Category: არქივი

  • “ყველას ვურჩევ, რომ ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის საფლავში”- გვარამია

    „ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, საერთაშორისო ჩარევას. ეს ნიშნავს არამხოლოდ უარს, თავი დაანებოს რუსთავის2-ს და დაიცვას დემოკრატიის ელემენტარული წესები, ეს ნიშნავს განაცხადს, რომ ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, რომ არ გავუწიოთ ანგარიში ჩვენ ყველამ უკვე ხელისუფლებას და ჩემი განაცხადი, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც იქნება თავდასხმითი რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2 და შესაბამისად დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა დაიწყო, დამთავრდება ამგვარად,“ – განაცხადა რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანში. ასევე ამბობს, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა რუსთავი2-ზე შეტევას, არხი გადაარჩინა სტრასბურგმა. ამჯერად კი, ნიკა გვარამიას თქმით, ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.

    რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს.

    „ყველას ვურჩევ, რომ ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის საფლავში. ეს კაცი მთავრდება, გამოდით და გაანებეთ თავი. აი, პირდაპირ არ დაემორჩილოს მინისტრი, არ დაემორჩილოს რომელიღაც სამსახურის უფროსი. გამოვიდეს და თქვას იმიტომ, რომ ეს კაცი მთავრდება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • “ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ვფიქრობ, ეს კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“-ირმა ინაშვილი

    “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილის აზრით,  მალხაზ მაჩალიკაშვილი უნდა დააკავონ, პარლამენტის წინ კარვების აქცია კი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.

    “არავითარი საფუძველი არ მაქვს, სარწმუნოდ არ მივიღო ის ინფორმაცია, რაც დახურულ შეხვედრაზე გაახმოვანა სუს-ის უფროსმა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, ძალიან ბევრ ეპიზოდზე მივიღეთ სიღრმისეული განმარტებები, დარბაზში არცერთ დეპუტატს შეკითხვა აღარ დარჩა, რა მოხდა პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო.

    ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

    თუ დღეს გავრცელებული ჩააწერის ავთენტურობა დამტკიცდება, ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუმცა ვფიქრობ, ავთენტურობა ეჭვქვეშ რომ იდგეს, სუს-ი ამ განცხადებას არ გაავრცელებდა“,- განაცხადა ინაშვილმა.

  • გენერალური პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    გენერალური პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

    პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამია,რომ  სუს-მა ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად, ეფექტურად შეძლო დანაშაულის თავიდან აცილება.

    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის პრევენცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება სუსმა დაიყწო 2018 წლის ივნისში, სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

    ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება.

    გამოძიების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • მათ უნდათ რომ მამაჩემი გაანადგურონ და თემირლანი ტერორისტად შერაცხონ” – მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი

    “აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა. სასაცილოები არინ, რა ვთქვა, ისიც არ ვიცი. მათ უნდათ, რომ მამაჩემი ბოლომდე გაანადგურონ და თემირლანი, როგორც თვითონ ამტკიცებენ, ტერორისტად შერაცხონ. მამაჩემი ვინმეს მოკვლას რატომ დაგეგმავდა, მაშინ ამდენ ხანს ქუჩაში კი აღარ იდგებოდა და სამართალს მოითხოვდა. მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა სუს-მა და ახლა ამ ხერხს მიმართა,“ – ასე განაცხადა  მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა ნატა მაჩალიკაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.

  • “თუ ეს ფაბრიკაცია არ არის, მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას”-ბოკერია

    თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ეს ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა,

    „ზოგადად, ფონი ნდობის თვალსაზრისით მძიმეა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. რაც მოვისმინეთ, ეს, თუ ავთენტურია ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სუსმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადებაში და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

    უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მის ძმისშვილთან ერთად, ტერორისტულ აქტს გეგმავდა, კონკრეტულად,  მათ სოსო გოგაშვილის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინათ.

  • “მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს” – ადვოკატი

    მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა – მორის  მაჩალიკაშვილმა, სუსის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან სამართალდამცავებს კითხვები ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ.

    მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა გააკეთა.

    მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმის მასალები  გასაიდუმლოებულია და მას  მცირე  ინფორმაცია აქვს,თუმცა აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი მორის მაჩალიკაშვილის დაკავების, არ არსებობს.

    „ღიად შემიძლია, განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი, არ არსებობს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

    მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს.

    „იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა, ერთი საათით შეიძლება, მოვიდეს,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სუსმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადებაში და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

    უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მის ძმისშვილთან ერთად, ტერორისტულ აქტს გეგმავდა, კონკრეტულად კი მათ სოსო გოგაშვილის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინათ.

  • მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი-სუსი

    სუსის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს უწყებამ გამოაქვეყნა, არ არის სატელეფონო ჩანაწერი.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტული ჩანაწერი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა.

    სუსის განცხადებით,  გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სასამართლოს  განჩინების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტოგადაღება.

    „გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა”, – განაცხადეს უწყებაში.

  • 8 მაისს თეგეტა მოტორსის 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

    8 მაისს, 12 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია თეგეტა მოტორსის მიერ თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით.

    მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #5, თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალი.

  • “ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, მონტაჟი, დასაკავებელი არაფერი მაქვს”-მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ბრალდებაზე და უწყების  მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.

    როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს,რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი  მასსა და მის ძმისშვილს შორის საერთოდ  არ ყოფილა და ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა. 

    მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებიტ, ის დაკავებას არ ელოდება, რადგან ის უდანაშაულოა.

    „აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    სუსის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის – იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევს მის ძმისშვილს, რომ იოსებ გოგაშვილის მამის საფლავი იპოვოს ზემო მაჩხაანში. სუს-ის მტკიცებით, სწორედ მამის საფლავზე გეგმავდა მაჩალიკაშვილის შურისძიებას.

  • არ ვართ ტერორისტები, რატომ გვაბრალებენ?- მაჩალიკაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი

    სუს-ის განცხადებაზე  მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს.

    მარგოშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

    „წარმოდგენა არ მაქვს, ახლა თქვენგან გავიგე, არ მომისმენია,“ – ამბობს მარგოშვილი.

    თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს არ გეგმავდა და მისი განცხადებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

    „რა ტერორისტული აქტი და რის ტერორისტული აქტი. ეგ ტერორისტული აქტი არ მოაკლდეს ამის გამავრცრლებლებს და ამის მომგონებს. ეგ თუ იტყოდა, თავის შვილის მკვლელს არ აპატიებს, მაგალითად, მეც არ ვაპატიებ. ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი, მაგის გულისთვის უნდა დამაკაონ და ტერორისტული აქტი დამაბრალონ? ამ სადისტებმა და ამ საზიზღრებმა ამათ?“ – ამბობს მარგოშვილი.

    მედიკო მარგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ აქტებზე ამახვილებს ყურადღებას. მარგოშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პანკისის ხეობიდან მოსახლეობის „აყრა სურთ“.

    „გოგაშვილს თვალებს ამოვთხრიდი, ეგ ტერორისტული აქტია? ამათ ძალიან სწყურიათ ეგ ტერაქტები და ძალიან გაახშირეს ამათ ტერორისტული და ტერორისტობა. ძალიან სწყურიათ, ჩვენ არ გვინდა, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ გზრდით ტერორისტებს. რატომ აკეთებენ ჩვენ მიმართ ასეთ საზიზღრობებს და სისაძაგლეს, არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი აყრა უნდათ იმ ხეობიდან?“ – განაცხადა მარგოშვილმა

    .