Category: არქივი

  • ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

    ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის გარდაცვალების გამო.

    უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

    მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სამხედრო პოლიციამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • კვიპროსში აეროპორტში დაკავებული 4 ქართველი დახმარებას ითხოვს

    კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც დაკავებულები “რუსთავი 2”-ს ატყობინებენ, ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვის განცხადებით ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაუწევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.
    „ბიძა მყავს გარდაცვლილი. ლარნაკას აეროპორტში ჩამოვფრინდი, რომ ოჯახს მივუსამძიმრო. ბიძაშვილები, ბიცოლა, ყველანი მელოდებიან. ასე გადმოგვიყვანეს ოთახში, ერთს ეუბნებიან სიტყვაზე რომ თანხა არასაკმარისი გაქვს, მაგრამ საკმარისზე ორჯერ მეტი აქვს. მეორეს ეუბნებიან, რომ სასტუმრო არ გაქვს დაჯავშნული, როდესაც კომპანია გვეუბნება, რომ დაჯავშნულიც არის სასტუმრო და გადახდილიც არის. ბარგი ჩამორთმეული გვაქვს, საბუთები ყველაფერი ჩამორთმეული გვაქვს. გამოგვიყვანეს აქეთ, როგორც ვვარაუდობ, რაღაც დროებითი მოთავსების ოთახია. წყალი არ გვაქვს, დასალევი წყალი ტუალეტში მოდის ცხელი წყალი. წყალი არ გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს. მე პირადად ერთს ვუთხარი, რომ რა მიზეზით დამაკავეთ-თქო, სიცილით მითხრა, უბრალოდ არ მომეწონე და არ გიშვებო. აქ ვინც ვართ ოთხი, არანაირი დარღვევა არაფერი არ გვაქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ ელოდებიან სამშაბათს, რომ შემდეგი რეისი იყოს და ჩაგვსხან ისევ უკან თვითმფრინავში და გამოგვიშვან“ – აცხადებს შალვა სპიროვი.
    დაკავებულები დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.
  • „ძალაც და უფლებაც ოლიგარქს“– პლაკატების აქცია თბილისის ქუჩებში

    დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში და ხიდებზე  ბანერები გამოჩნდა სხვადასხვა შინაარსის წარწერებით: “უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” “მეტი ფარული ჩანაწერი,“ “მედია უნდა იყოს მართული“ „მოიჭრას ყველა ხე“ და ა.შ. როგორც გაირკვა, ეს იყო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და შარშან ამ დროს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების ერთი წლისთავის აღსანიშნავად.  – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა.
    „2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,“ – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
    საპროტესტო შინაარსის ბანერები მალევე ჩამოიხსნა. სავარაუდოდ ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს. 

  • რუსთავი2–ის მეწილე მენეჯმენტს კომპანიის გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს

    “რუსთავი 2”-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, პარტნიორთა კრების მოწვევას ითხოვს. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზებზე ისაუბრა. 9% წილის მფლობელი ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითხოვს და ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტში გადასახდელი თანხები აქვს, თუმცა მას მიზანმიმართულად არ იხდის.
    „ერთადერთი ვარაუდი, რაც გამომდინარეობს აქედან, გახლავთ ის, რომ ხომ არ არის ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა. სხვა რამით ამის ახსნა შეუძლებელია. გაკოტრების პროცესი, როგორც ამ წუთში იურიდიულად არ მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარეობს პროცესები, რომელი პროცესების შემდეგაც, ზოგადად გაკოტრება სამართლებრივად არის გარდაუვალი. პირველი ნიშანი არის ვალაუვალობა სწორედ საწარმოსი. გადასახადების გადაუხდელობა, მათ შორის რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ ეს საწარმოში ხორციელდება მაშინ იმ ფონზე, როდესაც გარკვეული შემოსავლები ასე ვთქვათ არ მიემართება “რუსთავი 2”-ში, “რუსთავი 2”-სთვის იკარგება და მიემართება საშუამავლო კომპანიისთვის. ჩვენ პირველ რიგში სანამ სასამართლოს მივმართავდით, მივმართეთ ტელეკომპანიას და ვუთხარით ეს ფინანსური დოკუმენტაცია გადმოეცა. ფინანსური დოკუმენტაცია ვერ მივიღეთ. ვერც პასუხი ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემის თაობაზე. პარტნიორთა კრების მოწვევისთვის აუცილებელია პარტნიორის ინფორმირებულობა პარტნიორთა კრებაზე გასამართ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ინფორმირებულობის გარეშე კონკრეტიკაზე საუბარი პარტნიორთა კრებაზე ძალიან რთულია. ნინო ნიჟარაძე 9 % -იანი წილის გაყიდვა ისევ უნდა. იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ, ისეთი გარემოებები დადგინდება, რომ პარტნიორებს მიეცემათ საშუალება დარჩნენ იმავე ფორმატში კომპანიის ხელმძღვანელობაში და მფლობელობაში როგორც არიან. ასეთ შემთხვევაში ამას განახორციელებს. დღეს სამწუხაროდ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს რომ რომელიმე მეწილემ თავისი წილის გაყიდვა მოახდინოს. მხარის მიერ ზიანის მოთხოვნის და ზიანის ანაზღაურება კავშირში არ არის იმ აკრძალვებთან, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა და რასაც ახმოვანებს ქალბატონი თეა წულუკიანი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

