Category: არქივი

  • “რუსეთი ძალით გააოკუპანტეს”-აქციის მონაწილე

    “პუტინი მიყვარს ძალიან, დაგიბრუნებთ ტერიტორიებს დაელაპარაკეთ”-ვაკის პარკათან აქციის პრორუსი მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი არ არის და საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაერთიანდეს.

    “შორეულ ძმას ახლო მეზობელი მირჩევნია, ეს ხალხი ძალით გააოკუპანტეს, რუსეთმა ჩვენ გვითხრა, დაანებეთ ნატოს თავი და ჩავიხუტოთო”-განაცხადა აქციის მონაწილემ, რომელიც საქართველოს  ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა.

    “პუტინი მიყვარს ძალიან, კაი კაცია და თავის ხალხს უფრთხილდება, რა გინდათ? ჩვენ ქვეყანასთან არაფერი კავშირი არა აქვს, აბა ამერიკას გაეკეთებინა ოკუპაცია? დაგიბრუნებთ დაელაპარაკეთ, იმას რომ უნდოდეს სოხუმი ააღორძინებდა, მაგრამ როცა პრინციპით დაელაპარაკებით ამხელა კაცს ისიც პრინციპით დაგელაპარაკებათ”-განაცხადა “უკვდავი პოლკის” წევრმა აქციის პრორუსმა მონაწილემ.

    ვაკის პარკში, ერთმანეთის პარალელური აქციები იმართება. პრორუსულ “უკვდავ პოლკს” ანტისაოკუპაციო მოძრაობები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ და ვაკის პარკში შემოსვლისას შეძახილებით შეხვდნენ.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

    მაჩალიკაშვილი სუს-ში დღეს  11 საათზე იყო დაბარებული.მისი განცხადებით,ის  სუსში ადვოკატებთან ერთად  ხვალ მივა.

    „ჩემს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს ხვალ, 12:00 საათზე პროცესი აქვს, როგორც კი ეს პროცესი ჩამთავრდება, შემდგომ მოხდება ჩემი დაკითხვა. მარიამ კუბლაშვილთან და მეორე ადვოკატთან, ქეთი ჩუთლაშვილთან ერთად მივალ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 8 მაისს, 15 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მისმა ადვოკატმა  გამოკითხვის გადადება ითხოვა.

  • ტრისტან წითელაშვილი აქციაზე იარაღით იმყოფება

    ტრისტან წითელაშვილი აქციაზე იარაღით იმყოფება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დაადასტურა. წითელაშვილის განმარტებით, იარაღის ტარების უფლება მას აქვს და საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. კითხვაზე ვისგან გრძნობს ის საშიშროებას წითელაშვილი აცხადებს, რომ საფრთხეს ნაციონალური მოძრაობისგან გრძნობს. 

    აქციის მონაწილეები ტრისტან წითელაშვილს შეძახილებით შეხვდნენ და მოღალატე უწოდეს.

  • იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას – ნათელაშვილი შტატებში მიემგზავრება

    „იწყება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას კიდევ. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახდეპის, სტრატეგიული ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი იქნება საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი მოკავშირეები შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას საქართველოში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

    “ლეიბორისტების” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შტატებში ცოტახნის წინ გაფრინდა, მისი თქმით დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან.შეხვედრებზე მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს აპირებს.

  • ვაკის პარკთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

    ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო , მეორე კი-  ხულიგნობის ბრალდებით.

    დაკავებულების შესახებ  ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

    “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

    პოლიციამ ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში”, – აცხადებენ შსს-ში.

  • ნინო გვენეტაძე უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა

    უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტში ადასტურებენ.

    ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი პირადი მიზეზით 2018 წლის აგვისტოში დატოვა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი ის საზღვარგარეთ რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიის წინაშე მას განცხადება არ გაუკეთებია, მისი გადადგომის ირგვლივ კითხვის ნიშნები დღესაც არსებობს. მის მოულოდნელ წასვლასთან დაკავშირებით კითხვები სახალხო დამცველსაც ჰქონდა. 

  • ვაკის პარკში 2 აქცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

    ვაკის პარკთან ორი აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტიას” და ე.წ. “უკვდავი პოლკის” წევრები.

    პრორუსული ორგანიზაციის „უკვდავი პოლკის“ წევრები 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით აღნიშნავენ. აქციის მეორე მხარემ მოუწოდა პოლიციას მიეღო შესაბამისი ზომები, რადგან კანონმდებლობით საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია.

    „უკვდავი პოლკის“ წევრები ფიქრობენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს, სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება 2 ჯგუფს შორის. “რუსეთი ოკუპანტიას” აქციის მონაწილეებმა გიორგი ანწუხელიძის გამოსახულებიანი პლაკატები გაშალეს.

    “უკვდავი პოლკის” წევრებს აქციის მეორე ჯგუფი რუსეთის მიერ დაფინანსებულს უწოდებს. მათი განცხადებით, დღევანდელი აქციაც რუსული პროპაგანდის ნაწილია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით  გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

    2011 წლის 31 მაისს, ამოქმედებული კანონის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება იკრძალება.

    პრორუსული იდეოლოგიის აქციის მონაწილეების აზრით, კომუნისტური სიმბოლიკის განმარტება კანონში ბუნდოვანია.

    ტერმინი კომუნისტური იდეოლოგია განმარტებულია როგორც იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებით და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობით და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა.

  • საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს

    დღეს 9 მაისია, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად  უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ.

    ვაკის პარკში საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

    საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება და უკავშირდება მეორე  მსოფლიო ომში 1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადებას.

    რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.

    1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ – 1965 წლის 26 აპრილს.

    საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

    პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი კი 300 ლარს მიიღებს.

  • მამუკა ბახტაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

    პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 9 ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

    ბახტაძემ  ომის ვეტერანებს  დღევანდელი დღე მიულოცა.

    “მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღე.განსაკუთრებით, მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო,” – განაცხადა ბახტაძემ.

  • გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას ტოვებს

    გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას – “დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს“ ტოვებს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს დღეებში გახმაურდება. გუბაზ სანიკიძე თავად ჯერჯერობით ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა ახლო მომავალში სავარაუდოდ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრებს.

    “ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი 2012 –2016 წლებში მის პარტიასთან ერთად ქართული ოცნების კოალიციის წევრი იყო. კოალიციიდან ფორუმის გამოსვლის შემდეგ კი 2017 წელს ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა.