Category: არქივი

  • პრეზიდენტი მომღერალ ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აძლევს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას მისცემს.

    ზურაბიშვილმა ამის შესახებ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

    სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ინფორმაციას,  ქეთი მელუასთან ერთად გადაღებულ ფოტოც დაურთო.

  • დღეს ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება

    უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს იმართება.

    გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა.ცერემონია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში დაიწყება.

    10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო, ამ მოთხოვნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.

  • “ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს”-ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს

    “ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს”-ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანდრა რულოვსს დასვენებისა და ოჯახის მიხედვისკენ მოუწოდა. 

    ღარიბაშვილი გუშინდელ დღესაც გამოეხმაურა და  განმარტა, რომ  არჩევნების დღეს პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია მოსალოდნელი დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად მოხდა.

    „ჩვენი დესტრუქციული ოპონენტების განსაკუთრებული აქცენტი ზუგდიდზე იყო გადატანილი. მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე სხვა რეგიონის პოლიციის უფროსი იყო ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ 5 ათასი ადამიანი, მათი აქტივისტი იყო მობილიზებული და ჩაყვანილი ზუგდიდში, არა ზუგდიდელი, არა მეგრელი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო. ამ შემთხვევაში, მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია, თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალები ზუგდიდში, ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს გამომდინარე მათი ხასიათიდან გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

    რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკას და მის რიტორიკას, რომელიც უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია არამარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ მისი ამომრჩევლებისთვის. ჩემთვის, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა თავისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი, ისე როგორც იქცეოდა ომში 2008 წელს, როცა მან ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, იგივე გაიმეორა ახლაც. მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი, დაისვენეთ. მე მას ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

    ცესკომ  წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რვავე ოლქში,   არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

    საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, სადაც ცესკოს ამ დროისთვის უკვე  ყველა უბნის მონაცემები აქვს დაჯამებული.

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. ეს რაოდენობრივად 244 ხმაა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო.

    ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო (577 ხმა).

    ადიგენში მხოლოდ 1 უბანი იყო გახსნილი, რომლის მონაცემების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

    ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი – 29,84 %-მა.

    ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე – 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.

    ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ლომიძეს კი – 28,68 %.

    წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე – 19,72 %.

    ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.

  • მთაწმინდაზე მეორე ტურია: კახაძე– 41%, შავგულიძე–36%

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით მთაწმინდის 31 უბნიდან ყველა უბნის შედეგების მიზედვით მთაწმინდაზე მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე მიიღებენ მონაწილეობას. მთაწმინდის შედეგები ასე გამოიყურება (გთავაზობთ იმ კანდიდატების შედეგებს, რომლებმაც ხმების 1%–ზე მეტი მიიღეს):

    ქართული ოცნება: ლადო კახაძე – 41%

    ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატები: შალვა შავგულიძე 36.83%
    ალექსანდრე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა:   ლევან იოსელიანი 6.55%
    გირჩი:  გერმანე საბო 4.76%
    დამოუკიდებელი კანდიდატი: გრიგოლ გეგელია –3.14%

    დამოუკიდებელი კანდიდატი: კობა დავითაშვილი 2.91%

    დამოუკიდებელი კანდიდატი: სოფო ხორგუანი – 2.61%

  • „სიტყვების რახარუხს თავი უნდა გავანებოთ“–ნიკა მელია პირდაპირ ეთერში სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა

    გადაცემა კვირის აქცენტებში საღამოს ნიკა მელია ჩარეთო მას შემდეგ, რაც გადაცემაში სანდრა რულოვსის ჩართვა დასრულდა. სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის წაგების შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და მთელ საქართველოს შემოივლის.
    ნიკა მელიამ, რომელიც გადაცემაში ზესტაფონიდან ერთვებოდა და ზესტაფონის არჩევნებზე საუბრობდა, ზუგდიდის მოვლენებზეც გააკეთა განცხადებები. მას სანდრა რულოვსი არ უხსენებია, თუმცა ცხადი იყო, რომ სწორედ მას გულისხმობდა:
    “არ უნდა გავაკეთოთ გაუაზრებელი განცხადება, რომელიც ოპოზიციურ მუხტს მოკლავს. ოპოზიციონერებმა უნდა ვისწავლოთ.რაღაცას თუ ვიტყვით – ყველა ოპოზიციური პარტის ლიდერს და ყველა ოპოზიციურ ლიდერს ეხება – რაღაცას თუ ვიტყვით უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახარუხს თავი უნდა გავანებოთ რა. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფრუსტრაციაში, არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალთ და დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. ეხლა გამოვალთ ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება. არაფერი არ აგდებს ამომრჩეველს დეპრესიაში უფრო მეტად, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულება. ჩვენ სულ თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა. ჩვენ არ ვიცოდით რომ შუალედური არჩევნები იყო? ზესტაფონში ან ზუგდიდში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ რას გვეტყოდა? ვეტყოდით რომ მთავარ არჩევნებს ველოდებით.
    ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ თუ ეს არ იქნება გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.“– განაცხადა ნიკა მელიამ.
    გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა მელია ამ განცხადებაში და გულისხმობდა თუ არა სანდრა რულოვსს. მელიას რულოვსი არ დაუსახელებია, თუმცა ფაქტიურად დაადასტურა, რომ სწორედ მას გულისხმობდა:
    “მიმხვედრი მიხვდება. თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ სხვა ოპოზიციური პარტიის არ შეიძლება ხალხო.
    ვერავინ ვერ დამწამებს ცილს, რომ არ ვიბრძვი და თავი არ შემიშვერია, მაგრამ მაპატიეთ ეხლა, მტკიცებულებები უნდა დავდოთ, თუნდაც ზესტაფონში. მე ეხლა აქ ავდგები და ვიტყვი რომ დავამარცხეთ ახლა ზესტაფონში თუ მეორე ტური ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მტკიცებულებები უნდა ვაჩვენოთ. ხუთი ათასი ადამიანი ვართო რომ ვიძახდით ზუგდიდში ხუთი ათასი დამკვირვებელი ვართ და ვერავინ ვერ გაგვიყალბებსო ზუგდიდში, ეხლა რომ გამოვალთ და ვიტყვით გაყალდბაო, მტკიცებულება უნდა განახოთ მე პირადად თქვენ, იმიტომ რომ არასერიოზულად ვჩანვართ, ეს არის დათვური სამსახური. ეს არ არის ის, რაც წაადგება საერთო ბრძოლას.
    არ უნდა დავაზიანოთ მთავარი მიზანი. არ შეიძლება გაუაზრებელი – ხვალ და ზეგ ვიწყებ ამის თქმასუბრალოდ არ მინდა რომ ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხათ. ისე ავწიოთ თამასა, რომ მერე გამოვიწვიოთ წარმოუდგენელი იმედგაცრუება და ეს მომხარა არა ერთხელ. არაერთ ოპოზიციურ მოძრაობას გაუკეთებია, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარა.
    მე წინააღმდეგი ვარ კონკრეტული თარიღების დათქმისა. სანამ განცხადებებს გავაკეთებთ , მანამდე არ დაგვავიწყდეს, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა თავისი მმართველი ორგანოთი, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს შიგნით, პოლიტიკური საბჭო იქნება ეს თუ აღმასრულებელი რგოლი პარტიისა. არ შეიძლება ასე გაუაზრებლად ცხელ გულზე ვთქვათ, რომ მოგვპარეს. მოგვპარეს რა თქმა უდა, მოტაცებებზე იყო საუბარი, შანტაჟზე და მუქარაზე, და წარმოუდგენელი მეთოდებით, მაგრამ ეს ხომ ვიცოდით რომ ამას აკეთებდნენ, მაგრამ დავდექით ფაქტის წინაშე. ახლა უნდა შევიკრიბოთ, მოვიფიქროთ ზუსტი სამოქმედო გეგმა და ამის შემდეგ უნდა გაცხადდეს. ამის შემდეგ უნდა საზოგადოებას ვამცნოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა.ემოციებზე ისეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რომელიც ივანიშვილს გააძლიერებს და ოპოზიციურ მოძრაობას, რომელიც მზარდია დაასუსტებს.“– განაცხადა ნიკა მელიამ.
    ნიკა მელიას განცხადებები გადაცემის წამყვანების მიერ ნაციონალურ მოძრობაში დაპირისპირების დასაწყისად შეფასდა.
  • ზუგდიდში 54,08 %-ით გეგა შენგელიამ გაიმარჯვა, მარნეულში კი ჩვენმა კანდიდატმა 78.75 % მიიღო-ირაკლი კობახიძე

    ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

    „ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება უკვე  კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ, მეორე არის მარნეულ,სადაც  დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალის მაჩვენებელია“,- განაცხადა კობახიძემ.

  • 23 უბნიდან 12 უბანში გამარჯვებულია შალვა შავგულიძე – ბაქრაძე

    23 უბნიდან 12 უბანში გამარჯვებულია შალვა შავგულიძე – ამის შესახებ „ევროპული საქართველო “ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, მთაწმინდაზე დადასტურებულად მეორე ტური გაიმართება, რადგან დათვლილია 23 უბნის მონაცემები და 12-ში შავგულიძე ლიდერობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო

    “შედეგები უჩვენებს, რომ ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მხარდაჭერის გაზრდის პოტენცია ოპოზიციის კანდიდატს გააჩნია. ჩვენ გვაქვს სერიოზული შანსი მეორე ტურში. მივმართავ მთაწმინდელ ამომრჩეველს, ცოტა მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ მეორე ტურისთვის,” – აღნიშნა შავგულიძემ.

  • “თბილისში გვექნება მეორე ტური”- მამუკა ბახტაძის ბრიფინგი

    პრემიერმა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველგან მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ, ბახტაძე მეორე ტურს მხოლოდ თბილისში ვარაუდობს. 

    „მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში“,

    სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მხრიდან, ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა, აქედან გამომდინარე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მივცეთ კომისიას საშუალება მშვიდ გარემოში დაასრულოს თავისი საქმიანობა, იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები, რაც შეეხება თბილისს აქ ჩვენ გვექნება მეორე ტური”-განაცხადა მამუკა  ბახტაძემ.

  • “გადაწყვიტეს, თავზე გადაიხიონ კონსტიტუცია ” – გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებაზე

    გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „კვირის „აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა. 

    ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლება გააფორმებს იმ შედეგს, რომ ზუგდიდში არჩევნებს დიდი სხვაობით პირველ ტურში მოიგებს, ეს იქნება ტოტალური გაყალბება.

    „ეტყობა გადაწყვიტეს, საერთოდ თავზე გადაიხიონ საარჩევნო კანონმდებლობა, კონსტიტუცია. ძალიან ცუდად მთავრდება ეს ყველაფერი. მოთმინების ფიალა ხალხს ავსებული აქვს. სრული შთაბეჭდილება მაქვს, რომ გაუგებარმა ძალამ 2018 წელს დამაბრუნა და ისევ იმ ატრაქციონს ვუყურებ, რომელსაც ე.წ. „ქართული ოცნება“ არჩევნებს უწოდებს. ეს არის კორუმპირებული ჩინოვნიკების, პოლიციის კორუმპირებული ნაწილის და კრიმინალების შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ფარსს არჩევნებს ვერ დაუძახებ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.