  • კახეთში ზარალს ითვლიან. სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა

    კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქვემო ბოდბის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სეტყვამ ერთწლიანი ნარგავები, სიმინდის ნათესები და ვენახები გაუნადგურა. სტიქია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.

    ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ გამოყენებული იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები თუმცა, ეს ღონისძიება არაეფექტური აღმოჩნდა.

    „20 წუთი მოდიოდა სეტყვა, ეს ადგილები იყო სულ თეთრად. მოსავლის გარეშე ვართ. მინდორიც გაფუჭდა,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

    ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავალია.

    ხელისუფლებაში კი ვერ აკონკრეტებენ რა სახის დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

    სიღნაღის გარდა, დაზარალებულია ასევე თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

  • პარლამენტი “შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონს იღებს და მკაცრ რეგულაციებს აწესებს

    პარლამენტში ხვალ ოფიციალურად დარეგისტრირდება კანონპროექტი “შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები არიან.
    კანონის ავტორების თქმით, მისი მიღების მიზანია: შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
    პროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ადამიანს ჰყავს “ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.“
    კანონპროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი, შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.
    კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.
    შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული ხდება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა – პატრონობა ან გასხვისება.
    კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
    თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან დაიღუპა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებული ხდება ამის თაობაზე პოლიციას შეატყობინოს.
    ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე, ერთი ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი და ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალული იქნება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.
  • ბასიანის დამფუძნებლის დაკავების ვიდეოკადრები

    კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი წუხელ ბასიანის შესასვლელთან დააკავეს, სადაც პოლიცია კლუბში შემსვლელებს ჩხრეკდა. გელბახიანი დაინტერესდა, რატომ ატარებდა პოლიცია კლუბის წინ ჩხრეკას და რეიდებს, რის გამოც ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. გელბახიანი ღამის სამ საათზე დიდუბის პოლიციაში გადაიყვანეს და დაახლოებით საათნახევარში ხელწერილით გაათავისუფლეს. მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს რომ ზვიად გელბახიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
  • შსს–მ სიჩქარის მზომი კამერები მცხეთა–მთიანეთში 6 ადგილზე დაამატა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო  რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამჯერად  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით 6 ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ:

    1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 467 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2677 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 944 ნომრის ამომცნობია, ხოლო 1733 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

    ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად სამინისტრომ უკვე ერთი თვეა საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებას ემსახურება.

  • შსს–მ აჭარაში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ. ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღეს.

    სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • კლუბ ბასიანის დამფუძნებელი გამთენიისას გაათავისუფლეს

    კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დიდუბის პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით დილის ოთხ საათზე გამოუშვეს. ის საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. გელბახიანი ბასიანის წინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ის დაინტერესდა, რატომ ატარებდა პოლიცია ბასიანის სტუმრების ჩხრეკას და რეიდებს კლუბის წინ. ამ კითხვის დასმის გამო ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ზვიად გელბახიანის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მას პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ზვიად გელბახიანი ხელწერილით გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება  დაწყებულია.