Category: არქივი

  • ოპოზიციას რომ ვუყურებ, ლუი XV მახსენდება, რომელიც ამბობდა, ჩემ მერე წარღვნაც მოსულაო- კილაძე

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და არ აინტერესებს, რა დაუჯდება ეს ქვეყანას.

    მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ლუი XV-ს აგონებს.

    ,,როდესაც ვხედავ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო. ამათი ინტერესი რეალურად არის ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რა ფასად მოვლენ, ქვეყანას ეს რად დაუჯდება არ აინტერესებთ”,- ამბობს კილაძე.

  • ხვალ საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

    საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას პრემიერი გიორგი გახარია უმასპინძლებს.

    ,,გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

    ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას”,- წერია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თუ ქვეყანაში მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება 4 აპრილის აქცია გადავდოთ- კაპანაძე კორონავირუსზე

    ,,ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კორონავირუსის კუთხით საქართველოში სიტუაცია თუ დამძიმდება, ან არ დასტაბილურდება, შეიძლება ოპოზიციის დაგეგმილი 4 აპრილის აქცია გადაიდოს.

    ,,საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი გავრცელების გამო. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თუ მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით ქვეყანაში დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, თუ ასეთი რეალობა არის, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს.

    საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მივიღებთ, იმის მიხედვით, როგორი იქნება ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით”,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

    გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს, სადაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

  • “არ მინდოდა ამაზე საუბარი…ის, რაც გვარამიამ იკადრა”- ამირან გამყრელიძის პასუხი

    “ის რაც გვარამიამ იკადრა”  -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას გუშინდელი ეთერის გამო აღშფოთება გამოთქვა.

    „თავს ვარიდებთ თითქოს ხალხთან საუბარს გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რომელზეც პასუხს არ გცემთ. ვიქცევი ცუდად? პირდაპირ მითხარით. ვიყავით იმისი ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი,ინფექციური საავადმყოფო  რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით. მე მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი. ის რაც გუშინ, ბატონმა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემს მიმართ. მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსროლიათ. ვიღაცას ვუქივარ და ა.შ. ვიცი, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყნას და ამ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადად მან. მადლობა მინდა ვუთხრა, იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ არც ერთი არ აყჰვა. ისინი პროფესიონალები არიან.

    გუშინ წინ მე მას დავთანხმდი, როცა ნიკა მელაპარკა, რომ მის ეთერში მივიდოდი და ვისაუბრებდი, როგორც ბევრგან. ვისაუბრებდი იმაზე, რაც დღეს მიმდინარეობს. ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს პოლიტიკური სარჩული არ ექნებოდა. არ მინდა პოლიტიკური კომენტარი. 2004 წლის შემდეგ, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, გუშინ, „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე გადაცემაში სტუმრად უნდა ჰყოლოდა,თუმცა მან გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გვარამიას შეფასებით გამყრელიძეს გადაცემაში მისვლა აუკრძალეს. 

    „მიზეზი ის არის რომ მას აუკრძალეს აქ მოსვლა ამასი დარწმუნებული ვარ მისდამი პატივიცსცემის მიუხედავად, რომელიც აღრა შემრჩა, ადამიანებს უნდა ესაუბრო ყველა მედიით და ყველა საშუალებით იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის.მან ყველაზე პოპულარული თოქ შოუს ეთერი არ გამოიყენა. ერთი საათი უნდა დაგვეთმო მისთვის, რომ მოსახლეობასთან ელაპრაკა. ესეც თქვენი ექიმი, საჯარო მოხელე. თუ შეგრჩათ იოტი პატივისცემა ძალიან ოპტიმისტი ხართ. მე მათ რიგებს არ მივეკუთვნები. მე პატივისცემა არ შემრჩა. მას მიჰყვა პაატა იმნაძე. როცა სჭირდებათ, რეიტინგი მოაქვთ კლიპები და უფასოდ გვავრცელებინებენ“-განაცხადა გვარამიამ.

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია- ზურაბ ჯაფარიძე

    ,,გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას არ შეწყვეტს, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება აზრს მოკლებულია.

    მისი თქმით, თუ ამ ფორმატზე შედგება შეთანხმება, გირჩი გაიზიარებს შინაარსს.

    ,,პოლიტიკური პატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა არის შესაწყვეტი, სხვა შემთხვევაში საუბარი რამე საარჩევნო სისტემაზე, მგონია, რომ აზრს მოკლებულია. იმიტომ, რომ შეიძლება ისინიც დაიჭირონ, ვინც გარეთაა დარჩენილი. გამოვა, რომ რაღაცაზე შეთანხმებული იქნები და ყველა იქნება ციხეში. ამიტომ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია.

    ამ ფორმატში თუ იქნება რამე შეთანხმება, გირჩი გაიზიარებს ამ ფორმატის შინაარსს. არ მჯერა, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე რამე შეთანხმებაზე შეიძლება წავიდნენ, რადგან ყველა შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო. თუ პროპორციული არ იქნება, უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ახლოს პროპორციულთან. 110/40 საერთოდ არ არის ახლოს მაგასთან”,- ამბობს ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი, რომლითაც ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

    რაც შეეხება ოპოზიციის მეორე მოთხოვნას პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

  • 2-დან 6 მარტის ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

    2-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს +13, +15 გრადუსია, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

  • დიდწილად ჩემი ბრალიცაა, რომ ვიდრე მინისტრი ვიყავი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება-სერგეენკო ინფექციურ საავადმყოფოზე

    ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ – მინისტრის მრჩეველის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს გადატანა, „დიღმის კლასტერში” მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

    როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლობის გამო საკუთარ დანაშაულსაც ხედავს.

    „მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს დიდწილად ჩემი ბრალიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამის გაკეთება.

    2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოვლაპარაკებულიყავით იმ იურიდიულ დონეზე, იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონესა და სახელმწიფოს შორის და ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ, გვქონდა მცდელობა, რომ იგივე ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით ავიღებდით, სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ ესეც ვერ მოხერხდა რადგანაც სპეციფიური არის ინფრასტრუქტურის მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო ეტაპი, რომ გამოიყო მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე, დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანეთ სამწუხაროდ ბოლომდე. ახლა არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა არის „დიღმის კლასტერში” სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას. როგორც მე ვიცი წლის ბოლოსთვის უკვე მოხდება გადასვლა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

  • სოხუმთან ახლოს მიწა გასკდა და მანქანა ჩაიყოლა

    ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს, სოფელ ქვედა ეშერაში,მანქანის სავალი გზის ნაწილზე მიწა გასკდა და მერსედესის მარკის მანქანა ჩაიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მიზეზად უამინდობა სახელდება.ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

    “ჩვეულებრივად მოვდიოდი, თითქოს გზას არაუშავდა, მაგრამ უცებ სასწაული დავინახე, ბავშვი მეჯდა წინ, გზა თითქოს უცებ დასრულდა, მანქანა ჩაეშვა ქვევით, ჩავვარდით, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა” – განაცხადა მძღოლმა.

  • კორონავირუსის გამო ლა სკალა დროებით დაიხურა

    იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ლა სკალას ოპერის სახლი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერის თეატრი ავრცელებს.

    “კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ლა სკალაში დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება”, -აღნიშნულია ოპერის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

    ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 1694 შემთხვევაა დადასტურებული.

  • ყაჩაღობა თბილისში-ლიბერთი ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

    ყაჩაღობა თბილისში- რობაქიძის გამზირზე არსებულ ლიბერთი ბანკის ოფისში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ფულს ითხოვდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

    ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. უცნობია, წაიღეს თუ არა ბოროტმოქმედებმა თანხა. ტერიტორიაზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.