Category: არქივი

  • “ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები.”- საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციაში

    ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. რამდენიმე საათის წინ  საარჩევნო უბანთან სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ქვარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. გაერთიანებული ოპოზიციისთვის იმ პირის ვინაობა უკვე ცნობილია, რომელმაც სროლა განახორციელა.

    „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე – ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება. გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო, რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით, სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ. ენმ-ს წევრის განცხადებით, სწორედ იგივე ავტომანქანა ფიგურირებს საოლქო კომისიიდან სიების გატანის საქმეშიც. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო კომისიის წევრები, როცა მათ სიები უკან დააბრუნეს. თინა ბოკუჩავა სამართალდამცავებს დროული რეაგირებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. „ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან, მოხდეს დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასროლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

    თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების და ამომრჩევლების დაშინებას ცდილობს.

    „ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის “ქართული ოცნების” ზონდერი, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობს მოიპაროს სიები, რის საშუალებაც ჩვენ მას არ მივეცით და მეორე მხრივ იარაღით და გასროლით დააშინოს ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, მათ შორის, კომისიის წევრები. ეს მათ არ გაუვათ,“ – ამბობს ბოკუჩავა.

    დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მცდელობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და ვერ შეძლებენ მოსახლეობის დაშინებას.

    „ვერც ასეთი ტიპის დაშინებებით, ასეთი კრიმინალით, ვერც სიების გატაცების მცდელობით, ვერც ბეჭდების გატაცებით, რომლებიც ახალი გამოვაგზავნინეთ ცესკოს, როგორც სიები დავაბრუნებინეთ, ასევე, ვერ შეძლებენ, რომ დააშინონ ჩვენი წარმომადგენლები,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

  • დაძაბულობა ზუგდიდში: სუს-ის წარმომადგენლები სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ

    ზუგდიდში ოპოზიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე რომ არაუფლებამოსილი პირებს სამაგიდო სიებთან წვდომა ჰქონდათ.

    გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ.

    არჩევნები ახლოვდება ხოლო ზუგდიდში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა 87 საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი ავტომობილიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.

  • ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა

    ბათუმში, თამარის დასახლებაში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს,  რომ დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა.
    წელს ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა.
    „მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია – შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე ნავიგაციური ტრავმა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რამე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადეს სააგენტოში.

  • ” ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ” – ზელენსკი

    ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით  ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

    „დღეს ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავია. ეს დღე გვახსენებს, რომ შეიძლება გაანადგურო ადამიანები, მაგრამ არა მთელი ხალხის სულისკვეთება. ყირიმელი თათრები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს მათ ისევ რეპრესიები შეეხო, ვინაიდან ოკუპირებულ ყირიმში ისინი უკრაინისადმი ერთგულნი რჩებიან.მჯერა, რომ ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ. როგორი გრძელიც არ უნდა იყოს გზა ყირიმის დაბრუნებამდე, ჩვენ მას მათთან ერთად გავივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გრძელ ღამესაც კი განთიადი მოსდევს!“ – წერს ზელენსკი.

    ყირიმელი თათრების გადასახლება 1944 წლის 18 მაისს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, გადასახლებულთა რიცხვი 183 144 ადამიანს შეადგენდა, თუმცა მათი რეალური რიცხვი 400 ათასს აღემატებოდა. ყირიმელი თათრების სამშობლოში მასობრივი დაბრუნება 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო.

    1944 წლის 18 მაისს, იოსებ სტალინის ბრძანებით ყირიმელი თათრების ციმბირში გადასახლება დაიწყო. ამ ძალადობრივი გადასახლების დროს გზაში დაიღუპა 110 000 ზე მეტი თათარი

  • სროლის ხმა საარჩევნო უბანთან -ზუგდიდში ვითარება უკიდურესად იძაბება

    შუალედური არჩევნების წინა დღეს,  ვითარება ზუგდიდში უკიდურესად იძაბება – ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა 87-ე საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში.გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ფარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.შეიარაღებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა უბნის შესასვლელთან.
    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად მივიდა.

  • ქოქოსის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანიდან 238 ტონა ნაგავი გაირიყა

    ქოქოსის კუნძულების   ტროპიკულ სანაპიროზე ინდოეთის ოკეანიდან 414 ტონა ნაგავი გაირიყა. ამ ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებს.  კვლევის მიხედვით ავსტრალიის განაპირა კუნძულებზე ეკოლოგებმა 414 მილიონი პლასტიკის ნარჩენი აღმოაჩინეს. აქედან თითქმის ერთი მილიონი ფეხსაცმელია, 370 000 კი კბილის ჯაგრისი.

    კვლევის ხელმძღვანელმა, და ეკოტოქსიკოლოგმა ჯენიფერ ლავერსმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი, ერთჯერადი მოხმარების საგნებია, მაგალითად ბოთლის თავსახური, საწრუპი ჩხირები და სხვა.

    ,,განცალკევებული კუნძულები იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ასეთი ნარჩენების მოცულობა”, – განაცხადა ჯენიფერ ლავერსმა.

    მკვლევარებმა ქვიშის 10 სანტიმეტრიანი სიღრმე შეამოწმეს, ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ეს პრობლემის მცირე ნაწილია,ეკოლოგიური პრობლემების, რადგან ოკეანიდან გარიყული ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის სიღრმეში იმალება

    ეკოლოგების განცხადებით, ყოველწლიურად,  წარმოებული პლასტმასის ნივთების 40%  ოკეანეში ხვდება.რაც ნიშნავს იმას,  რომ დღეს ოკეანეში შესაძლოა, 5 ტრილიონზე მეტი პლასტმასის ნივთი იყოს.

  • არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდება

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ცესკო-ში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხვალინდელი შუალედური არჩევნებისთვის მზად არიან.

    დარღვევებზე რეაგირებისთვის იმუშავებს ცესკო-ს ცხელი ხაზი. 19 მაისის არჩევნებზე უბნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება.

    „არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 ათას 556 წარმომადგენელი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო შესული საჩივრები. არცერთი მათგანი არ არის პროცედურული ხასიათის. ძირითადი მოთხოვნა არის ადმინისტრაციული, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, მათ განხილვას აქვს შესაბამისი ვადები და განხილვა მოხდება შესაბამის ვადებში,“ – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

  • ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო

    ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე “ტოჩინოშინმა” ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო.   ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩინოშინმა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა მისი ჰაერში აწევით შეძლო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა 9:24. დღეს კი მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ მე-10 ბრძოლა მოიგო.

    ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია.  ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად მას  კიდევ სამი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

  • “ოცნება” ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს

    „ქართული ოცნება“ ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი უპრეცედენტო შანტაჟის და დაშინების ფაქტებს უარყოფს და ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს.

    საგანგებო ბრიფინგი დღეს არჩილ თალაკვაძემ გამართა, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ფაქტს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

    თუმცა რატომ არ არის ამ დრომდე დაკავებული არც ერთი პირი, ვინც ძალადობაშია ბრალდებული, ამ შეკითხვაზე თალაკვაძეს პასუხი არ აქვს.

    „ყველა სამუშაო მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს კარდაკარ, ჩვენი შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი, გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტივობის შემთხვევაში, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ, მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გეგა შენგელიას გამარჯვებას,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

    ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, სოფო ქაცარავა.

    „მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვას სიმშვიდე, რადგან მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ შუალედური არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ამისთვის, ყველა კომპეტენტური უწყება არის მობილიზებული,“ – განაცხადა ქაცარავამ