Category: არქივი

  • მარნეულში ფერმერს 130–მდე ძროხა დაეხოცა

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში ფერმერ ილგარ გახაჯოვს დაახლოებით 130 მდე მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა. ინფორმაციას და კადრებს მარნეული ტვ ავრცელებს. სავარაუდო მიზეზად მოწამვლა სახელდება. ილგარ გახაჯოვის თქმით მისმა ძმიშვილმა ვეტაფთიაქში წამალი კრეოლინი შეიძინა, ამ წამლით ძროხები დაბანა და დაახლოებით ათ წუთში პირუტყვის უმრავლესობა დაიხოცა. როგორც მეპატრონეები ამბობენ,  თითო ძროხაში ათასიდან ორიათას ლარამდეა გადახდილი. ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მივიდა. მისი განცხადებით ტერიტორია უნდა შემოიღობოს და დახოცილი პირუტყვის განადგურება მოხდეს.
  • “სუსი ჩემს ღამის სიზმარსაც კი უსმენს“ – ინტერვიუ კარავში მალხაზ მაჩალიკაშვილთან

    დააკავებენ თუ არა ტერორისტული თავდასხმის განზრახვაში მხილებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ელოდება. სუსი მოწმის სტატუსით მის დაკითხვას დღეს გეგმავდა, თუმცა მაჩალიკაშვილის უარის შმდეგ მხარეები შეთანხმდნენ რომ ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ მივა.

    სუსი ხვალ მაჩალიკაშვილს იმ აუდიონაჩაწერზე დაკითხავს, რომლის საფუძველზეც გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილი სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების ტერაქტით განადგურებას გეგმავდა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც ჩანაწერში საზოგადოებამ მოისმინა შესაძლოა მართლაც თქვა, თუმცა ეს მხოლოდ მისი ემოციური ფიქრები იყო.

    „ვიცი, ყველა ჩემი ნაბიჯი არის სუსის მეთვალყურეობის ქვეშ. ვიცი, ყველა ჩემი სიტყვა, ყველა საუბარი ისმინება. როცა მამწარებენ და როცა კუთხეში მიმამწყვდევენ, მე ეს ფიქრები მომდის. რაც ამათ ეხლა გამოაქვეყნეს მე ბევრად ამაზე უარესი მილაპარაკია, ვიცი რომ მისმენენ. ეს არის ჩემი ფიქრები, წამიერი ფიქრები, გამწარებული ადამიანის ფიქრები. რით უნდა ვუპასუხო, როცა სუსი ჩეიმი ღამის სიზმარსაც კი უსმენს. ყველა ჩემ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ. როდის მქონდა ის საუბარი, არც ის მახსოვს“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი იხსენებს, როგორ ხელმძღვანელობდა სოსო გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, გოგაშვილისადმი აგრესიის მიუხედავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ტერორიზმის განზრახვა არ ჰქონია.

    მიუხედავად იმისა, რომ დაკავებას არ გამორიცხავს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, რადგან შეუძლებელია მისი დანაშაულის მტკიცებულებები არსებობდეს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ხელისუფლება სუსის მიერ გავრცელებული ჩანაწერით მისი შვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას ცდილობს და პროვოკაციებზე მიდის. მაჩალიკაშვილი ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ვერსიით, სოსო გოგაშვილმა ალაპარაკება გადაწყვიტა და ამ ჩანაწერით ის გააჩუმეს, მას ახლა აჩვენებენ, როგორ იცავენ.

    „სოსო გოგაშვილიც ალაპარაკდება და სხვებიც ალაპარაკდებიან“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილმა ოპერაცია კი არა, ტერორისტული აქტი ჩაიდინა მაჩალიკაშვილების ოჯახში.

    “სახელმწიფომ აღიარიოს შეცდომა, თუ მე დამნაშავე ვარ, დამაკავოს” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი

  • მეფე ინტერვიუში 20 ათას ლარს ითხოვს

    მეფე ინტერვიუსთვის 20 ათას ლარს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „2020NEWS“ ავრცელებს. 

