აკლია. თავის მხრივ დანაკლისი აქვს ”ბარსელონასაც”, თუმცა მათი დანაკლისი ლივერპულთან შედარებით მიზერულია. აღნიშნულ მატჩში კატალონიელებს დემბელე და რაფინია ვერ დაეხმარებიან.

    ლივერპულს გოლის გატანა რომ შეუძლია ეს ყველასთვის ცხადია, თუმცა საინტერესოა რამდენად შეძლებენ ”მერსესაიდელები” კარის მშრალად შენახვას.

  • სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების და მკვლელობის განზრახვაში ადანაშაულებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.

    საგანგებო ბრიფინგი სუსში ამ თემაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. უწყების პოზიცია მისმა პრესმდივანმა, ნინო გიორგობიანმა გააცნო მედიას: 

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

    გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.

    მოგეხსენებათ, რომ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობით მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების გარდა ამ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.

    საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

    გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.

    პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

    დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

    მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

    გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

    დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • ოფიციალურად: დენი უელბეკი არსენალიდან მიდის

    ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელი ფორვარდი დანი უელბეკი და ლონდონის ”არსენალი” კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ დანი ”მეთოფეებს” ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

    უელბეკის კლუბიდან წასვლაზე ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმაც გააკეთა კომენტარი: “ველაპარაკე კლუბს ამ სიტუაციაზე და გადავწყვიტეთ, ის კლუბიდან მიდის.”

    უელბეკი ლონდონურ კლუბს 2014 წელს შეუერთდა, მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა. ამის მიზეზი არაერთი ტრავმაც გახდა. წლევანდელ სეზონში დანიმ 8 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. უკანასკნელად 28 წლის ფორვარდი საქმეში ნოემბერში, ”სპორტინგის” წინააღმდეგ ვიხილეთ, სადაც ტერფის დაზიანება მიიღო.

  • “ვიწყებთ ახალ ცხოვრებას”-საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები საქართველოს ტოვებენ

    “ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ქვეყანაში”-საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები საქართველოს ქართული პასპორტებით ტოვებენ.ამის შესახებ საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა ტვიტერის გვერდზე დაწერეს.

    თბილისში გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველოდან მიემგზავრებიან.

    “სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ვტოვებთ.ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ქვეყანაში. მადლობას ვუხდით ყველას მხარდაჭერისთვის”, – წერენ დები.

    საუდელი დები უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ, თუ სად მიემგზავრებიან.

    საუდის არაბეთიდან გამოქცეული დების პოსტი პირველად ტვიტერის გვერდზე 16 აპრილს გამოჩნდა.ისინი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს დახმარებას სთხოვდნენ და საქართველოდან სხვა ქვეყანაში გამგზავრებას ითხოვდნენ.

  • პეტრო პოროშენკო პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა

    უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო   პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. პროკურატურაში პოროშენკო მოწმის სტატუსით მაიდნის საქმეზე დაიბარეს.

    უკრაინული  მედიის ინფორმაციით,პოროშენკოს  გენერალური პროკურატურა გამოუცხადებლობასთან  დაკავშირებით არ გაუფრთხილებია.

    პოროშენკო პროკურატურაში პირველად 2016 წელს დაკითხეს. მისი დაკითხვა ვიდეოზარით მოხდა, მას დაკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია.

  • შენგელი ფიცხელაური სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

    სუსის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იყო დანიშნული. 

  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის განყოფილება დატოვა

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. გამოკითხვა ოჯახური ძალადობის ეპიზოდს შეეხებოდა.

    შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონს  ძალადობაში ადანაშაულებს. 

    ბაგრატიონებს შორის დავა ოჯახური ძალადობის გარდა, ქონების გაყოფის საქმეზეც მიმდინარეობს.

  • გეშინოდეთ გათიშული „რუსთავი2-ის”-გრიგოლ ვაშაძე

    “გეშინოდეთ გათიშული „რუსთავი2“-ის, მის დასაცავად პროტესტის ყველა, მათ შორის უკიდურეს ფორმებსაც მივმართავთ, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    გრიგოლ ვაშაძე რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დასაცავად ყველა ოპოზიციური პარტია პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.

    “მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია და საზოგადოება „რუსთავი 2“-ს დაიცავს. მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • “ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“–კალაძე რუსთავი2–ის საქმეზე

    „ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ – ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

    კალაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას სარჩელის შესახებ და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
    „სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ – განაცხადა კახი კალაძე.
    სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
    სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
    გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.