Category: არქივი

  • ყვარელში ადიდებულმა მდინარემ ვენახები დატბორა

    გადაუღებელმა წვიმამ თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის შემდეგ ყვარელიც დააზიანა. ამჟამად ადიდებულია მდინარე დურუჯი, მონგრეულია დამცავი ჯებირები, დატბორილია  ადგილობრივების კუთვნილი სახნავ-სათესები და ვენახები. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლებთან ახლოს მიედინება. გადაუღებელი წვიმის გამო, სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ ხერხდება.

    “შესაბამისი ტექნიკის მდინარეში შეყვანა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

  • ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან 2 ადამიანი გაიტაცეს

    კასპში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, რუსმა  მესაზღვრეებმა სოფელ ქვემოჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს.

    როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერი სტეფანე მესროფაშვილი აცხადებს, ორი მამაკაცი  დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი,  სატაცურის საკრეფად წავიდნენ,   ამ დროს გამოჩნდნენ შეიარღებული ფორმიანი მესაზღვრეები და ორივე მათგანი დააკავეს.

    ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი – 35 წლის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს,რომ დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ ბრალად.ადგილობრივების  ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  • ზელენსკი პოროშენკოს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ ლიდერს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ  ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან უმაღლეს რადას მოუწოდა, ინაუგურაციის თარიღად 19 მაისი დაამტკიცოს.პეტრო პოროშენკო ზელენსკიმ ეგვიპტეში მყოფ ტურისტს შეადარა, რომელსაც გამგზავრების წინ ჩემოდანში სასტუმროს ნივთებს ალაგებს.
    ზელენსკის ბრალდებას პოროშენკოს ადმინისტრაციაში უპასუხეს. მათი თქმით, უკრაინა სასტუმროს ნომერი არაა და ხელისუფლების გადაბარება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

  • თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აიღეს

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი  აიღეს. მუნიციპალიტეტის რეაგირება მასალის  გაშუქებას მოჰყვა. როგორც თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, ბიუსტი სწორედ მისი დავალებით აიღეს და მას აღარ დადგამენ. 

    ბიუსტი სოფელ აკურის ცენტრალურ პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით, 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა დადგა.

  • შუალედური არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად გახარიამ ბრძანება გამოსცა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

    ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

    გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

    კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც შინაგან საქმეთ სამინისტრომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად უკვე გაატარა, ეს არის მემორანდუმის გაფორმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

    დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ჟვანიამ მოაწერეს.

    მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

    დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

  • პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • “ნუ მომკლავ” – გოგი წულაიამ “ფეროს” ქარხნის ღობეზე წარწერები გააკეთა

    “ნუ მომკლავ” – ამ მოწოდებით პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია–პერფორმანსი მოაწყო. მერობის კანდიდატმა ბავშვებთან ერთად “ფეროს” ქარხნის ღობეზე დაწერა: “ნუ მომკლავ,” “სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა.”
    მან ამ ფორმით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტა. მისი თქმით, „ფერო“ ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ.
    “დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი. ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებული პრობლემა. „ფეროს“ ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს. ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნვა არ უნდათ,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
    აქციის მონაწილეებს წარწერების გაკეთების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხატვას არ შეწყვეტენ, პატრულს გამოუძახებენ.
  • პუტინი ჰოკეის მოედანზე წაიქცა(ვიდეო)

    რუსეთის პრეზიდენტი ჰოკეის ლიგის მატჩის დროს ყინულზე დაეცა. ეს მაშინ მოხდა, როცა პუტინი მოედნის გარშემო დასრიალებდა და ტრიბუნებს ესალმებოდა. მან ფეხი წითელ ხალიჩას წამოკრა. პუტინს ადგომაში ჰოკეისტები ვიაჩესლავ ფეტისოვი და ვალერი კამენსი დაეხმარნენ. გუნდმა, რომელშიც პუტინმა ითამაშა 14:7 მოიგო. პუტინმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
  • ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ტაძრის კარიბჭეში ტუალეტი შენდება

    ქართველი ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  წერს, რომ ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის  დოლიყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდება. 

    ბუბა კუდავა წერს:”საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

    ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა გადახურული. ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

    აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანებების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

    ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!

    21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

    იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.

    P. S.
    საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში. ვესაუბრე ელჩს – ბ-ნ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას.” {{PHOTOGALLERY}}

  • საქართველოში შემოწმებული კლინიკების ნახევარი დარღვევებით მუშაობს.აუდიტის სამსახურის საგანგაში დასკვნა

    საქართველოში შემოწმებული ყოველი მეორე კლინიკა დარღვევებით მუშაობს. სწორედ ასეთი პირობებია ინფექციური დაავადებების C ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების მთავარი წყარო.

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა საქართველოში ინფექციების კონტროლის შესახებ. აუდიტი კლინიკების კონტროლის გამკაცრების და ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს.

    სტაციონარებში ხშირია საშარდე გზების ინფექციებისა და პნევმონიების გადატანაც. დარღვევების აღმოჩენისას კლინიკა გაფრთხილებას იღებს, გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი საქმეში მარეგულირებელი ერთვება. ამ მოდელს “მხარდამჭერი შემოწმება” ჰქვია, რასაც ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების წახალისებით ხსნიან.

    აუდიტის რეკომენდაციები უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა ჯერ კიდევ 2016 წელს ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის რეკომენდაცია საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან უკვე მიიღო.

    ჯანდაცვის სამინიტროში ამბობენ, რომ სტრატეგიაზე უკვე მუშაობენ, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან ამოქმედდება.