Category: არქივი

  • 1 წელი თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან – EMC განცხადებას ავრცელებს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ერთი წლის წინანდელი მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  პროკურატურაში შეტანილი მათი ყველა განცხადება აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

    “ერთი წელი გავიდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მღელვარება და მასშტაბური საპროტესო აქციები გამოიწვია. 2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად, თანადროული და ფართომასშტაბიანი, საპოლიციო ოპერაცია დაიწყო.

    ღამის კლუბების ტერიტორიაზე შევიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპოლიციო ღონისძიება დაიწყო პარასკევს ღამით, როდესაც ორივე კლუბში წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარებული. პოლიციელთა განსაკუთრებულმა მობილიზაციამ, რაოდენობამ და აღჭურვილობამ კლუბებში შეკრებილ ადამიანებში დაუცველობის და შიშის განსაკუთრებული გრძნობა გააჩინა.

    ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაწყებას, კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა სპონტანური შეკრების ორგანიზება მოჰყვა. საპოლიციო მოქმედებების გასაპროტესტებლად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კლუბ “ბასიანთან” შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და არ მისცა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. წინააღმდეგობის განეიტრალებისა და პროტესტის შესუსტების მიზნით, პოლიცია აკავებდა აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს. 12 მაისის ღამეს, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული წესით აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.

    12 მაისის მოვლენები დაკავებული პირების რაოდენობითა და საპოლიციო ოპერაციაში ჩართული საპოლიციო ძალების გათვალისწინებით, ბოლო წლების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად ათეულობით მოქალაქის დაკავება, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა და ფართო საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში, თბილისის ცენტრალური გამზირი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ჰქონდა დაკავებული. აქციის მონაწილეები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას მოითხოვდნენ.

    12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დასაბუთებულობა და მიზანშეწონილობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 12 მაისის ღამესვე ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ კლუბების შიგნით, საპოლიციო ოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა და კითხვები პოლიციის მოქმედების მიმართ.

    სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან კავშირში ეჩვენებინათ 12 მაისს დაკავებული 8 პირის საქმე, რომლებიც საპოლიციო ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბების გარეთ, სრულიად სხვადასხვა ლოკაციაზე დააკავეს. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე დაიწყო და მათ მიმართ მტკიცებულებები თვეებით ადრე ჰქონდა მოპოვებული გამოძიებას. ამ პირობებში, კიდევ უფრო საეჭვო გახდა, რატომ დაამთხვია პოლიციამ მათი დაკავება სწორედ 12 მაისის ოპერაციას.

    ერთი წლის წინ საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებული და დამძიმებული იყო. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ორგანიზებული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობდა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ არსებითად მცდარ ინფორმაციას რეფორმის მიზნებსა და შინაარსზე, ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებისა და დაღუპვის შემთხვევებს კი საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციისთვის იყენებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად საკამათო საპოლიციო ოპერაციის ჩატარებამ, თითქოს ლეგიტიმაცია მისცა დისკრედიტაციის კამპანიას და ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების რეპუტაციაზე განზრახ მძიმე იერიში მიიტანა.

    12 მაისის მოვლენებზე ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული. ერთი წლის თავზეც კი, რეაგირების გარეშეა დარჩენილი EMC-ის მიერ პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და მის ეფექტიანად წარმართვას ეხებოდა.

    რაც მთავარია, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის ცალსახა პოლიტიკური დაპირებისა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი “უახლოეს დღეებში” გადაწყდებოდა, სწორედ 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან. 12 მაისიდან დღემდე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე არ ჩატარებულა არცერთი შეხვედრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთი წელია არ დაუნიშნავს საკომიტეტო მოსმენა ინიცირებულ კანონპროექტზე. ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზაობა გამოეყენებინა რომელიმე პლატფორმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებთან კომუნიკაციისა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის. უფრო მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ამ სფეროში სამართლიანი და პროგრესული გადაწყვეტილებს მიღების პოლიტიკური ტვირთი საკონსტიტუციო სასამართლოზე გადაიტანოს.

