Category: არქივი

  • სუს-მა გარიგებული მატჩების ბრალდებით 11 ფეხბურთელი დააკავა (ვიდეო)

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

    დაკავებულები არიან საფეხბურთო კლუბ ”ვიტ ჯორჯიას”, ”ჭიათურას”, ”ლანჩხუთის გურიის” მოქმედი ფეხბურთელები და ასევე 3 ყოფილი ფეხბურთელი. 

    გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავეები წინასწარ უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

    გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    ამის შესახებ სუს-ის ოფიციალური საიტი იუწყება და ვიდეოსაც ავრცელებს.

  • “საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი”-სანდრა რულოვსი

    “საპროტესტო ტალღით ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი”- “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის შტაბში შეკრებილ ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა, რომ ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადება. 

    “გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით – ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე.

    მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, – განაცხადა რულოვსმა.

  • “ლიბერასტები ვერ გაგვაჩუმებენ”- ულტრა-ნაციონალისტური ქართული გვერდები ფეისბუქმა დაბლოკა

    17 მაისს ფეისბუქმა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” ავრცელებს. 

    გვერდები, რომლებიც ანტიდასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე პოსტებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში  17 მაისს დაიბლოკა. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. 

    გვერდების გარდა დაიბლოკა დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ფეისბუქ ანგარიშიც.

    ბექა ვარდოსანიძე, მოგვიანებით, ბექა ოპიზარის სახელით დარეგისტრირდა და  აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. 

    ულტრა-ნაციონალისტები აცხადებენ ,რომ გვერდების გაუქმება ლიბერალების მორიგი შეტევაა.

  • უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა რადა ინაუგურაციის დროს დაითხოვა

    უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი რადას დათხოვნის  შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ  ფიცის დადო და განაცხადა:  

    “მე ვითხოვ  უმაღლეს რადას, დიდება უკრაინას.”

    ფიცის დადების ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას  სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ,  მათ შორის იყო  საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.  ინაუგურაციის სტუმრებს შორისიყვნენ ყოფილი პრეზიდენტები  პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშჩენკოც იყვნენ.

  • მეორე ტურის გამართვისთვის, ბოლო ვადა 13 ივნისია

    არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 13 ივნისია. მეორე ტური  თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    მიქელაძის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

    „კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, მეორე ტურის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 13 ივნისის შემდეგ არჩევნების მეორე ტური  ვეღარ ჩატარდება“, – განაცხადა მიქელაძემ.

  • გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს

    გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.მოზარდს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

    შსს-ს ინფორმაციით,  ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

    საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამაკაცს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან  გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განცხადება ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK“-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.

    2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
    ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”-ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • “შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია”-კალაძე

    “შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, – ეს განცხადება  თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

    “გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი რაზეც დგას დღეს “ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ რომ გუშინ ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.ასევე მიმდინარეობდა საკრებულოს შუალედური არჩევნები რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.  მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.

    ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, ყველა  მუნიციპალიტეტში„ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

    ზუგდიდში – ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო, მარნეულში – “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% , “გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევმა 11,49%-ით ხოლო “ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო, ზესტაფონში -ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო,მეორე ადგილს “გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% – ით იკავებს,ხოლო “თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია 5,81% მოიპოვა , ჭიათურა – პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს, ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26% , ხულო – “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 %, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 % მიიღო.

    მეორე ტური მხოლოდ  მთაწმინდის ოლქში გაიმართება.ცესკოს მონაცემებით,  მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი  ხმების 36,83% მიიღო.