Category: არქივი

  • საქართველოს ჩემპიონატზე შვილის ჭიდაობის გულშემატკივრობისას მამა გარდაიცვალა (ვიდეო)

    საქართველოს ჩემპიონატზე შვილის ჭიდაობის გულშემატკივრობისას მამა გარდაიცვალა.

    „გუშინ, საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ლუკა მარიამიძემ რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მამამისი, ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ლუკამ ის შეხვედრაც მოიგო. მერე მამა სახლში გადაასვენეს. დღეს კი ლუკას აღარ უნდა ეჭიდავა, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა.  

    მამამისის სულის პატივსაცემად. საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მერე კი ვეღარ გაუძლო ემოციებს.

    ეს ბიჭი აქამდე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო. ახლა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გაინაღდა ადგილი. ვუსამძიმრებთ და ვულოცავთ!, – წერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 

  • საქართველოში კორონავირუსის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ის არის, ვისი წილხვედრიც ვართ – გიორგი გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

    ” მიიღეთ კორონავირუსის კონცენტრატი და ისინი თვითონ დაგანებებენ თავს. აღარ მოგეკარებიან, აღარ შეგეხებიან, აღარც კი მოგესალმებიან,“ – ამ მონოლოგით დაიწყო საკუთარი გადაცემა გიორგი გაბუნიამ.

    „გინდათ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და დასვენება? გინდათ ეფექტური დიეტა და მედიკამენტების კოქტეილი, რომელიც შეუდარებელ ფორმაში ჩაგაყენებთ. მიიღეთ კორონავირუსის კონცენტრატი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ინფექციურ საავადმყოფიში“, – ამბობს გიორგი გაბუნია მონოლოგში. 

  • ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებით14 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

    ლუგარის ლაბორატორიის კვლევით 14 პაციენტს, რომლის პასუხებიც უკვე არსებობს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.მორიგი პასუხები ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი

    უკვე დაინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

    ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კარანტინს 100-ზე მეტი ადამიანი გადის. თბილისში 3 საკარანტინო ზონაა – მათ შორის ინფექციური საავადმყოფო, სადაც ამ ეტაპზე 24 ადამიანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. დამატებით 70-მდე ადგილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იზოლირებულ განყოფილებებში აქ ჯერჯერობით 14 პაციენტია.

    33 ადამიანი კლინიკა “ვივა მედში” რჩება. დანარჩენები აბასთუმნისა და საჩხერის საკარანტინო ზონებში არიან გადანაწილებულები. ისინი მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    განსაკუთრებული კონტროლი აეროპორტებში უკვე თითქმის 3 კვირაა მოქმედებს. ამ ეტაპზე პირდაპირი რეისები ქვეყანას ჩინეთთან და ირანთან აქვს შეჩერებული.

    მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მინიმალური ეჭვები არსებობს, აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.

  • ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია- გერმანიის ელჩი საარჩევნო სისტემაზე

    საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი.

    მან არსებული სიტუაცია მთაზე ასვლამდე რამდენიმე მეტრის დარჩენას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ ბოლომდე ასვლა მოხერხდება.

    ,,უკვე სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია ამ შეთანხმების მიღწევას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც მაღალ მთაზე ადის ჯგუფი და სამწუხარო იქნება, რომ როცა რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვეღარ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში შედეგს მივაღწევთ და ყველა მონაწილე მხარე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა.

    დღეს ,,ქართულმა ოცნება” ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ კანონმდებლობაში გაიწეროს 40% პრინციპი და პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს კანონი მეორეხარისხოვნად აქცევს მანდატების განაწილების სხვა პროპორციებს.

    ოპოზიციის მოთხოვნაა, მმართველმა ძალამ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლობული საარჩევნო მოდელი მიიღოს  და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა ოპონენტებზე, მათ შორის, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. თუმცა ,,ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – არის მსხვერპლი

    ფოთში, კოკაიას ხეივანში მომხდარ ავარიას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

    „ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა“, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მირიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

  • ხილვა მქონდა, მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – პატრიარქი კორონავირუსზე

    მქონდა ხილვა. მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას, – ამის შესახებ პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგების დროს კორონავირუსის საფრთხეზე საუბრისას ბრძანა.