    დღეს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული ვითარება სამართალდამცავი ორგანოების სტრატეგიებსა და “კეთილ ნებაზეა” მინდობილი. ცალკეული მიმართულებებით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს პრაქტიკაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტენდენციას, თუმცა პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტის გარეშე, ეს ტენდენციები მყიფე და არასაკმარისია. რაც მთავარია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გარეშე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდებოდა.”-ნათქვამია Emc-ის განცხადებაში.

  • ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტური დაინიშნა

    ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში  საჭირო ხმების რაოდენობის, ანუ 50%-ის მოგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ  შეძლო, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.

    ქვეყანაში  არჩვენების მეორე ტური  26 მაისს შედგება. 

    მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან.

    ლიეტუვას მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც პირველ ტურში მესამე მესამე ადგილი დაიკავა, დამარცხება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ 12 ივლისს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგება.

    არჩევნების პირველი ტური 12 მაისს შედგა. 

    ინგრიდა შიმონიტეს გამარჯვების შემთხვევაში, ის მეორე ქალი პრეზიდენტი იქნება ლიეტუვის ისტორიაში.

  • თბილისში მწვანე ავტობუსები გამოჩნდა. რომელ მარშუტებზე იმოძრავებს განახლებული ტრანსპორტი.

    თბილისის ქუჩებში ახალი მწვანე ფერის ავტობუსები დილიდან გადაადგილდება.

    პირველ ეტაპზე განახლებული ტრანსპორტი  N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

    მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, 4 ავტობუსი.

    23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე – 8 ერთეული, N55-ზე – 10 ერთეული და N71-ზე კი – 9 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს.

    აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.
    თბილისისათვის ოთხმოცდაათივე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    N85 მარშრუტი მოძრაობს წრიულად ვაკესა და საბურთალოზე. გაივლის: ჭავჭავაძის გამზირს, თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევის ქუჩით კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.

    N95 – მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილის, გობრონიძის, ისაკიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ცოტნე დადიანისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს, საიდანაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებს.

    N50 – მოძრაობს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: პატარიძის, დავითაიას, პეტეფისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებს, მეტროსადგურ „ვარკეთილს“, ჯავახეთის ქუჩას, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირებს, ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ – თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ქუჩას.

    N55 – მოძრაობს წმ. ბარბარეს უბნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: წმ. ბარბარეს უბანს, გარდაბნის გზატკეცილს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირს, გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

    N71 მოძრაობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: თაყაიშვილის ქუჩას, ხომლელის ქუჩას, თრიალეთის ქუჩას, ჯავახეთის ქუჩას, კახეთის გზატკეცილს, საიდანაც მეტროსადგურ „ისანთან“ ჩაუხვევს, შემდგომ გაივლის ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, აქედან კი თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

    N3 – მოძრაობს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ პაიჭაძის ქუჩამდე. გაივლის: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, გობრონიძის, ანაპის 414-ე დივიზიის, შეშელიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანასა და პაიჭაძის ქუჩებს.

    N15 – მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, რობაქიძის, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს და მოძრაობას სადგურის მოედანზე ასრულებს.

    N33 – მოძრაობს გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: ხიზანიშვილის, ვასაძისა და ქერჩის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ერისთავის ქუჩას, წერეთლის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

    N54 – მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის, ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, გაგარინის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, სანდრო ეულის ქუჩას და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

    N79 – მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილისა და გობრონიძის ქუჩებს და მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ასრულებს.

    შეგახსენებთ, რომ განახლებული ტრანსპორტის  პრეზენტაცია კახა კალაძემ 8 მაისს გამართა. ავტობუსები  სულ 82 მგზავრზეა გათვლილი, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

  • მეტროში ტექნიკური პრობლემების გამო მოძრაობა შეფერხდა

    თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხდა, რის გამოც სადგურის მოედანზე  მეორე ხაზზე გადასასვლელ ხიდზე ხალხის დიდი ნაკადის გამო მოძრაობა შეუძლებელი იყო.

    როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მეტროსადგურ “სამედიცინო ინსტიტუტთან”  ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ვაგონების მგზავრებისგან დაცლა და  მატარებლის  ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.

    ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა  სრულად აღდგენილია.

  • ამერიკაში ესეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას-სააკაშვილი რობაქიძის საქმეზე

    მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია შეცდომებს უშვებდა, თუმცა პოლიციის ინსტიტუტის დისკრედიტაცია რუსეთის მიერ იყო მართული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  ბუტა რობაქიძის საქმე მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ ეს ისტორია  ტრაგიკული შემთხვევა იყო.

    “გეგმაზომიერად განადგურება მოხდა პოლიციის რეპუტაციის, არ ვამბობ, რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, პოლიცია უშვებდა შეცდომებს და უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს…ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად”-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.

  • აქვს მინუსები, ასევე, აქვს პლუსები- კალაძე ამერიკულ ბაზებზე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების  საკითხს აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსები.კალაძემ ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით გადაცემა იმედი LIVE-ში ისაუბრა და განაცხადა რომ  ამ ეტაპზე დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას.

    “თვითონ ბაზებს რაც შეეხება, მე მაშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხდება ზოგადად, წინასწარი კომუნიკაციის, მთავრობის მოლაპარაკებების შედეგად. ამერიკა, ვიცით ახლა, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დამხმარე, მეგობარი ქვეყანა არის და რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მას შემდეგ ჩვენ გვეხმარება, მხარს გვიჭერს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ჩვენთან ერთად, შესაბამისად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება, გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მინუსები აქვს ამ კონკრეტულ თემას ბაზებთან დაკავშირებით,  ასევე აქვს პლიუსები. შესაბამისად ეს არ არის მარტივი საკითხი და დღის წესრიგში არ დგას”, — განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ,  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა,რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს  შესაძლოა, პროვოკაციად აღიქვან. 

    პრეზიდენტის ამ  განცხადების შემდეგ კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები პარტიასთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან ის “ქართული ოცნების”  წევრი არ არის.

  • კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს დაეცა

    კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების საცხოვრებელ სახლს დაეცა. რაკეტა ჯერ სახლის სახურავს მოხდვა, შემდეგ ოთახის ჭერი გახვრიტა და  იატაკი დააზიანა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    კიკილაშვილების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფლებს ძლიერი სტიქია უტევდა. მათი ინფორმაციით, ოჯახის დიასახლისი რაკეტის დაცემას შემთხვევით გადაურჩა.

     

     

  • ხმაური ზუგდიდში სანდრა რულოვსის შეხვედრაზე

    ხმაური ზუგდიდში – სანდრა რულოვსის კარდაკარის შეხვედრაზე სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
    ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, რა დროსაც, კრიმინალური წარსულის მქონე ძმებმა ბუთხუზ და ვახტანგ ზარანდიებმა მისთვის ხელის შეშლა სცადეს. ამ ინცინდენტს სიტყვიერი შელაპარაკება და დაძაბულობა მოჰყვა.
  • გახარიას კიდევ ერთი ბოდიში. რას ფიქრობს შს მინისტრი პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე

    დღეს  შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი ბოდიში მოიხადა, ოღონდ ამჯერად იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც კლუბური ნარკოტიკების გამო ტრაგედია გამოიარა. გახარიას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რას ფიქრობს პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის. სამოქალაქო აქტივისტების აქცია–პერფორმანსს მინისტრი გამოხატვის თავისუფლებად თვლის:
    „როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება.
    12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების გვქონდა 2 შემთხვევა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაურესდება ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნებ არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს ვინც ეს ტრაგედია გამოიარეს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
  • პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ბოდიშს იხდის

    პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი დადგეს, რომელსაც სპეციალური წითელი ღილაკი აქვს და მასზე ხელის დაჭერისას ბოდიშს იხდის.. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ინსტალაცია შარშანდელი 12 მაისის მოვლენების გახსენებაა, როცა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციები განხორციელდა. სპეცოპერაციას პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია მოყვა, რომელზეც გიორგი გახარია მივიდა და ბოდიში მოიხადა. მან აქციის დაშლა შეძლო.