Category: არქივი

  • “რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან“– მამუკა მდინარაძე

    ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სპეციალურ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამბობს, რომ  საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა  რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

    “სამწუხაროდ, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში.

    ამისათვის მინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან.

    მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.

    ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან.

    თქვენ ნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ეგრედწოდებულ ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

    ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ , სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვთხოვთ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს.

    მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში. ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულნი, მაგრამ დამატებით მოვუწოდებ, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება და ეს უნდა შეასრულონ.

    გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც ევროპული საქართველოს მხრიდან, ისინი ხელოვნუირად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა იქაც ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით, ამისათვის მათ დიდი მადლობა.“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

  • “ვაპირებთ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ”-სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს

    “ვაპირებთ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ”-სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვით საკუთარ მომხრეებს მიმართა.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმ ჩანაწერებსაც შეეხო, რომელიც ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნება” გამოაქვეყნა, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ზუგდიდში სიტუაციის გამწვავების გეგმებზე საუბრობს. სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არც მალავს, რომ აპირებსრომ ბოლომდე იბრძოლებს. “ვაპირებთ ამას, არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

  • “ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” მათი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ

    „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მათი დამკვირვებლებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ განაცხადა, პარტიის დამკვირვებლები მოქმედებენ კანონის შესაბამისად რათა მოხდეს ე.წ. კარუსელების თავიდან აცილება და მათ ამ ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან. ნინო გოგუაძე მოუწოდებს ცესკო-ს თავმჯდომარეს შეასრულოს მისი მოვალეობა.

    „ჩვენი დამკვირვებლები მოქმედებენ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის ე პუნქტის შესაბამისად და ახორციელებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, ისინი ამოწმებენ პირადობის მოწმობებს რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა მივმართო ცესკო-ს და კერძოდ, თამარ ჟვანიას რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია და ნუ შეუშლის ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს,“-განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

    მთაწმინდის ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს ევროპული საქართველო. ირმა ნადირაშვილის თქმით, უბნებზე გამოჩდნენ ცესკო-ს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ მითითებებს იძლევიან.

    „ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შემოუშვან ადამიანები და მისცენ მათ ხმა. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის. ჩვენს კომისიის წევრებს აქვთ უფლება შეამოწმონ პირადობის მოწმობები. ამით გვინდა რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები და ა.შ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

  • ირაკლი ალასანია აშშ-დან თბილისში ხმის მისაცემად ჩამოვიდა

    “შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე არის ის ღირ­სე­უ­ლი კაცი, რო­მელ­მაც ყო­ველ­თვის იცო­და, რო­გორ უნდა და­უდ­გეს მე­გობ­რებს გვერ­დით” – ეს განცხადება ხმის მიცემის შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გააკეთა. 

    მთაწ­მინ­დის მე-5 უბან­ზე მისულმა ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ხმის მისაცემად თბი­ლის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და.

  • “ზუგდიდში უნდა ადუღდეს ყველაფერი”-ოცნება სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს

    “ზუგდიდში უნდა ადუღდეს ყველაფერი”-ქართული ოცნების ინფორმაციით, ამ შინაარსის საუბარი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის გაიმართა.  

    შესაბამისი აუდიო მასალა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა. 

    “საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.

    სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი – მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.

    ბუნებრივია, ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.
    ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო.

    მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება;
    გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები 1 წლის წინ აჭარის ადუღებას, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმი.
    ბუნებრივია ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!
    გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება”- აცხადებს თალაკვაძე.

    დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

  • ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

    ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა.

    მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის მმართველი პარტიის მიერ ლადო კახაძეა წარდგენილი.


  • დაპირისპირება სოფელ კოკში. დაკავებულია ერთი ადამიანი

    ვითარება უკიდურესად დაიძაბა სოფელ კოკში, სადაც  მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი.

    დაპირისპირების მიზეზი კოკის # 97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გადა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

    „ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმის, რომ სადაც მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები ჩვენს უბანში ეს არის კოკის, ხურჩას და ორსანტიას მიმართულებით, ნაციონალური მოძრაობა როგორც კი გამოჩნდა დაიწყო ძალადობა დაიწყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია,“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

    თუმცა ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მივიდა საარჩევნო უბანზე პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

    „მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო,“-განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.

    გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარე დაბნეულია და არასწორად წერს საჩივრებს. 

    შინაგან საქმეთა საიმინისტროს ინფორმაციით, კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

  • “ჭაობი უნდა დამთავრდეს“–გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდაზე ხმის მისაცემად მივიდა

    მთაწმინდაზე დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა:

    „დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

  • ნიკა გვარამიასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

    ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში  95-ე უბანზე ნიკა გვარამიასა და ქართული ოცნების დამკვირვებელს შორის კამათი  მოხდა, რაც შემდგომში  ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. 

    უბანთან შეკრებილი ადამიანები გვარამიას დაუპირისპირდნენ, რის გამოც “რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ტერიტორიის დატოვება დაცვის თანხლებით  მოუწია.

    ოცნების კოორდინატორი ქალბატონის ქეთევან სორდიას განცხადებით, გვარამიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სამედიცინო დახმარება სჭირდება.