Category: არქივი

  • ხმის მისაცემად მისულ ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

    ხულოს მერობის კანდიდატმა საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ  პირადობის მოწმობა სახლში  დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    ხმის მიცემამდე “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი   ხულოს #1 უბანზე შესასვლელში იცდიდა, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.

    როგორც აღმოჩნდა მას პირადობის მოწმობა პიანინოზე დარჩა. 

    “მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

  • „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც ინფორმაციას მოიტანს არჩევნების გაყალბების შესახებ”-გვარამია

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს იმ პირებისთვის, რომლებიც ტელეკომპანიას არჩევნების გაყალბების ან ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.ამის შესახებ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქის ლაივში განაცხადა.

    „ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს. ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

    ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ, არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, – განაცხადა  გვარამიამ.

  • „ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს”-სანდრა რულოვსი

    ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს,” – ეს განცხადება ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა 82-ე უბანზე   ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. 

    „ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში,“ – განაცხადა  რულოვსმა.

  • შუალედური და რიგგარეშე არჩევნები – საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

    ქვეყნის მასშტაბით  შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა.

    პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მთაწმინდაზე ტარდება. ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი- საკრებულოების შუალედური არჩევნები.

    მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

    მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” – ნინო ჯურხაძე; “საქართველო” – ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.

    ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი – ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი – კახაბერ ზარნაძე.

    ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი – ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი – დავით ჭუმბურიძე.

    ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვსი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” – სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი – დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი – თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი – დავით თორდია.

    ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” – საბა ბობოხია; “საქართველო” – ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი – როლანდ აბულაძე.

    მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. (წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.) მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.

  • კაცი, რომელმაც ცოლზე, გერზე და სიდედრზე იძალადა დააკავეს

    პოლიციამ სამტრედიაში  მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით  36 წლის მამაკაცი – გ.გ. დააკავა. ერთი პირი დააკავა

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შსს–ს ინფორმაციით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს – ვ.ო.-ს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

    პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას – ს.ო.-ს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ჩაწერილი მოქალაქეები და გაყალბების სავარაუდო სქემა

    არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების  ზუგდიდში ჩაწერა  მოხდა.  სავარაუდოდ ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. შაბათის „კურიერის“ მიერ მოძიებული 30-მდე მოქალაქიდან უმეტესობამ საცხოვრებელი ოფიციალურად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთსა და იმავე დღეს – 3 მაისს შეიცვალა.

    მისამართების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მოქალაქე ერთდროულად ზუგდიდში ერთსა და იმავე მისამართზე გადაეწერა. მაგალითად, ლაზის ქუჩის 41 ნომერში 3 მაისს 6 ადამიანი ჩაწერეს. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი გადასამოწმებლად ამ მისამართზე მივიდა. აღმოჩნდა, რომ ლაზის 41 ნომერში სახლს სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ქირაობს, რომელსაც კამერის გამოჩენა არ ესიამოვნა.

    ცოტა ხანში გუბერნატორი სახლის შესასვლელთან დაბრუნდა და „კურიერს“ უთხრა, რომ ლაზის ქუჩის 41 ნომერში მდებარე სახლი რამდენიმე თვის წინ იქირავა. დაადასტურა ისიც, რომ კიდევ 6 ადამიანი ამავე მისამართზე ნამდვილად მიწერილია. ამტკიცებს, რომ სახლი დიდია და ყველა ეტევა.

    სახლი, სადაც გუბერნატორი ქირით ცხოვრობს და არჩევნების წინ მოქალაქეები დაარეგისტრირეს, ზუგდიდი დასუფთავების სამსახურის მთავარ ბუღალტერს მაგული მესხიას ეკუთვნის. სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ 6-ვე გადმოწერილი პირი მისი ნათესავია და ოფიციალური მისამართი პრესტიჟის გამო შეიცვალეს.

    სამეგრელოს გუბერნატორის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში გადმოწერილი მოქალაქეები აქამდე წალენჯიხის ამომრჩევლად ითვლებოდნენ. ამიტომ „კურიერმა“ მისამართშეცვლილი ადამიანების გადამოწმება წალენჯიხაშიც სცადა. მათი თქმით, ისინი წალენჯიხაში ცხოვრობენ, მისამართი არ შეუცვლიათ და არ იციან, რატომ არიან მათი ოჯახის წევრები ჩაწერილები ზუგდიდში ლაზის 41-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

    წალენჯიხის გარდა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე ამომრჩევლები სვანეთიდან, ხობიდან, მარნეულიდან და თბილისიდანაც გადაწერეს. „კურიერმა“ მისამართები კარდაკარ გადაამოწმა. ბინების დაკეტილი იყო. ვაზისუბნის დასახლებაში თამარ ზარქუას ნათესავმა დაადასტურა, რომ ზარქუა საჯარო მოხელეა და ზუგდიდში ნამდვილად გადაეწერა.

    მისამართშეცვლილი ადამიანების შესახებ მასალები შეაგროვა გაერთიანებულმა ოპოზიციამაც. ოპოზიციის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, მმართველმა გუნდმა ათობით ადამიანი გალიდან ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე გადაწერა.

    ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა ხვალ 120 837 ადგილობრივს შეუძლია.

  • კახეთში მდინარეში 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა იპოვეს და 112-ს დაუკავშირდნენ.

    შემთხვევის ადგილი ყველა შესაბამისმა უწყებამ დაათვალიერა.
    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
  • ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლისთვის 2 ახალგაზრდა დააკავეს

    დღეს საღამოს ზუგდიდში ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებმაც  ე.წ. ფაიფურის დასახლებაში 87–ე საარჩევნო უბანთან ისროლეს. 

    სავარაუდოდ ერთ-ერთი პირი, ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

    გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

  • მდ. ნენსკრა ადიდდა,ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს

    მდინარე ნენსკრა ადიდდა, დატბორილია სოფელ ჭუბერში მდებარე სახლის ეზო.

    მდინარე ნენსკრა ადიდდა – დატბორილია სოფელ ჭუბერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო. ერთ-ერთი ადგილობრივის  თქმით, ორ საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, შენობები წყალმა წაიღოს.

    ნინელი ჩხეტიანის განცხადებით, მათ დასახმარებლად და ეზოდან წყლის ამოსატუმბად ჭუბერის გამგებელმა ტრაქტორი მიიყვანა, თუმცა ტექნიკა მალევე გაფუჭდა. ჩხეტიანების განმარტებით, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო წყლის ნაკადის შეჩერება, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

    ჩხეტიანები ამბობენ, რომ გასულ წელს ადიდებულმა მდინარემ მისი კუთვნილი ერთი სახლი უკვე დაანგრია და შესაძლოა ახლაც იგივე განმეორდეს.

    „ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს. საფრთხე გვემუქრება. დახმარებას ვითხოვთ,“- განაცხადა ნინელი ჩხეტიანმა.