    „რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია.

    ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.

    მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე.
    არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისათვის.

    დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში სწერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

  • ჩვენი მხრიდან ისეთი მოდელია მოფიქრებული, თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე- მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” ისეთი საარჩევნო მოდელი მოიფიქრა, ,,თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე”.

    ,,ის ვინც ამ შეთანხმებაზე არ წამოვა, იქნება საზოგადოების წინაშე ვალდებული, რომ აუხსნას საზოგადოებას რატომ არ დათანხმდა შემოთავაზებას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ცდილობენ, ამ საკითხების მოდერაციით საქართველოს დაეხმარონ ახალ საარჩევნო სისტემის შექმნაში. ჩვენი მხრიდანაც ისეთი მოდელია მოფიქრებული, სახალხო ენით რომ ვთქვათ, თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე”, – ამბობს მდინარაძე.

    ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციას შეთანხმებამდე დრო 9 მარტამდე აქვს, რადგან შემდეგ თეორიულადაც შეუძლებელი იქნება საარჩევნო მოდელში ცვლილების შეტანა.

    ,,თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას.

    ერთპიროვნულად „ქართული ოცნება“ ცვლილებებს ვერ გაიტანს იმიტომ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და პარლამენტმა ცვლილება ვერ მოახდინა სწორედ მათ გამო, ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    დღეს ,,ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდი შეიკრიბა და საარჩენო სისტემაზე იმსჯელა. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 40%-იან პრინციპს მხარს უჭერს და მზად არის, კანონდებლობაში ასახოს, რაც მანდატების განაწილების პროპორციას მეორეხარისხოვნად აქცევს.

  • საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ირაკლი კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პასუხობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

    ,,ჩვენ ყველაფერზე გვაქვს საუბარი, თუმცა რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ისინი საქართველოში არ არსებობენ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის”,- ამბობს კობახიძე.

    ცნობისთვის, ოპოზიციას მოლაპარაკების გასაგრძელებლად ,,ქართულ ოცნებასთან” ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს: გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და 40%-ზე დაბალი მხარდაჭერით პარტიას არ შეეძლოს მთავრობის ფორმირება. 40%-იან პრინციპზე მთავრობა თანახმაა.

  • ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

    ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

    პროკურორის განცხადებით, სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და გიორგი გოგიჩაიშვილი პატიმრობაში დატოვა.

    ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ დარბაზში კიდევ ორი ბრალდებულის ბორჯომის მერისა და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას ადვოკატის განცხადებით ლიპარტია ბრალს არ აღიარებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.

    შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი 29 თებერვალს დააკავა.

  • “რომის პაპს კორონავირუსი დაუდასტურდა” – ნიკა გვარამია

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელში რომის პაპის 4 დღიან გაუჩინარებას ეხმაურება. 

    “რომის პაპი უბრალოდ გაციებული არაა, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.აბა, ველი გათახსირებული კათოლიკეების ღმერთის მიერ დასჯის შესახებ სტატისებს, ბოლოში მინაწერით: დააშეარე და დაწერე “ამინ”.

    ps მაღალი ალბათობით, ფეიკ ნიუსია. მაგიტომაც ძირითადად კათოლიკეების გეენაში დაწვაზე სტატუსებზე ვნადირობ” – წერს ნიკა გვარამია

    შეგახსენებთ, რომ ​ოთხშაბათს ვატიკანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფრანცისკე შეუძლოდ გახდა. იტალიაში კორონავირუსის აფეთქების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაპს შესაძლოა კორონავირუსი აქვს, თუმცა გუშინ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.რომის პაპი ოთხი დღის შემდეგ გამოჩნდა. კათოლიკური ეკლესიის 83 წლის ლიდერი ვატიკანში, მოციქულთა სასახლის აივანზე გამოვიდა და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.