    “მას აქვს პირობა, ვინც ამ პირობას დააკმაყოფილებს, იმას მისცემს ინტერვიუს. ის სააგენტო, ან ტელევიზია, ან ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, რომელიც 20 000 ლარს შესწირავს წეროვანში დევნილთა დასახლებას, მას მისცემს ექსკლუზიურ ინტერვიუს“, – განუცხადა “2020NEWS”-ს დავით ბაგტრატიონის ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მისი ყოფილი მეუღლე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ძალადობაში სდებს ბრალს. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონმა, რომელიც  სასამართლოში ქონების გაყოფასაც ითხოვდა. ქონების გაყოფის ნაწილში სარჩელი საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

  • აწყურის ტაძრის რესტავრაციისთვის “ქართუ“ 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

    პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში, სოფელ აწყურში იმყოფებოდა. ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად  აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.

    ივანიშვილმა ტაძარში ქართული ისტორიული ძეგლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტაძრის რესტავრაციის დაპირება გასცა.

    ” სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა  ივანიშვილმა.

    “42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში კი დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი “ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

    აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10 მე-11 საუკუნეებში.

    როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ დაარსებიდან, 1995 წლიდან ახორციელებს.

    „ქართუს“ მიერ 900-ზე მეტი კულტურული, ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა რესტავრირებული. მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 6 მილიონი ლარი. რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი.

    მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ქეთა თოფურიას შვილის 9 მაისის მისალოცი ვიდეო საბჭოთა არმიელის ქუდში

    რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ქალიშვილს, ოლივია გეიხმანს საბჭოთა “ფურაჟკა“ მოარგო. საბჭოთა ქუდში გამოწყობილი ოლივია გამარჯვების დღეს ულოცავს ყველას. ქეთა თოფურიამ  ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა 

  • ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს ადვოკატის თანდასწრებით ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ.

    ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    “გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.
    ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი,”-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.

  • ბორჯომში სამშენებლო ნაგავს მტკვარში ყრიან. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც  კარგად ჩანს როგორ აბინძურებენ მდინარეს. კადრებში ჩანს, რომ  2 მამაკაცი ქვიშას და ნაგვით სავსე ტომრებს მდინარეში ყრის. 

    “გაარემონტე,შეიძინე მაგრამ მტკვარს რას ერჩი! ბორჯომის სანაპირო!”- წერს პოსტის ავტორი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

    კანონდარღვევის კადრები ბორჯომშია გადაღებული, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

  • ესენი ეხლა სუსში უნდა იყვნენ დაკითხვაზე – „სამოქალაქო მოძრაობის“ კონტრაქცია ვაკის პარკში და ხმაური

    2 განსხვავებული აქციით აღინიშნა დღეს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წელისთავი. ვითარება ვაკის პარკში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მისვლა და პატივის მიგება წითელი დროშებით, მკლავზე წითელი ლენტებითა და სტალინის სურათებით გადაწყვიტეს. ვაკის პარკში შესვლას ისინი დაახლოებით 1 საათზე მეტხანს ცდილობდნენ, რადგან უცნობი ჯარისკაცის მემორიალამდე მისასვლელად ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებს მათ წინაარმდეგ გამართულ 2 კონტრაქციას შორის უნდა გაევლოთ. წითელი დროშების გამოჩენისთანავე კონტრაქციის წევრები ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებს შეძახილებით და სტვენით დახვდნენ.

    „უნდა ვუთხრათ რომ არიან მოღალატეები. „უკვდავთა პოლკი“ არის რუსული სპეცსამსახურების შექნილი დაორგანიზებული და დაფინანსებული. ვერ უნდა ბედავდნენ ისინი ქალქის ცენტრში ასე სიარულს, ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოფთ. ვაპროტესტებთ სწორედ ამას – აღარ ვართ ჩვენ სახელმწიფო. ჩვენი ხელისუფლება დგას „უკვდავთა პოლკის“ და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. დგანან ერთად, ვითომ ვეტერანები ადარდებს ან ერთს, ან- მეორეს. აღარ ვართ ქვეყანა, მორჩა, ვართ მორღვეული ტერიტორია“ – განაცხადა კონტრაქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრის და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან იოსელიანის თქმით, ის ხალხი, ვინც უკვდავი პოლკის სახელით ჩაიარა ვაკის პარკში, სუსში უნდა იყვნენ დაკითხვაზე. „ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც ასე ღიად დადის“. განაცხადა ლევან იოსელიანმა.

  • გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

    გუბაზ სანიკიძემ პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა დღეს  მან ოფიციალურად განაცხადა.

    გუბაზ  სანიკიძე პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” 2017 წელს შეუერთდა.

    “დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

    შეხვედრისას მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

    შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.